"საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნია დეტალურად იცოდეს, თუ რა მოხდა სხვის თეთრეულზე"

90-იანი წლებია, გორის მესამე საშუალო სკოლაში ვსწავლობ. ქართულის გაკვეთილი ფანჯრის მსხვრევის, ყვირილის ხმამ ჩაშალა. ყველანი იქითკენ გავიქეცით, საიდანაც ხმაური ისმოდა. აღმოჩნდა, რომ უფროსკლასელი, 14 წლის გოგონა დანით შეიარაღებულმა ბიჭებმა გაიტაცეს. შეყვარებული ბიჭი ,,ძმაკაცებთან“ ერთად შევარდა საკლასო ოთახში გაკვეთილზე, ერთ-ერთმა ბიჭმა მასწავლებელს დანა მიადო, დანარჩენმა გოგონა, რომელიც ბოლო ხმაზე ყვირილით დახმარებას ითხოვდა, ძალით გამოათრიეს ოთახიდან, მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს.

აი, აქედან იწყება ჩემი ფემინისტური მგრძნობელობა, მერვე კლასიდან. რა თქმა უნდა, ჩემს იდეოლოგიურ იდენტობას იმ დროს სიტყვა ფემინიზმით არ მოვიხსენიებდი.

მაშინ არ ვიცოდი, 90-იან წლების თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში რა ხდებოდა, მაგრამ ქორწინების მიზნით სრულწლოვანი/არასრულწლოვანი გოგონას/ქალის მოტაცება გორში იმ დროს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო (უნდა ვთქვა ის, რომ დღეისათვის მოტაცება ასეთი ხშირი არ არის). იმდენად ხშირი, რომ არ დაგიმალავთ, ასეთ ამბებს განსაკუთრებული პროტესტის გარეშე არ ვხვდებოდი. თუმცა, ჩემი სკოლიდან უფროსკლასელი მოსწავლე გოგონას მოტაცებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, ცინიზმის მასშტაბების გამო: ძალადობა ხდება დღისით, საკლასო ოთახში მასწავლებლის და უამრავი მოსწავლის თანდასწრებით. ყველა უძლური აღმოჩნდა დახმარებოდა გოგონას, რომელიც შველას ითხოვდა. გამტაცებელს შეეძლო ყოფილიყო მშვიდად, ის ხომ გორის გამგეობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილი იყო, მას პასუხს არავინ არ მოსთხოვდა არც უმწეო ბავშვის მიმართ ძალადობაზე, არც იმაზე, რომ მისი ქმედების გამო მასწავლებელი შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. გარეთ 90-იანი წლები იდგა, განუკითხაობის, ,,დიდი მამიკოების ეპოქა,“ რაც არა მხოლოდ ძალადობის, არამედ მკვლელობისთვისაც კი იმუნიტეტს წარმოადგენდა იმ დროში.

ამ ისტორიასაც სტანდარტული დასასრული ჰქონდა. გოგონა მშობლებმა უკან არ მიიღეს, მასწავლებელსაც ,,ჭკუა ეყო“ არ დაპირისპირებოდა გამგეობის მაღალჩინოსნის ოჯახს. მეცხრე კლასელი გოგონას მოვალეობა კი განათლების და, შესაბამისად, პიროვნული განვითარების ნაცვლად, ნაადრევად ოჯახური მოვალეობის ტვირთის ტარება გახდა.

წლები გავიდა, სანამ პირველად გავიაზრე თუ რამდენად უძლურია მოტაცებული ქალი მოძალადის წინაშე. ფიზიკურთან ერთად ამ დროს ქალზე სექსუალურადაც ძალადობენ. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქორწინების გარეშე ქალწულობის დაკარგვა სტიგმაა. მოტაცებულ მსხვერპლს ამ დროს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს: მთელი დარჩენილი ცხოვრება მოძალადესთან ერთად გაატაროს ან იცხოვროს სიძულვილით გაჟღენთილ გარემოში, სადაც მას მხოლოდ იმის გამო კიცხავენ, რომ ქორწინების გარეშე დაერღვა საქალწულე აპკის მთლიანობა.

ქალის ადგილს ჩვენს საზოგადოებაში მისი პიროვნული, ან თუნდაც პროფესიული ღირსებები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის ფაქტი, მიიტანა თუ არა საკუთარი ქალწულობა ქორწინების პირველ ღამეს სარეცელთან. ამ ფაქტის სიმართლეში ოდნავი ეჭვიც კი ხდება ქალზე უსასტიკესი ძალადობის, მისი საზოგადოებიდან გარიყვის, პერმანენტული სტრესის მიზეზი. (მაგალითისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო). ,,ქალიშვილობა“ ქალის დამორჩილების, მასზე ძალადობის იარაღია. ქალზე ძალადობს არა მხოლოდ ოჯახი, არამედ მთელი საზოგადოება, რომელსაც რატომღაც საკუთარი ლეგიტიმური ინტერესის საგნად მიაჩნია, დეტალურად იცოდეს ის, თუ რა მოხდა სხვის თეთრეულზე.

მე ვთვლი, რომ გენდერული თანასწორობის უპირველესი გამოწვევა სწორედ ,,ქალიშვილობის ინსტიტუტია“. დროა, ჩვენმა საზოგადოებამ, პირველ რიგში კი, მამაკაცებმა, უარი უთხრან ამ არქაულ გადმონაშთს, რომელიც დღესაც ანგრევს ბევრი ქალის ცხოვრებას.