ჩემი საკუთარი ფემინიზმი

სულ ადრე, მანამ, სანამ სიტყვა ფემინიზმს გავიგებდი და კიდევ უფრო ადრე, სანამ თანასწორობის იდეაზე დავფიქრდებოდი, ყველაზე მგრძნობიარე რამ, რაც მახსოვს და რაც ბავშვობაში გულს ყველაზე მეტად მტკენდა, უსამართლობის სხვადასხვა გამოვლინება იყო. ამ უსამართლობებს  ვამჩნევდი, ალბათ უფრო ვგრძნობდი იქ, სადაც ყოფნა მიწევდა - ეზოში, სკოლაში, სახლში, ქუჩაში... მაგალითად, რატომ თვლიდნენ ბავშვები, რომ თუ მსუქანი ვარ, „ორდროშობანა“ არ უნდა ვითამაშო, ან რატომ იყო „ქალაბიჭა“ მეზობელი გოგონა, თუკი სწრაფად დარბოდა და მას სახლობანას თამაშის დროს ახლოს რატომ არ იკარებდნენ, რატომ მკიცხავდნენ მასწავლებლები სკოლაში უბაფთოდ და ჩოლკით  სიარულითვის, რატომ დასცინოდნენ ჩემი კლასელები ბიჭებს, რომლებიც გოგოებთან მეგობრობდნენ, რატომ დამსაჯა უმკაცრესად მასწავლებელმა იმისათვის, რომ ხელზე რაღაც დავიხატე,  რატომ ტიროდნენ დედაჩემი და დეიდაჩემი, როცა თავიანთ დედას იხსენებდნენ და ბევრი, ბევრი სხვა.

მაშინ ხშირად  წამოჭრილ და ამავე დროს, უმეტესად უპასუხოდ დარჩენილ კითხვას: რატომ, რატომ? - ხან წაკითხული წიგნის პერსონაჟები პასუხობდნენ (პირდაპირ, ან ირიბად), ხან მეგობრებთან ერთად „ხმამაღლა ფიქრის“ შედეგად გაკეთებული დასკვნები, ხანაც საკუთარი ინტუიცია და დაკვირვება.

 გავიდა დრო და თანდათან ეს „რატომ“ ძალიან კონკრეტულ კითხვებად ჩამოყალიბდა და დაიშალა, რომლებთანაც გამკლავებას, არა მარტო გონივრული განსჯა და ცოდნა დასჭირდა, არამედ გარკვეული გამბედაობაც. გამბედაობა იმიტომ, რომ მართლაც რთულია  თვალი გაუსწორო უსამართლო რეალობას; იმას, რომ მუდმივად გაკონტროლებენ იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სოციალურად თუ ეკონომიკურად;  იმას, რომ დაქვემდებარებული ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ; იმას, რომ შენგან მუდამ დუმილს მოითხოვენ; და ბოლოს იმიტომაც, რომ ხშირად კრიტიკის და თავდასხმის ობიექტი ხდები, რადგან შენს სათქმელს ქალის პერსპექტივიდან ამბობ, არ ჩუმდები და ამიტომ ჯიუტი ხარ.  

გავიდა დიდი დრო. და დღესაც, ჩემთვის ყველაზე მთავარი რამ, რისთვისაც რადიკალურ და უკომპრომისო ბრძოლას ნამდვილად  აზრი აქვს, ისევ სამართლიანობაა. და თუ მთხოვთ ერთ წინადადებაში ვთქვა, რა არის ჩემთვის ფემინიზმი, ეს სწორედ ქალების ბრძოლაა სამართლიანობისთვის. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა და არც მალე დასრულდება, მებრძოლი ქალების დიდი ნაწილის სახელები ვიცით, დიდი ნაწილი ჯერ არ გაგვიგია, დიდი ნაწილს ვიცნობთ, დიდ ნაწილს არ ვიცნობთ, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ისინი არიან ყველგან - დიდ და პატარა ქალაქებში, სოფლებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ოფისებში, სახლებში, სხვადასხვა ქვეყნებში და კონტინენტებზე, ჩვენხელები, ჩვენზე უფროსები, ჩვენზე უმცროსები.

მოკლედ რომ ვთქვა, ასეა. თუმცა, ჩემთვის ფემინიზმი სწორხაზოვანი იდეოლოგია არაა, ეს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა, რომელიც ბევრი დაჩაგრული სოციალური ჯგუფის ხმას გასაგონს ხდის, რომელიც მრავალ მოძრაობას კრებს და ასაზრდოებს; რომელიც გზრდის, გაძლიერებს, ადამიანების და მოვლენების გარჩევას გასწავლის, აღმოჩენებს გაკეთებინებს, ჩარჩოებს და საზღვრებს შლის, კომფორტის ზონებს ანგრევს, თანამოაზრეებს გაპოვნინებს, არყევს ყველაფერს, რაც ხელს უშლის პროგრესს, სარეველებისგან ათავისუფლებს ნარგავებს. ფემინიზმი გაძლევს ავტონომიას და არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ, სხვადასხვა და სხვადასხვანაირ ქალებს, ფემინიზმი გვჭირდება იმდენად, რამდენადაც გვაკლია ეს ყველაფერი და რამდენადაც ვითხოვთ ამ ყველაფერს, და ცხადია, ეს პოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა თავისთვის დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.