"მამაჩემისთვისაც გავხდებოდი ფემინისტი კაცი: სისტემამ ხომ დანდობა არ იცის?"

დედაჩემს ნაირა ჰქვია. ბალიაშვილია გვარად, ფორეს ასული. საყვარელი ქალია, ასე სამოც წლამდე. კოპწია და პრანჭია, დღემდე. ამაყად, კოხტად შემომხედავდა ხოლმე და მეტყოდა: „ყველა იმას ამბობს, რომ ლამაზი ფეხები მაქვს“.  ეგეთი ლამაზფეხება ქიზიყში იშვა და მერე თელავში მამაჩემ ბადურას დაუწყვილდა. “გამრავლებიზა”, ჩემ გამო. მერე გოროზ ქალად იქცა, ნელ-ნელა. როცა მიხვდა, რომ ეგეთი გოროზობაღა დაიცავდა მის ქალობასა და პიროვნებას, გაკაცდა. მიხვდა, კაცობა რომ უფრო ფასობდა. მეც შემომიტია. კაცი უნდა იყო კაცურიო. ცივ ქვაზე ცხოვრება უნდა შეძლოო. მიკვირდა თავიდან. ეკონომიკური ბერკეტები არ ეპყრა ხელში, გაბრაზებულზე თავის გზას რომ დასდგომოდა და არც გამბედაობა ჰქონია,  ყველასთვის ეთქვა, ერთი თქვენი ღირებულებებისაცო, ავეყვანე ხელში და წავეყვანე სადმე გადაკარგულში, დედამიწაზე. გვემოგზაურა მე და ნაირას. უმამოდ. ნაირას სუნი ქონდა საოცარი. ვერც მოსთხოვდი გამბედაობას. მისი გამბედაობა ჩემი აღზრდაღა იყო. ნაირამ გამზარდა. ბადურამ დამაფინანსა. ბადურა კარგი ახალგაზრდაა. ახალგაზრდა კაცი. დღემდე.  განა ბადურა არ მიყვარს?! ბადურა რომ დადის ხულიგნურად, მოხრილი ბეჭებში, ცქვიტად - დღემდე მახარებს და მაცოცხლებს. მაგრამ ნაირა თუ მემეგობრებოდა, ბადურა მითვალთვალებდა. აი, შენიო, მეტყოდა. განა მწყინდა?! მასე ვიზრდებოდით. მე, პეშკო, კურკა, პლატონა, ტორესა და დათა. ყველა.

ნაირა  მთელი ცხოვრება თელავის სამხატვრო გალერეაში მუშაობდა. ექსკურსიებს იღებდნენ ნაირა და დანი მისნი. მეთვალყურენი და ექსკურსიამძღოლნი: ნათელა, ნანა, ასმათი, ნატო, ტერეზა, ციალა.  ეს ისე. თავისებური ემანსიპაცია ჰქონდათ მოწყობილი ქალებს. ისხდნენ ხოლმე უსაქმურობისას და ალხანას ჩალხანას უძებნიდნენ. მცირე ხელფასზე მუშაობდნენ. ეძიკას დროს ათ ლარზე, მერე ასორმოცდაათ ლარამდე გაუზარდეს სარგო. ქმრები ინახავდნენ მაინც. ყველანი ქმრების ქალები იყვნენ, სევდიანები. მაგათი კაცები ჩვენ ვიყავით. შვილები. ქმრები - მამაჩვენები.

ქმარი იქით იყოს და ნაირასთვის მთავარი საქმე, კარგი გრანტი და მსუქანი პროექტი მე ვიყავი. ჩემს გამო ნახევარ განაკვეთზე გადავიდა. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, მხვდებოდა ცხელ-ცხელი კერძები. ხინკლები და კარტოფილის ღვეზელები. დაწკრიალებული ოთახები და კრიალა თეთრეულები. სანამ ქუჩაში ეულად არ გავვარდი ზოოპარკიდან გაქცეული ნადირივით, მანამდე ვერ მივხვდი, როგორ მივლიდა და მაწესრიგებდა დედა.

არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ ფემინისტი ვარ, ან ოდესმე თუ ვიქნები. კი არ მეხამუშება. ნამდვილად ვერ გავიჭიმები. წაკითხულიც არ მაქვს ბევრი რამ. მაგრამ თუ ოდესმე ფემინისტი კაცი გავხდები, მხოლოდ ნაირასთვის. მისი გოროზი წარბებისთვის. ნაირას დაქალებისთვის, სკოლის მერე რომ მელოდებოდნენ და ლოყებს მიკოცნიდნენ. ამ ძველი ქალებისთვის გავხდებოდი ფემინისტი კაცი. კიდევ ბადურასთვის, მამაჩემისთვის. სისტემამ ხომ დანდობა არ იცის?!