პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი - ერთი ნაბიჯი წინ თუ ორი უკან?

Animated image of women and men

28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ბევრი ნიშნის გამო აღმოჩნდა საყურადღებო. ამ არჩევნებმა შეძლო ზედაპირზე ამოეტანა და ხილული გაეხადა არსებული პოლიტიკური კრიზისი, მისი სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები. 

ბოლო წლების განმავლობაში ეს არის არჩევნები, რომელშიც ფაქტობრივად არ გამოჩენილა არც ერთი ახალი პოლიტიკური სუბიექტი და ძველმა პარტიებმაც თავის კანდიდატებად ძველი, “გამოცდილი” წევრები დააყენეს, რომლებმაც ვერ შეძლეს ამომრჩევლისთვის თვისობრივად ახალი პროგრამის, საკომუნიკაციო ენის ან სტილის შეთავაზება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანი და საჭიროა მოცემულობაში, სადაც ძალიან დაბალია არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი* და წინასაარჩევნო პერიოდში მაღალია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი.** გამოკითხვები, ამომრჩეველთა აქტიურობა და მათი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ აჩვენებს, რომ მოსახლეობას სჭირდება სიახლე, პოლიტიკოსებს კი ჯერაც უჭირთ დაინახონ საკუთარი ამომრჩევლის საჭიროებები და შეასრულონ მოსახლეობის მოთხოვნები. 

28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები საყურადღებოა იმის გამოც, რომ მასში მონაწილეობს ქალი კანდიდატი და ალბათობა იმის, რომ სწორედ ის გახდეს პრეზიდენტი, მაღალია. ეს ფაქტი იმ რეალობაში, სადაც ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობა დაბალია და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ბევრი გამოწვევა არსებობს, შესაძლოა კარგი მოცემულობა ყოფილიყო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. 

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებში ისე მონაწილეობს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს. მხარდაჭერა ისეთი ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ხიბლს უკარგავს დამოუკიდებელი კანდიდატის არსებობას არჩევნებში, აუფასურებს ამ ცნებას და ამომრჩეველს სამართლიანად უჩენს შეგრძნებას, რომ ეს დეფინიცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

დამოუკიდებელ კანდიდატად სახელდებულ სალომე ზურაბიშვილს სწირავენ თანხებს “ქართული ოცნების” მოქმედი პარლამენტარები, მის სარეკლამო რგოლებში ჩანან მმართველი პარტის ყველაზე გავლენიანი პირები, მოსახლეობასთან შეხვედრებში თან ახლავს ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატები  მმართველი პარტიიდან, იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ამომრჩევლის გულის მოსაგებად იბრძვის იმავე ხერხებით, რითიც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი: არ პასუხობს კრიტიკულ კითხვებს, ეჩხუბება ჟურნალისტებს, არ დადის შეხვედრებზე, სადაც შეიძლება დისკომფორტი შეექმნას, იძლევა პოპულისტურ დაპირებებს და ფიქრობს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი არა მათ სამსახურში, არამედ “მაინც უფრო ზემოთ უნდა იყოს.”

სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა ისეთივე მყიფეა, როგორც მოლოდინი, რომ  მისი პრეზიდენტობა შესაძლოა ქალების გაძლიერებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, ბიძგი ქალთა პოლიტიკური აქტიურობისთვის, მათი უფლებების დაცვისთვის. პრეზიდენტის შემცირებული უფლებამოსილების ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეუძლია მას გააკეთოს, სწორედ თანასწორობისთვის ბრძოლაა, თუმცა  წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვება უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქალი კანდიდატისთვის  ქალების საჭიროებები და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები ისეთივე რთულად გასაგები აღმოჩნდა, როგორც დამოუკიდებლობის დეფინიცია. 

  • სალომე ზურაბიშვილი არ დადის შეხვედრებზე, რომლებსაც ქალები აწყობენ ქალებისთვის მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ. 
  • ვერ ხედავს ბარიერებს, რომლებიც ქალებს აქვთ აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების გზაზე და თვლის რომ ქართულ პოლიტიკაში ცოტა ქალი იმის გამო გვყვავს, რომ თვითონ ქალებს მოსწონთ ასეთი მოცემულობა. 
  • სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქალთა საკითხებთან დაკავშირებით სრულიად გულგრილი და ზედაპირულია, თავისთვის სასარგებლოდ, ოპონენტების არგუმენტირებული კრიტიკის პასუხად ხშირად იყენებს არგუმენტად მის სქესს. მისი და მისი მხარდამჭერების თეორიით, თავს ესხმიან მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია . გენდერული საკითხების მიმართ არასენსიტიური პოლიტიკოსის მიერ  საკუთარი სქესის ამ კონტექსტში გამოყენება არასერიოზულს ხდის როგორც მის მსჯელობას, ასევე სხვა ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას. 
  • მის სქესს, როგორც ალიბს, იყენებენ მმართველი გუნდის წევრებიც, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ გუნდს ქალი პოლიტიკოსი არა რეალური პოლიტიკის წარმოებისთვის, არამედ “სილამაზისთვის” სურს და ეს დამოკიდებულება, ცხადია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალების გაძლიერებისა და რეპრეზენტაციისთვის ბრძოლაზე. მმართველი გუნდის წევრები არც თუ იშვიათად თვლიან, რომ პოლიტიკაში ქალებსა და კაცებს სხვადასხვანაირი ქცევა მოეთხოვებათ, ანუ ქალებს უფრო თავშეკავებული. 
  • ქალი კანდიდატიც და მისი მხარდამჭერებიც იკვებებიან და საზოგადოებასაც კვებავენ პატრიარქალური სისტემის ხატებით, წარმოდგენებით და სიმბოლოებით, სადაც ქალი მამაკაცებს მოწიწებით განაწყობს, შეიძლება მოუხდეს დღევანდელ რეალობას და კარგად ეხმაურება ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც. 
  • კამპანიის ნაწილად იყენებს “ოჯახსა და გვარიშვილობას”. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, ასევე მისი მხარდამჭერების აზრით, ბაბუას ღვაწლი ქვეყნის წინაშე შესაძლოა იყოს გარანტი იმის, რომ ათწლეულების შემდეგ მისი შვილიშვილი შეძლებს ქვეყნის მართვას.
  • პროგრამაში, რომლის ნახვის საშუალებაც დაინტერესებულ მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიეცა, ქალები და მათი უფლებების დაცვა დაახლოებით ისეა ნახსენები, როგორც ქართულ სუფრაზე, სადღეგრძელოებში. მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები… მისთვის უხილავია ლესბოსელი, ტრანსი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ემიგრანტი, ძალადობის მსხვერპლი ან სხვა ჯგუფს მიკუთვნებადი ქალები, რომლების უფლებების დაცვის სფეროშიც უამრავი გამოწვევა არსებობს და თუკი უმაღლესი იერარქი იქნება მათი უფლებებისთვის მებრძოლი, შედეგიც უფრო სწრაფი და ეფექტური შეიძლება ყოფილიყო. ქალების თემის მიმართ ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალშისაცემია დაპირებების ფართო ამპლიტუდის პირობებში, როცა საპრეზიდენტო კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში მზად დაიცვას აფხაზური ენა, მეგრულ ოდას მიანიჭოს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ააღორძინოს რელიგიური და ექსტრემალური ტურიზმი.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი თავისი “შინაარსით” არა მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატისა და ქალი პოლიტიკოსის ხიბლს აუფასურებს, ეჭვქვეშ აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებსაც. მთელი კამპანიის დროს ერთ-ერთი აქცენტი სწორედ მის ევროპასთან მტკიცე კავშირებზე კეთდება, თუმცა მისი ქცევა, გზავნილები და ამომრჩეველთან საკომუნიკაციო სტილი, განცხადებები ერთის მხრის იმის შესახებ, რომ დაძაბულობა და ბანაკებად დაყოფა უნდა დამთავრდეს და მეორე მხრივ, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება 10 წლის წინ მომხდარ ომში, სრულიად არ შეესაბამება ევროპელი პოლიტიკოსის “ფოტო-რობოტს”. 

ამგვარი ქალი კანდიდატი, თუკი ის პრეზიდენტიც გახდება, კიდევ უფრო გაართულებს საქართველოში ქალების ბრძოლას პოლიტიკაში მოსასვლელად, სხვა, თუნდაც ბევრად დამოუკიდებელ, კეთილი განრახვის მქონე და კომპეტენტურ ქალებს მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ ქალი პრეზიდენტისგან გამოწვეული  იმედგაცრუების გასაბათილებლად და ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში მეტ დემოკრატიას, მეტ მრავალფეროვნებას, მეტ მოკავშირეს ნიშავს. 

ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის ამგვარი ქალი პოლიტიკოსი, როგორიც მმართველი ძალის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ქალი კანდიდატია, თვისობრივ სიახლეს არ წარმოადგენს. 2012 წლიდან ამ დრომდე საქართველოს “ქართული ოცნება” მართავს და თუ ჩვენ გადავხედავთ მათ გუნდში არსებულ ქალებს, ადვილად შეგვიძლია დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ თეორია იმის შესახებ, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ადამიანის საჭიროებებზე მეტად მორგებულ პოლიტიკას ნიშნავს. მმართველი პარტიის წევრი ქალების საპარლამენტო საქმიანობა, განცხადებები ადამიანის უფლებების შესახებ და როლი პარტიაში, რომელიც რიგ შემთხვევაში თვალის ამხვევის ფუნქციის შეთავსებას გულისხმობს, აკნინებს იდეას, რასაც ქალების გაძლიერება, ქალების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ჰქვია. მასკულინურ საზოგადოებაში, სადაც მოსახლეობა უფრო მომთხოვნია ქალების, ვიდრე კაცების მიმართ და ეს მიდგომა პოლიტიკაშიც ამავე პრინციპით ფუნქციონირებს, ისეთი ქალების არჩევა და გამოყვანა პოლიტიკურ სარბიელზე, როგორსაც მმართველი პარტია გვთავაზობს, შეიძლება ითქვას, გეგმაზომიერად მავნებლურია და ეწინააღმდეგება როგორც ქალების გაძლიერებას, ასევე პოლიტიკური კულტურის ამაღლებას. 

* 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა იყო 45,65%, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 51,63%. 

** 2018 წელს NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. ამავე კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 43 % მასში მონაწილოებას არ მიიღებდა და 30%-მა არ იცის, ხმას ვის მისცემდა.