ფემინისტი აქტორების გაშუქება ქართულ მედიაში და მათი მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება

ქარდი: მედია ფემინისტ აქტორებს უფრო ნაკლებად აშუქებს, ვიდრე გენდერულ თემებს

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გენდერული პროგრამის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ფემინისტების გაძლიერება თბილისსა და რეგიონებში. რადგან ფემინისტური ღირებულებების გავრცელების პროცესში გადამწყვეტია მედიასთან თანამშრომლობა,  ფონდის დაკვეთით, ორგანიზაცია „WeResearch”-მა მოამზადა წინამდებარე დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ფემინისტების პერსპექტივიდან გაეანალიზებინა მედიასთან თანამშრომლობის გამოცდილება.  მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა ფემინისტების საჭიროებები მედიასთან თანამშრომლობის პროცესში და ამავდროულად, მოგროვდა საბაზისო მონაცემები მედიაში ფემინისტების გაშუქებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მონაცემებს დაეყრდნო ფონდის განახლებული გენდერული პროგრამა, რომელიც წინამდებარე დოკუმენტის მიხედვით გამოკვეთილ საჭიროებებს უპასუხებს.

კვლევის სანახავად დაწკაპეთ აქ.pdf

 

ძირითადი შედეგები

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავდა, დაკვირვებოდა გენდერული საკითხებისა და ფემინისტი აქტორების გაშუქებას ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში 2 თვის განმავლობაში, 15 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით; აგრეთვე, გამოევლინა  დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში არსებული მსგავსება/განსხვავებები ფემინისტი აქტორების მედიასთან თანამშრომლობის პროცესში და შეეფასებინა მედიასთან მათი ურთიერთობის გამოცდილება. დოკუმენტის მომზადების ფარგლებში, გაანალიზდა 6 სატელევიზიო, 7 ონლაინ და 4 ბეჭდური მედიაწყარო. გარდა ამისა, ჩატარდა 8 ინტერვიუ და 3 ფოკუს-ჯგუფი ფემინისტ აქტორებთან. მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი: 

გენდერული თემების გაშუქება მედიაში 2018 წლის 15 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით:

  • გენდერული საკითხების გაშუქება აღნიშნული 2 თვის განმავლობაში, მთლიან დროსთან მიმართებაში, 2-დან 7%-მდე მერყეობდა: ტელევიზია - 6%, ონლაინ მედია - 7%, ბეჭდური მედია - 2%;
  • ტელევიზიებმა ყველაზე მეტი დრო დაუთმეს გენდერული თანასწორობისა (16%) და სექსუალური შევიწროების (14%) თემების გაშუქებას, ყველაზე ნაკლები დრო კი ლგბტქ საკითხების გაშუქებას (2%) დაეთმო;
  • ონლაინ მედიასაშუალებებში, ყველაზე ხშირად გაშუქდა სექსუალური შევიწროება (29%), ოჯახში ძალადობა (18%) და გენდერული კვოტები და ქალები პოლიტიკაში (10%);
  • ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები, უმეტესწილად, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქტივობებსა (8 მარტი და/ან სხვა) და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავდა;
  • ფემინისტი აქტორების შეხედულებით გენდერის საკითხი მედიისთვის საინტერესო შეიძლება გახდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად სკანდალური, ტენდენციური და ადვილად დასამახსოვრებელია იგი;
  • ფემინისტი აქტორების შეფასებით, მედიის მიერ გაშუქებული გენდერთან დაკავშირებული თემები, ძირითადად, გენდერულად სტერეოტიპული, არასენსიტიური და ზედაპირულია.

ფემინისტი აქტორების გაშუქება მედიაში:

  • მედიაში ფემინისტი აქტორების გაშუქება, კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე გენდერული საკითხების გაშუქება. მაგალითად, დაკვირვების პერიოდში, გენდერის საკითხებისთვის დათმობილი დროის 11% დაეთმო ფემინისტი აქტორების გაშუქებას დაკვირვების ობიექტ ტელევიზიებში, რაც მთლიანი დროის 0.7%-ია;
  • ფემინისტი აქტორები თავად ნაკლებად ქმნიან მედიაპროდუქტს. ონლაინ მედიაში გენდერულ თემატიკაზე გამოქვეყნებული სტატიებიდან (501 სტატია) მხოლოდ 5-ის შემთხვევაში იყო სტატიის ავტორი თავად ფემინისტი აქტორი;
  • გაშუქებისას, მედიის ყურადღება ძირითადად დედაქალაქში მომუშავე ფემინისტ აქტორებს ეთმობათ. დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ რეგიონში მოქმედი აქტორების რეპრეზენტაცია საკმაოდ დაბალია როგორც ტელევიზიაში, ასევე ონლაინ და ბეჭდურ მედიაში. მაგალითად, ტელევიზიაში ფემინისტი აქტორებისთვის დათმობილი დროის მხოლოდ დაახლოებით 14% ეთმობა რეგიონში მოქმედი აქტორების გაშუქებას. ეს შედეგები მიგვანიშნებს, რომ ფემინისტი აქტორების რეპრეზენტაცია მედიაში საზოგადოებრივი სტრატიფიკაციით არის განპირობებული და ცენტრში (დედაქალქში) მცხოვრები, სოციალური კაპიტალის მქონე აქტორებს უფრო მეტად აქვთ ხმის გაჟღერების შესაძლებლობა;
  • ფოკუს-ჯგუფის შედეგების მიხედვით, აქტორების ხილვადობა მედიაში დამოკიდებულია რამდენიმე ისეთ ფაქტორზე, როგორიც არის ცნობადობა, გავლენიანობა და პირადი კონტაქტები.  

მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება:

  • მედიასა და ფემინისტ აქტორებს შორის უთანასწორო ძალაუფლებრივი მიმართებაა. რაც უფრო მეტი დაფარვა, გავლენა და შესაბამისად, ძალაუფლება აქვს ამა თუ იმ მედიას, მით უფრო რთულია ფემინისტი აქტორებისთვის მედიასთან თანამშრომლობის დამყარება. ​​​​

შესავალი

სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში შედარებით ახალი და არცთუ ფართოდ გავრცელებული ფენომენია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გაზრდილია წინააღმდეგობის გამოხატვის შემთხვევები, უფრო და უფრო მეტი საინიციატივო ჯგუფი გამოდის საზოგადოების სხვადასხვა ინტერესის დაცვის მოთხოვნით, იქნება ეს ეკოლოგიური საკითხები, ქალაქის ურბანული დაგეგმარება, ქალთა უფლებები თუ სხვა. წიგნში, „წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები“ (2017) ლელა რეხვიაშვილი საუბრობს, წინააღმდეგობის პოლიტიკის ცნებაზე, რაც გულისხმობს კოლექტიური, გაზიარებული წუხილის, კოლექტიური მობილიზებისა და კონკრეტულად სახელმწიფო, პოლიტიკურ სტრუქტურებზე მიმართული მობილიზების ფენომენს. ავტორის თქმით,  ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში წინააღმდეგობის „მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი კერები“ გაჩნდა, რასაც სამი ძირითადი მიზეზი აქვს: 1) ეკონომიკური განვითარების არადემოკრატიული და ექსპლუატაციური მოდელი;  2) რეჟიმის ფარდობითი გახსნილობა და პოლიტიკური შესაძლებლობების გაჩენა; და 3) წინააღმდეგობრივ პოლიტიკაში ჩართული ჯგუფების მიერ გაწეული მუშაობა, კოალიციების შექმნის მცდელობა, მობილიზაციის მდგრადობისკენ გადადგმული ნაბიჯები, მობილიზაციის შესახებ დროთა განმავლობაში დაგროვილი ცოდნა2.

დამოუკიდებელ საქართველოში ფემინისტური აქტივიზმის დასაწყისად 1990-იანი წლებია მიჩნეული. პუბლიკაციაში “ფემინისტური დიალოგი” (2017)  ფემინისტური აქტივიზმის სამი თაობაა აღწერილი. პირველი თაობის ფემინიზმი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო, როდესაც ქალთა პირველი ორგანიზაციები დაარსდა. მათი ძირითადი ძალისხმევა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შემოტანასა და დანერგვაზე იყო მიმართული. ავტორის თქმით, აქტივისტთა მეორე თაობა 2011 წლიდან აქტიურდება. ამ პერიოდში იქმნება აქტივისტების ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ შექმნან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დამოუკიდებელი ქალთა მოძრაობა და გარშემო იკრებენ უფრო ფართო და მრავალფეროვან საზოგადოებრივ ჯგუფებს. ფემინისტური აქტივიზმის ამ თაობის წარმომადგენლები გასცდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარჩოებს და “ქვემოდან” მოქმედება დაიწყეს. ხოლო აქტივიზმის ოფისებიდან საჯარო სივრცეებში (ქუჩებში) გადატანით, მათ პროტესტის ახალი ფორმები დანერგეს.  რაც შეეხება მესამე თაობას (2015 წლიდან), იგი გამოირჩევა ინტერსექციურობით და ამ შემთხვევაში, გენდერული ჩაგვრა განხილულია, როგორც ერთ-ერთი სახე, რომელიც ჩაგვრის სხვადასხვა ტიპთან იკვეთება. მიუხედავად არსებული სირთულეებისა და გამოწვევებისა, ფემინისტმა აქტორებმა შეძლეს, რომ ფემინიზმის ძირითადი იდეები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაეხადათ თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი3.

ფემინისტური ღირებულებების საზოგადოებამდე მიტანისა და გავრცელების პროცესში, გადამწყვეტია მედიის ჩართულობა. გარდა ამისა, მედია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტორს წარმოადგენს და გამორჩეული ადგილი უჭირავს საზოგადოების აზრის ფორმირებაში. საქართველოში არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომელიც მიმართულია გენდერული საკითხების სხვადასხვა მედიასაშუალებით გაშუქების შეფასებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ მედიის მიერ უმცირესობების ან მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქალთა გაშუქება, სტერეოტიპულია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ 2011-2012 და 2014-2015 წლებში ჩატარებული სატელევიზიო კვლევების მიხედვით, გენდერული საკითხების გაშუქება სტერეოტიპულად ხდება, როგორც გასართობ ტოქ შოუებსა და სხვა არაპოლიტიკურ გადაცემებში, ასევე, სატელევიზიო რეკლამებში. კერძოდ, მედიის განვითარების ფონდის მიერ 2012 წელს ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ ქალებსა და ქალთა საკითხებზე მომზადებული მედიამასალები არათუ ამცირებს, არამედ აძლიერებს გენდერულ სტერეოტიპებს.

სიტუაცია არ არის შეცვლილი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის  მიხედვითაც, სადაც ვკითხულობთ, რომ ტელეგადაცემებში გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქება არცთუ ხშირია და მათში გენდერული სტერეოტიპების გამყარება უფრო ხდება, ვიდრე სტერეოტიპების მსხვრევა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაში სტერეოტიპებისა და გენდერული დისკრიმინაციის შინაარსის შემცველი მოსაზრებების გავრცელების მთავარი წყარო თავად ჟურნალისტები/მედიის წარმომადგენლები (35%) არიან, რომელსაც მოსდევს საზოგადოების წევრები, სასულიერო პირები, პოლიტიკოსები და სხვა. ამასთან, იმავე კვლევის მიხედვით, სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ტირაჟირება ბეჭდურ მედიაში უფრო მეტად ხდება, ვიდრე ტელევიზიაში ან ონლაინ მედიაში.

სტერეოტიპული გაშუქების გარდა, სხვადასხვა დროს განხორციელებული მედიამონიტორინგის მიხედვით, მედიას, განსაკუთრებით კი ბეჭდურ მედიას, საკითხის ანალიტიკურად გაშუქების პრობლემაც უდგას. კერძოდ, 2011 წელს, გენდერული ძალადობის თემატიკაზე ჩატარებული ბეჭდური მედიის მონიტორინგის თანახმად, პრესაში ფაქტობრივად არ გვხვდება ანალიტიკური სტატიები აღნიშნულ საკითხზე. აქვე აღსანიშნავია, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მიხედვით განსაზღვრულია ნორმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს გენდერული საკითხების გაშუქება, თუმცა იგი ვრცელდება მხოლოდ სამაუწყებლო მედიაზე, ბეჭდური მედიისთვის კი მსგავსი ნორმები არ არსებობს  

როგორც ზემოთ აღინიშნა, არაერთი კვლევა ეთმობა მედიის გენდერულ ანალიზს. თუმცა, ეს კვლევები არ ამახვილებს ყურადღებას ფემინისტი აქტორების გაშუქებასა და მედიაში მათ წარმოჩენაზე.  წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ერთი მხრივ, ცალკეულ სატელევიზიო არხზე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ფემინისტი აქტორების გაშუქების შესწავლა, ხოლო მეორე მხრივ, ფემინისტი აქტორების მედიასთან თანამშრომლობის გამოცდილების შეფასება.

როგორც წესი, ფემინისტი აქტორების გაშუქება მედიაში ხდება გენდერის საკითხებთან მიმართებაში.  იმისათვის რომ შეგვესწავლა ფემინისტი აქტორების რეპრეზენტაცია მედიაში, პირველ რიგში, ვაკვირდებოდით, რამდენად ხშირად შუქდებოდა გენდერული საკითხები დაკვირვების პერიოდში. შესაბამისად, ამოცანები შემდეგნაირად ფორმულირდა:   

1.       ფემინისტი აქტორებისა და გენდერული საკითხების გაშუქება ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში;

2.       დედაქალაქსა და დანარჩენ ქალაქებში არსებული მსგავსება/განსხვავებები მედიასთან თანამშრომლობის პროცესში;

3.       საქართველოს ოთხ ქალაქში (თბილისი, თელავი, ქუთაისი, ოზურგეთი)  ფემინისტი აქტორების შესაძლებლობები, რესურსები და საჭიროებები მედიასთან თანამშრომლობის პროცესში.

 

ფემინისტი აქტორების გაშუქება მედიაში.pdf

 

 

 

 

Image removed.Image removed.