გენდერული კვოტა უკეთესი პოლიტიკისთვის

გენდერული კვოტა უკეთესი პოლიტიკისთვის

თეონა ყუფუნია. Creator: NDI. All rights reserved.

ჩვენი პარტიის კვოტირების პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც კაცების და ქალების ურთიერთმონაცვლეობა ყველა პარტიულ სიაში სავალდებულოა, არაფორმალურად ცნობილია, როგორც საშუალო შესაძლებლობების მამაკაცის კრიზისი...“
ინგერ სეგელსტრომი
 

2014 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქალთა მდგომარეობის  გააზრებისა და მათი უფლებებისთვის ბრძოლის დაწყების თვალსაზრისით. გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყნისთვის ერთ–ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ასევე გამოწვევად რჩება ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხოლოდ 18 ქალით არის წარმოდგენილი პარლამენტში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობების 2083 წევრიდან მხოლოდ 242–ია ქალი.[1] განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი პოლიტიკოსების ოთახებს და ტრენინგების დღის წესრიგს გასცდა და ქალთა საკითხებზე მიმდინარე დისკუსიების დიდი ნაწილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო და ღია განხილვის საგანი გახდა! ეს კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებამ დაინახა ქვეყანაში ის ვაკუუმი, რაც გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა დონეზე ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით არსებობს. იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკაში გენდერული კვოტების არსებობის აუცილებლობაზე გამუდმებით ვსაუბრობთ, სწორედ არსებული ვაკუუმის შევსების მცდელობა გვამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვოტა დროებითი ზომაა, ის ამჟამინდელი უთანასწორობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ერთ–ერთი ნაბიჯი იქნება და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის საქართველოს მოსახლეობის თითქმის 52 %-ის სათანადოდ წარმოდგენას შეუწყობს ხელს.

უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ კვოტა ფართო ფორმულის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ გენდერული კვოტების დაწესებით ვერ დადგება ის შედეგი, რაზეც ეს ინსტრუმენტია ორიენტირებული. თუმცა, კვოტა, როგორც დროებითი ზომა, მსოფლიოს 100–დე ქვეყნის პოლიტიკური პარტიისა და ეროვნული კანონმდებლობის მიერ არის მიღებული და ადაპტირებული. თითოეული ქვეყნის გამოცდილება კვოტასთან მიმართებაში  ინდივიდუალურია და არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: მათ შორის, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, ინსტიტუციურ განვითარებასა და პოლიტიკურ ნებაზე. ამგვარად, იმის მიხედვით, თუ სად, როგორ და რა პოლიტიკურ გარემოში ხდება კვოტის მიღება და იმპლემენტაცია, კვოტას, შესაძლოა, ჰქონდეს როგორც პოზიტიური, ისე შერეული ან უარყოფითი გავლენა ქალების  წარმომადგენლობაზე და, შესაბამისად, პოლიტიკის ხარისხზე. მაგალითად, ბოლივიაში პოლიტიკური პარტიები იქამდე მივიდნენ, რომ პარტიულ სიაში კაც კანდიდატებს სახელები შეუცვალეს და ქალის სახელები დაარქვეს კანონით დადგენილი 30%–იანი კვოტისთვის რომ გვერდი აევლოთ[2]. ეს და მსგავსი მაგალითები, რომლებიც არ მიესადაგება საქართველოს თუნდაც გეოგრაფიული, კულტურული და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არ ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია. როგორც წესი, ასეთი შედარებები ანალიზს მოკლებულია და უბრალოდ კვოტირების იდეის უსაფუძვლოდ უკუგდებას წარმოადგენს.

მეტი ქალი პოლიტიკაში?

თუკი ქალების წარმომადგენლობის გასაზრდელად სახელმწიფოს ჩარევაზე ვმსჯელობთ,  აღსანიშნავია, რომ ასეთი მაგალითი საქართველოში უკვე არსებობს. ეს არის 30%-იანი ფინანსური წახალისება იმ პარტიებისთვის, რომლებიც პარტიის ყოველ ათეულში 30% განსხვავებული სქესის ნომინირებაც მოახდენენ. აღსანიშნავია, რომ კვოტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი  მსგავს ჩარევას რატომღაც ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს.

და მაინც, რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში? სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების საქმიანობის გამოცდილება ადასტურებს, რომ პარლამენტში ქალთა პროცენტულ რაოდენობას გავლენა აქვს საკანონმდებლო პროცესზე. როდესაც პოლიტიკის განსაზღვრის და ფორმირების პროცესში ქალები არიან ჩართულნი, ეს პირდაპირ აისახება იმ საკითხების გააქტიურებაზე, რასაც შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო მამაკაცები პრიორიტეტად არ/ვერ აქცევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკის ფორმირების პროცესში ინფორმირებული მონაწილეობა და განსხვავებული პერსპექტივებისა და გამოცდილებების სინთეზი, რასაც საბოლოოდ სწორედ შინაარსზე აქვს გავლენა. ასე მაგალითად, პარლამენტში ქალთა 20%-იანი წარმომადგენლობისას კანონმდებლები სერიოზულად იწყებენ იმ კანონპროექტებზე მუშაობას, რომლებიც ბავშვთა ინტერესებს ეხება; 30%-იანი წარმომადგენლობის შემთხვევაში, განიხილება და მიიღება ის კანონები და სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ქალთა ინტერესებიდან გამომდინარეობს;
ხოლო 40-50%-იანი წარმომადგენლობის დროს მიიღება მაღალი პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას[3].

ქართულ კონტექსტში  გვჭირდება სისტემა, სადაც ქალს ექნება შანსი, დაწინაურდეს და პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობა უფრო მრავალფეროვანი გახადოს. დღეისათვის არსებული სისტემური ბარიერები მხოლოდ ერთეული ქალებისთვის ხდის შესაძლებელს პოლიტიკაში მოხვედრას. ამის შედეგი ხშირად ისაა, რომ პოლიტიკაში მოხვედრილი ქალები აღარ ახდენენ იდენტიფიცირებას ქალებთან, როგორც ჯგუფთან. ქალი წარმომადგენლების მიერ ქალების ინტერესების დაცვა კვოტირების გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ამ გამოწვევის პასუხი სწორედ სისტემის ცვლილებაა - სისტემამ უნდა შეუწყოს ხელი მეტი ქალის მოსვლას, და ამავდროულად, სისტემამ უნდა წაახალისოს ის ქალები, რომლებსაც ცვლილების მოხდენა სურთ. ასეთი ქალების გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ყოფნა გააუმჯობესებს წარმოდგენებს ლიდერი ქალის შესახებ, მეტი ქალისთვის გახდება სამაგალითო და ეტაპობრივად, ქალების წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად კვოტირების საჭიროება მოიხსნება კიდეც.  

ზემოთხსენებული სისტემური ბარიერების დასაძლევად ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც გენდერული კვოტების  საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას ისახავს მიზნად. ინიციატივა არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთის 50%–იანი გენდერული კვოტის დაწესებას გულისხმობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 150 საპარლამენტო მანდატი თანაბრად გაიყოფა ქალებზე და კაცებზე: 50%–იანი კვოტა არ ნიშნავს 75 ქალს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისგან შედგება. სავალდებულო კვოტა კი მხოლოდ პროპორციულ სიაზე ვრცელდება. შესაბამისად 50%–იანი კვოტა უდრის დაახლოებით 38 დეპუტატ ქალს 150 წევრიანი პარლამენტიდან.

იმ რეალობაში, სადაც მამაკაცური პრივილეგია საკმარის ნიადაგს წარმოადგენს პოლიტიკაში მოსახვედრად, გენდერული კვოტის დაწესება აამაღლებს პოლიტიკის ხარისხს, რადგან არაერთ საშუალო შესაძლებლობების კაცს მოუწევს თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა.

მოსახლეობას სურს, იხილოს მეტი ქალი პოლიტიკაში

როდესაც კვოტირებაზე, როგორც ინსტრუმენტზე ვმსჯელობთ,  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოქალაქეებში იზრდება მოთხოვნა, იხილონ ქალების უკეთესი წარმომადგენლობა პოლიტიკაში. მაგალითად: NDI–ის 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა პარლამენტში არსებული გენდერული გადანაწილების შესახებ და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის (56%) 17 ქალი პარლამენტარი ძალიან ცოტაა (კვლევის მომენტისთვის პარლამენტში 17 ქალი იყო).

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2014. Creator: NDI. All rights reserved.

უფრო მეტიც, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სურს, მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში და ფიქრობს, რომ პარლამენტში ქალი დეპუტატების რიცხვის გაზრდა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე[4]. NDI–ის კვლევის მიხედვით, სავალდებულო გენდერული კვოტის იდეამ საზოგადოების დიდ ნაწილში მხარდაჭრა ჰპოვა - საქართველოს მოსახლეობის 68% მხარს უჭერს გენდერულ კვოტას. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია იმ რესპონდენტებს შორის, ვინც აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს მომავალ არჩევნებში – მათი რაოდენობა 72%–ს შეადგენს[5].

მაშასადამე, ადგილზეა ორი რეალობა: ერთი მხრივ, უსამართლობა – საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის (ქალების) ხმა სათანადოდ არ არის წარმოდგენილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში; და  მეორე მხრივ, საზოგადოებას სურს, დაიძლიოს ეს უსამართლობა და უფრო მეტი ქალი მონაწილეობდეს პოლიტიკაში.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, 2014 წელს გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები ეროვნული  მნიშვნელობის საკითხი გახდა. საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობა პირდაპირ კავშირშია ქალთა უფლებების ყოველმხრივ დაცვასთან.  ამომრჩეველს სურს, მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში და ამის მისაღწევად ემხრობა დროებით ზომებს – კვოტებს. ვფიქრობ, ეს უდიდესი პროგრესის მაჩვენებელია.  ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს არსებული მუხტის და სოლიდარობის განცდის შენარჩუნებას. ასევე დისკუსიების და დებატების გაგრძელებას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული. სამოქალაქო საზოგადოება, ქალთა მოძრაობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი და ყველა ის ორგანიზაცია თუ ინდივიდი, ვინც წლებია, საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის მუშაობს, ვალდებულია, ხელიდან არ გაუშვას ეს მომენტი, როდესაც არსებული უსამართლობის შეცვლა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება საზოგადოების დაკვეთაა. უნდა ვეცადოთ,  პოლიტიკურად რთული იყოს ამ მოცემულობის იგნორირება და ამომრჩევლის სურვილის უგულებელყოფა, რადგან სწორედ ამომრჩეველის სურს იხილოს პროგრესი და მეტი თანასწორობა.

 

შენიშვნები:

 

[3]„გენდერული კვოტა, როგორც პოლიტიკურ ცხვოვრებაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ერთ–ერთი მექანიზმი“, 2014 წელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

Related Content

  • რად გვინდა ქალი პოლიტიკოსები, როცა გვყავს პოლიტიკოსები?!

    ცხადია, კითხვის ასე დასმა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის პრობლემის უტრირებაა, თუმცა, ირონია აუცილებლად გვჭირდება მაშინ, როდესაც 2014 წელს ისევ გვიწევს იმის მტკიცება, რომ დემოკრატია ვერ შედგება, თუკი ქალები პოლიტიკის მიღმა დარჩებიან.

    ავტორი ეთუნა ნოღაიდელი
  • ქალები პოლიტიკაში: კვოტებით თუ მის გარეშე?

    “პოლიტიკა ბინძური საქმეა” - ხშირად მოისმენთ საქართველოში, ასევე გაიგონებთ იმასაც, რომ „პოლიტიკა ქალის საქმე არ არის”, და ეს ორი მსჯელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ერთი მხრივ, ფსევდო-ზრუნვა ქალებზე, მეორე მხრივ, პოლიტიკაში კონკრეტული ადამიანების წვლილის დაკნინება, თითქოს პოლიტიკა თავისთავად იყოს „ბინძური,” კორუმპირებული, უპრინციპო.

    ავტორი ბაია პატარაია

ახალი კომენტარის დამატება