“მჯერა, რომ პრო-ფემინისტ კაცებს ბევრის გაკეთება შეგვიძლია”

სოფო  (ზოშია) ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთმანეთი 7 წლის წინ გავიცანით და პირველივე წინადადებიდან ფემინიზმზე დაიწყო საუბარი. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში და, მითუმეტეს,  სკოლაში, გაკვრითაც კი არ მქონია შეხება ფემინიზმთან. ამიტომ, სანამ სოფო გამოჩნდებოდა ჩემ ცხოვრებაში, უამრავი ჩემი თანატოლის მსგავსად, მეც ინდიფერენტული ვიყავი საკითხის მიმართ. ნაწილობრივ, მისი დამსახურებაც არის, რომ დღეს ამაყი და რადიკალი პრო-ფემინისტი ვარ. საბედნიეროდ, მაქვს ის პრივილეგია, რომ ჩემ არცთუ ისე ვიწრო გარემოცვაში ამის გამო ახსნა-განმარტებების გაკეთება არ მიწევდეს.

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორ და რატომ აღმოვჩნდი იქ, სადაც დღეს ვარ და პასუხი, როგორც წესი, ორი მთავარი მიზეზის ირგვლივ ბრუნავს - პროტესტის გრძნობა და სოლიდარობა.

ჩემ შემთხვევაში ორივე მათგანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და სათავეს იღებს  ბავშვობიდან, როცა სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა ფორმით, თავად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. ამ გამოცდილებამ პროტესტის ძლიერი გრძნობა და ჩაგრულისადმი სოლიდარობა გამიჩინა. რთულია იყო უმცირესობაში, თანაც საქართველოში, სადაც კონსერვატიულ ღირებულებებს მძლავრად აქვს ფესვები გადგმული. ჩემი ფემინისტობაც საბოლოო ჯამში უსამართლობის და ამ ყველაფერზე პროტესტის გრძნობის შედეგია. პირველად ლგბტ პირების უფლებების დაცვით დაიწყო და შემდეგ თანაბრად გადანაწილდა სხვა დისკრიმინირებულ ჯგუფებზეც. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანის უფლებების აქტივისტი ხარ და შენი ინტერესის არეალს მხოლოდ ცალკეული ჯგუფი წარმოადგენს, მაშინ უბრალოდ გულწრფელი არ ხარ და ამ საქმეს მხოლოდ კარიერული თუ ფინანსური ინტერესების გამო ემსახურები.

პირადად ჩემთვის, ქალთა უფლებების აღიარება და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა ის პროცესია, რომელშიც  მოკრძალებული წვლილი მეც მინდა შევიტანო. გულწრფელად მჯერა, რომ პრო-ფემინისტ კაცებს იმაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამიტომ, აუცილებელია რომ კაცებმაც აიმაღლონ ხმა სექსიზმზე, ოჯახში ძალადობაზე, თანასწორობაზე - ყველა იმ სფეროში, სადაც გენდერული ბალანსი უბრალოდ არ არსებობს.

საყოველთაო სიკეთე თუ საკმარისი არგუმენტი არ არის, პირადი ინტერესით მაინც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. ბოლოსდაბოლოს, გენდერული სტერეოტიპები კაცებისთვისაც არანაკლებ საზიანოა ისეთ მაჩო საზოგადოებაში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. კაცისთვისაც ხომ რთულია გაუმკლავდეს იმ თავს მოხვეულ პასუხისმგებლობებს, რომელიც ბავშვობიდან მხოლოდ იმის გამო დაეკისრა, რომ გენდერული როლები საზოგადოებაში უთანასწოროდ არის განაწილებული.

სწორედ ამიტომ, ფემინიზმის არ უნდა გვეშინოდეს. პირიქით, საშიში დღეს არსებული პატრიარქატია, სადაც ქალებს კლავენ, სადაც  ამბიონიდან ცოლებს ქმრის მორჩილებასა და სხვადასხვა ფორმით მონობას ასწავლიან. საშიში საპატრიარქოა, ვისთვისაც ქალი ჯერ კიდევ კაცის ნეკნისგან შექმნილი და მასზე დაქვემდებარებული არსებაა. საშიშია, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება არ გვქონდეს და შევეგუოთ ქალის მეორეხარისხოვან როლს საზოგადოებაში. მოკლედ, საშიში ბევრი რამეა, მაგრამ ფემინიზმი მათ შორის ნამდვილად არ არის.