რად გვინდა ქალი პოლიტიკოსები, როცა გვყავს პოლიტიკოსები?!

Teaser Image Caption
In the photo: Founding Congress of the Georgian Democratic Republic

ცხადია, კითხვის ასე დასმა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის პრობლემის უტრირებაა, თუმცა, ირონია აუცილებლად გვჭირდება მაშინ, როდესაც 2014 წელს ისევ გვიწევს იმის მტკიცება, რომ დემოკრატია ვერ შედგება, თუკი ქალები პოლიტიკის მიღმა დარჩებიან. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალები ადგილობრივ დონეზეც კვლავ უკიდურეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს ფაქტი არც საზოგადოებაში და არც პოლიტიკურ წრეებში მაინცდამაინც არავის აშფოთებს.

არჩევნების ორი ტურის წინასწარი მონაცემების შეჯერების შემდეგ უკვე ცნობილია, რომ ქალი მერი არცერთ ქალაქს არ ყავს; მხოლოდ თიანეთს ეყოლება ქალი გამგებელი. თავის მხრივ, საკრებულოებიც ვერ დაიკვეხნიან ქალთა მაღალი წარმომადგენლობით - ადგილობრივ თვითმმართველობებში პროცენტული მაჩვენებელი  ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 11.9%-ს შეადგენს.

ამ არჩევნებში ახალი ისაა, რომ ამჯერად ქალების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ იმდენი დაიწერა, რომ ერთგვარი გამოწვევაც კია ამ თემაზე ახალი აქცენტების დასმა. თუმცა, თუ ფემინისტი და განმანათლებელი კატო მიქელაძის[1] მიერ 1917-18 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს გადავხედავთ, საინტერესო იქნება შედარება იმისა, თუ რა საკითხებს აყენებდა ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი პირველი რესპუბლიკის შექმნის წინ, და  დაკარგეს თუ არა ამ საკითხებმა აქტუალობა თითქმის მთელი საუკუნის შემდეგ.

 

ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ერთი საუკუნის წინ და  დღეს

 

#11, ივნისი, 1917

ქალაქის არჩევნები

 

…ჩვენი მოურწყველი და დაუგველი ქუჩების სიბინძურე,  რომელსაც ეგრე უხვათ პირში გვაყრის ხოლმე ქუთაისის ხშირი სტუმარი ქარი, წარმოადგენს ერთს უსაშიშროეს მტერს მცხოვრებელთა ტანმრთელობისათვის. დღევანდელი აუტანელი სიძვირე, რომლის წინააღმდეგ არავითარი ზომები არ არის მიღებული, მთელი თავისი სიმძიმით თავს აწევს ღარიბ დედაკაცებს. ოჯახის მოთხოვნილება მჭიდროდ გადაბმულია ქალაქის წესრიგზე, ოჯახის მართვა-გამგეობა კი დედაკაცის ხელშია. აქედან, ცხადია, საჭიროება ქალთა თვითმმართველობაში ჩარევისა“.

თუ რომ მამაკაცები, ჩვეულებრივად, ამ შემთხვევაშიც გვიპასუხებენ, რომ მათ მომზადებული ქალი არ ჰყავთ, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო მოუწოდებს კლუბის წევრებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, გამოსახატავათ იმ პროტესტისა, რომელსაც ჩვენი პარტიული ამხანაგნი მამაკაცები ღირსეულად დაიმსახურებენ. არც ერთს არსებულ პარტიას არ შეეძლება ჩვენს წინაშე თავის გამართლება და იმის დამტკიცება, რომ მათ ერთი მომზადებული ქალი არ ჰყავდეს.

სრული წერილის წაკითხვა

 

ამ წერილში ორი მნიშვნელოვანი საკითხია წამოჭრილი: 1. თვითმმართველობაში ქალების ჩართვის აუცილებლობა. ერთ-ერთ არგუმენტად ავტორს მოყავს ქალისა და მამაკაცის როლების მრავალსაუკუნოვანი გამიჯვნა, რის შედეგადაც სოციალური საკითხები ქალს უფრო მეტად აწუხებს; 2. კვალიფიციური ქალების არსებობა და მათი არაღიარება მამაკაცი კოლეგების მხრიდან.

2014 წელს ორივე საკითხი ისეთივე აქტუალობას ავლენს თანამედროვე კონტექსტში, როგორც ეს 1917 წელს იყო. დღესაც, საჭიროა უკვე საუკუნის წინანდელი არგუმენტებით იმის მტკიცება, რომ ქალების სრულფასოვანი წარმომადგენლობა პოლიტიკაში მრავალ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს წამოწევს წინ, და ამას არაერთი ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს.

რაც შეეხება „მომზადებული ქალების არარსებობას“, ეს არგუმენტი კვლავაც ხმამაღლა ჟღერს. თუმცა, კვლევები აჩვენებს[2], რომ ქართულ პარტიებში ე.წ. „შავ სამუშაოს“ ქალები ასრულებენ, გადაწვეტილების მიმღებ პოზიციებზე კი მათი დაწინაურება არ ხდება. ამ დაბრკოლებას, რომელიც ქალებს მხოლოდ გენდერული ნიშნით ექმნებათ, „შუშის ჭერს“ უწოდებენ (glass ceiling). „შუშის ჭერი“ იმ უხილავ ბარიერებს გულისხმობს, რომლებიც ქალებს კარიერულ წინსვლაში წინ ეღობებათ და სრულფასოვან პროფესიულ განვითარებაშიც უშლით ხელს.

 

#27, ოქტომბერი, 1917
ქალი
და დამფუძნებელი კრება

 „იმ ქვეყნებში, სადაც ქალები იღებენ მონაწილეობას კანონმდებლობაში (ავსტრალია, ზელანდია, ნოვეგია) დიდი სარგებლობა მოუტანეს მუშათა საკითხის გადაჭრას, ბავშების აღზრდას, დიდი ბრძოლა გაუწიეს ყოველგვარ უზნეობას, შეამცირეს ლოთობა, უზრუნველყვეს სიბერე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყოველ პარტიამ, ვინც სცნობს ქალთა თანასწორობას საქმით და არა სიტყვით, გაიყვანოს ქალები (...)“.

სრული წერილის წაკითხვა

 

ამ ფრაგმენტში კატო მიქელაძე ისევ სოციალური საკითხების წინ წამოწევას უსვამს ხაზს. ამავე დროს, საგულისხმოა ნორვეგიის მაგალითის ხსენება. ნორვეგია საუკუნის დასაწყისშიც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით, და შემდგომი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად იქ 1975 წლისთვის ქალები 25%-მდე იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.  თუმცა, სწორედ 1975 წელს ნორვეგიამ 40%-იანი კვოტირების სისტემა შემოიღო. ამ მაგალითს მალევე მიბაძა დანიამ და შვედეთმა.

წარმომადგენლობით ორგანოებში ქალების წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფი კვოტირების იდეა უკიდურესად არაპოპულარულია საქართველოში დღესაც. კატო მიქელაძის მიერ 1917 წელს მაგალითად მოყვანილი ქვეყნის გამოცდილებას საქართველოში დღემდე უგულებელყოფენ.

 

#32, დეკემბერი, 1917
ჩვენ და ეროვნული  ყრილობა

არსებითად, ეს ყრილობა იყო არა ეროვნული, არამედ ვაჟური, სადაც თავი მოეყარათ საქართველოს სხვდასხვა კუთხის ვაჟებს, სადაც 5 ქალი ძლივს ერია. (...) 20 ნოემბერს, როდესაც ბატონმა ნოე ჟორდანიამ პოლიტიკურ შინაურ თვითმმართველობაზე მოხსენება წაიკითხა და აღიარა საქართველოს ტერიტორიალური ავტონომია, კრება 15 წუთით შესწყდა და თანაც გამოაცხადა, რომ, ვისაც სიტყვის თქმა სურდათ, ჩაწერილიყვნენ. ამდენს მომლოცველ და თანხმობის გამომცხადებელ მამაკაც ორატორებში ერთი ქალი აღმოჩნდა სიტყვის გამღები, რომელმაც წერილობით მიმართა მდივანს, რომ ჩაეწერათ იგი. მიუხედავათ ადრე განცხადებისა, ორატორთა სიაში იგი როგორღაც სულ ბოლო მოხვდა. ეს ქალი ვიყავ მე, კატო მიქელაძე, დელეგატი ქუთაისის ქალთა ინტერპარტიულ ორგანიზაციისა. ილაპარაკეს ათმა მამაკაცმა სტუმრებმა და პარტიის წევრებმა, რის შემდეგ სია დახურეს. მდივანმა მანიშნა, რომ სიტყვის თქმის უფლება მოსპობილი მაქვს.

ერთი მხრით, ქალთა მცირე რიცხოვანმა დელეგატებმა და მეორე მხრით, ქალთა უმეტყველობამ ამ დიდს ისტორიულ ყრილობაზე ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ეროვნულ საბჭოს არჩევის დროს ერთი ქალიც არ იყო დასახელებული, გარდა ქალბატონი მინადორა ტოროშელიძისა, რომელიც არჩეული იყო არა როგორც ქალთა წარმომადგენელი, არამედ როგორც ფრაქციის წევრი და ისიც უკანდიდატოთ.

სრული წერილის წაკითხვა

 

პირველი ციტატა საინტერესო ისტორიულ ფაქტს აღნიშნავს - მიუხედავად იმისა, რომ კატო მიქელაძე სხვებზე ადრე ჩაეწერა სიტყვით გამოსასვლელად, ის სიაში ბოლო აღმოჩნდა და ეროვნულ, ან როგორც კატო უწოდებს - „ვაჟურ“ ყრილობაზე მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. შესაძლებელია, დღეს ზუსტად ასეთი ფაქტები აღარ ხდებოდეს, მაგრამ პარტიულ სიებში ქალების “ჩაჩოჩება” და შესაბამისად, მათი მცირე რაოდენობით მოხვედრა წარმომადგენლობით ორგანოებში - დღესაც გავრცელებული პრაქტიკაა.

ზემოთ მოყვანილ მეორე ფრაგმენტში ავტორი აღნიშნავს, რომ ქალები არ დასახელდნენ ეროვნული საბჭოს არჩევის დროს. საბჭოში მოხვდა მინადორა ტოროშელიძე, რომელიც პარტიული სიით გავიდა.

თუ გადავხედავთ ქართულ პოლიტიკურ კულტურას, აშკარაა, რომ საქართველოში წარმოდგენილი იდეოლოგიური პლატფორმების მიუხედავად ზემოთ აღწერილი ტენდენცია შენარჩუნებულია. უაღრესად იშვიათია ქალების მაჟორიტარ კანდიდატად წამოყენება, რადგან მათ არც ე.წ. „პოლიტიკური ელიტების“ და არც ადგილობრივი საზოგადოების ან ინტერესთა ჯგუფების  მხარდაჭერა აქვთ. ამიტომ, დღესაც, ქალები წარმომადგენლობით ორგანოებში ძირითადად კვლავ პარტიული სიებით ხვდებიან. ამ სიებში მხოლოდ ერთეული ქალი კანდიდატების მოხვედრა კი იმის მიზეზია, რომ ისინი შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილები როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტში.

 

და მაინც - რად გვინდა ქალები, როცა გვყავს პოლიტიკოსები?!

ზემოთ უკვე ითქვა, რომ შიდაპარტიული სტრუქტურული ბარიერების გარდა, ქალ კანდიდატებს არც საზოგადოება წყალობს. რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევები, რომელებიც ამომრჩეველის განწყობას აკვირდება, აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ იმ ეტაპზე იმყოფება, სადაც მამაკაც კანდიდატს მეტი მხარდამჭერი ყავს; მათ შორის ქალებშიც.

სხვადასხვა ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ პრობლემის ეფექტურად მოგვარება მხოლოდ პოლიტიკურ ნებას შეუძლია. პოლიტიკური ნება კი მაშინ იქნება გამოხატული, თუკი გენდერული კვოტირება სავალდებულო გახდება. კვოტირება დროებით სავალდებულო ინსტრუმენტის შემოღებას გულისხმობს, რომლის მიხედვით ქალების ე.წ. კრიტიკული მასა, ანუ მინიმუმ 30% მოხვდება საკანონმდებლო ორგანოებში.

კვოტირების იდეა საქართველოს პარლამენტს პირველად 2002 წელს მიაწოდეს. ეს იყო სამგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. დოკუმენტი კომიტეტების დონეზე განიხილეს, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 2008 წელს „ქალთა კოალიციამ“ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი მოამზადა; მოგროვდა მოქალაქეების ხელმოწერები, თუმცა კანონპროექტი მაინც ვერ გასცდა საკომიტეტო განხილვებს. 2011 წელს კი პარლამენტმა შემოიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 20%-იანი კვოტის დაცვის შემთხვევაში პარტია 10%-იან დანამატს იღებდა დაფინანსებაზე. 2012 და 2014 არჩევნების შედეგების შემდეგ ნათელი ხდება, რომ აღნიშნულ წამახალისებელ ღონისძიებას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოაქვს.  თუმცა, სავალდებულო კვოტირება ჯერ კიდევ არ განიხილება პოლიტიკურ დღის წესრიგში.

რატომ ეშინიათ გენდერული კვოტირების შემოღების? არის თუ არა კვოტირება კვალიფიციური კაცების „დაჩაგვრა“ პოლიტიკაში არაკვალიფიციური ქალების მოსაყვანად? დროა, საკითხი ასე დაისვას - დღეს ხომ არ იჩაგრებიან კვალიფიციური ქალები არაკვალიფიციური კაცების სასარგებლოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან?

თელავში ბიოლის ფონდის საგანმანათლებლო სალექციო კურსის “ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?” ბოლო ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მამაკაცმა მონაწილემ, რომელიც თავადაც იყრიდა კენჭს საკრებულოში, აღნიშნა:

 

ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი კვოტირების იდეას, მაგრამ წელს პირველად ვიყრიდი კენჭს და რაც წინასაარჩევნოდ ვნახე, მივხვდი, რომ კვოტირება ერთადერთი გამოსავალია. სხვაგვარად არასოდეს მისცემენ ქალებს საშუალებას, მოვიდნენ პოლიტიკაში. ყველანაირ სამუშაოს ქალები ასრულებდნენ, და მათი ნაშრომი საბოლოოდ კაცებმა მიითვისეს. ასე გამოვიდა. ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა თელავის საკრებულოში. არადა, წინა საკრებულოში 3 ქალი იყო და ვწუწუნებდით".

 

დასკვნისთვის შეიძლება გავიხსენოთ რამდენი მამაკაცი დეპუტატი ყოფილა საქართველოს რვა მოწვევის პარლამენტში, რომელთა სახელი და საპარლამენტო მოღვაწეობა არ ახსოვს საზოგადოებას, რომლებიც წლების განმავლობაში იკავებენ ხალხის რჩეულის ადგილს პარლამენტში და არასოდეს მოუთხოვიათ სიტყვა? მაშინ კი, როდესაც ქალი პარლამენტარები საკანონმდებლო სივრცეში ისეთი საკითხების გამოტანას ცდილობენ, როგორიც ოჯახში ძალადობაა, მამაკაცი კოლეგები  მათ ინიციატივას ასე ეგებებიან:

                     

 

ეს ვიდეო პასუხია იმ მთავარი კითხვისა, რასაც კატო მიქელაძე სვამდა თითქმის ერთი საუკუნის წინ, და რაც დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში - დიახ, ბევრი ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში სწორედ იმიტომ, რომ მათ ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოყენების დროს მხარდაჭერა ჰქონდეთ და რეალური ცვლილებების განხორციელება შეძლონ. ერთი საუკუნე საკმარისი უნდა იყოს პროგრესული დასკვნების გამოსატანად.

 

 

 

 

შენიშვნები:


[1]1878-1942, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.  რამდენიმე წელი ცხოვრობდა პარიზში და საფუძვლიანად იცნობდა ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი “ქალთა ლიგა”. 1917-18 წლებში გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა”.

[2] ფონდი „ტასო“ (2010), „გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის ზრდით“, გვ.6