მე ვარ ქალი, მაშასადამე ვარ ფემინისტი

რომ ვუფიქრდები, ჯერ ფემინისტი ვიყავი და მხოლოდ მოგვიანებით დავარქვი ამას სახელი.

ალბათ, გამიმართლა, რომ დავიბადე ოჯახში, სადაც ბიჭი არ გაჩნდა. თუმცა მამაჩემს არასდროს გამოუთქვამს სინანული, რომ გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდა. ის ერთნაირად გვანებივრებდა მე და ჩემ დას. არც მე მქონია მაინცდამაინც ძმის დანაკლისი. პირიქით, ცოტა მიხაროდა კიდეც, როცა ვხედავდი, როგორ უთანხმებდნენ ჩემი მეგობარი გოგოები რაღაცეებს თავის ძმებს (ზოგჯერ უმცროსსაც კი).

თითქოსდა ჩემ ამ ლოიალურ ოჯახში ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემმა, რომელიც საუკეთესო ეკონომისტად ითვლებოდა, სწორედ ოჯახის გამო თქვა უარი მეტად მნიშვნელოვან დაწინაურებაზე. მაშინ არ ვიცოდი, ამას რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ფემინიზმთან, მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე.

გამიმართლა სკოლასა და შემდეგ უნივერსიტეტშიც. გამორჩეული და წარჩინებული მოწაფე/სტუდენტი ვიყავი, თანაც ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ მჭირდებოდა, ამიტომ არავინ მარწმუნებდა, რომ ბიჭს მაინც უფრო მეტი შეუძლია. თუმცა უკვე მაშინ დავფიქრდი, ჩემი შედარებითი შეფასება რომ მოვისმინე - კაცივით ტვინი აქვს, ცოდოა მსახიობობისთვის.

ყველაზე ადრეული ტრავმა, როგორც ქალმა, ალბათ, სწორედ მაშინ მივიღე. “თუ მსახიობი გახდები, არ გექნება ნორმალური ოჯახი” - ერთხმად მირჩევდა ყველა, ვინც კი თავს ვალდებულად თვლიდა, ჩემი მომავალი განესაზღვრა. ამ სიტყვების უკან კი პირდაპირ თუ ირიბად იკითხებოდა - “შეგელახება მორალური რეპუტაცია”. ამ შემთხვევაში აღარავის აინტერესებდა ჩემი “კაცივით ტვინი”, პრიორიტეტი ოჯახის შექმნა და ქალისთვის შესაფერისი უმწიკვლო რეპუტაცია იყო.

შემდეგ და შემგედ გამრავლდა ეს შეგონებები და შემგონებლები - “დროა უკვე, გათხოვდე”, “სულ ხომ არ უნდა ისწავლო?”, “ქალს პატრონი სჭირდება”, “შენი შვილი მაინც სულ სხვა არის, დიშვილები ისე ვერ მოგივლიან”... მოკლედ იმის მიუხედავად, რომ თითქოს სრულიად თანასწორ გარემოში დავიბადე და გავიზარდე, მეც “მეორე სქესი” ვიყავი, რომლთან შეგუებასაც არ ვაპირებდი. ამიტომ განსაკუთრებით არ მესმის განათლებამიღებული, პროფესიულად რეალიზებული ქალების, რომლებიც დისტანცირდებიან ფემინიზმისგან და ვერ/არ აცნობიერებენ, რომ პატრიარქალური ფასეულობების საზოგადოებაში ქალი, რაც უნდა წარმატებული იყოს ის, არასდროს აღიქმება კაცის თანასწორად და სრულფასოვნად, ყოველთვის წამოიჭრება “მაგრამ”, ყოველთვის ჩაგსვამენ შედარებით შკალაზე, ისევე როგორც კაცს, თუ ეს უკანასკნელი ბოლომდე არ პასუხობს პატრიარქალურ ნორმებს.

ფემინიზმი დღეს ჩემთვის ორგანული მდგომარეობაა - ჩემი ცხოვრების წესი და აზროვნების ფორმა. ის არ არის მხოლოდ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, ფემინიზმი ადამიანის დამოუკიდებელობისა და თავისუფლების პატივისცემა და სქესობრივი ნიშნით ნებისმიერი დისკრიმინაციის მიუღებლობაა - იქნება ეს “არასაკმარისად კაცური” კაცებისა თუ “არასაკმარისად ქალური” ქალების მარგინალიზირება და ჩაგვრა, რაც ტრავმირებული ფსიქიკით და არც თუ იშვიათად შეწირული სიცოცხლით მთავრდება.

ზოგადად არ მიყვარს შეგონებები, მაგრამ ეს ერთი ურყევ პრინციპად მექცა ცხოვრებაში  - მე ვარ ქალი, მაშასადამე ვარ ფემინისტი.