საჯარო დებატი: პირადი პოლიტიკურია - ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები

‘პირადი პოლიტიკურია’ - ფრაზა, რომელიც 1960-იანი წლების მიწურულიდან ფემინისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა, ხაზს უსვამს იმ კავშირს, რაც პირად გამოცდილებასა და ფართო სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის არსებობს. ფემინისტები ამ კავშირის ხასიათს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ და განსხვავებულად ხედავენ სასურველ პოლიტიკურ ქმედებებსაც, რომელიც მასზე დაფუძნებით უნდა დაისახოს.

მომხსენებლებმა, თამარ ცხადაძემ (ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ზარა ჰარუტუნიანმა (ფემინისტი აქტივისტი, სოციალურ-კულტურული პლატფორმა ‘კომუნა’) წარმოადგინეს ლიბერალური და რადიკალური ხედვები ორ პუბლიკაციაზე დაყრდნობით: ‘ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია’ და ‘ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა: ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში’.

დღეს, რადიკალურ მემარცხენე მოძრაობებში პოპულარულია ლიბერალური ღირებულებების იმგვარი კრიტიკა,  რომელიც ლიბერალიზმს ნეოლიბერალიზმის გაძლიერებასა და სოციალური უთანასწორობის პრობლემის მარგინალიზირებაში ადანაშაულებს. ასეთი კრიტიკა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ფემინისტური დღის წესრიგის განვითარებისთვის, მეორეს მხრივ შეიძლება წყალს ასხამდეს კონსერვატიული, ანტიგენდერული მოძრაობების წისქვილზე.

თავის მოხსენებაში თამარ ცხადაძე შეეხო საკითხებს:

► რა არის ის ლიბერალური ღირებულებები, რომლებიც ცენტრალურია ფემინისტური მოძრაობისათვის?

► რა ალტერნატიული ჩარჩოები არსებობს ანტიგენდერული მოძრაობების გააზრებისთვის და რა არის ამ ჩარჩოების იმპლიკაციები ფემინისტური მოძრაობისთვის?  

ზარა ჰარუტუნიანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ლიბერალური დღის წესრიგი და მასში თანასწორობის იდეის ცენტრალურობა. მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ კითხვებზე:

► რა არგუმენტებია ლიბერალური ფემინიზმის, იდენტობის პოლიტიკისა და მასთან ასოცირებულ სტრატეგიების კრიტიკისთვის?

► როგორია ალტერნატიული დღის წესრიგი რადიკალური პერსპექტივიდან?

ღონისძიების მოდერატორი: ეთუნა ნოღაიდელი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გენდერული პროგრამის კოორდინატორი.

 

 

პირადი პოლიტიკურია. ნაწილი 1 / Private is Political. Part 1 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube