ქალები და ფემინიზმი

ტექსტი აღებულია პუბლიკაციიდან "30 წელი ბუნდესტაგში  - მწვანეების გავლენა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
პოლიტიკურ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე"
.

ავტორები: ანდრეი ს. მარკოვიცი და იოზეფ კლავერი

 

ქალები და ფენიმიზმი

უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ქალები გერმანიის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს ბევრად სცდება ისეთი ცნობილი მემარცხენეების ფიგურებს, როგორებიც იყვნენ კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი, იმის მიუხედავადაც კი, რომ ქალთა უმეტესობა, ისევე როგორც ყველა სხვა მსგავს ინდუსტრიულ საზოგადოებაში, საკუთარი ნების წინააღმდეგ, თუმცა მაინც გარეშე დამკვირვებლების ფუნქციას სჯერდებოდა. მკრეხელობა იქნებოდა, არ გვეხსენებინა ძირითადი კანონის „ოთხი დედა”: ელიზაბეტ ზელბერტი, ფრედერიკე ნადიგი, ჰელენა ვებერი, რომელსაც ვაიმარის კონსტიტუციის შემუშავებაშიც მიუძღვის წვლილი და ჰელენა ვესელი.[1] სწორედ ამ ქალების სახელს უკავშირდება კონსტიტუციის ის ნაწილი, სადაც „მამაკაცების და ქალების თანაბარი უფლებები” კატეგორიული მოთხოვნის სახით ცალსახადაა გაწერილი და რომელმაც უდიდესი ბიძგი მისცა ქალების ჩართულობას გერმანიის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმეებში[2]. ელიზაბეტ შვარცჰაუპტი, ბუნდესტაგის დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც შეძლო გამხდარიყო მინისტრთა კაბინეტის წევრი (1961 წელი), ანემარია რენგერი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), გერმანიის ბუნდესტაგის პირველი პრეზიდენტი ქალი (1972 წელს იქნა არჩეული ამ მაღალ თანამდებობაზე) და ანგელა მერკელი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერი ქალი, ინკლუზიისკენ სწრაფვის ამ ტენდენციის ბრწყინვალე წარმომადგენლები და ბენეფიციარები არიან.

თუმცა, ტენდენციები და ჟესტები შორსაა იმ ყოველდღიური ნორმისგან, რომელიც პოლიტიკური სისტემის სამივე დონეზე ქალთა წარმომადგენლობის დაბალ ხარისხში ვლინდება, უპირველესად, ეს ფედერალურ დონეს ეხება, სადაც ასეთი ტენდენცია განსაკუთრებით მაღალია. ზემოხსენებული მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, ქალთა პროცენტული წილი ბუნდესტაგში 1957 წელს 10 პროცენტის ქვემოთ ჩამოვიდა და ამ დაბალ ნიშნულზე 1983 წლამდე რჩებოდა[3]. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობის ასეთი დაბალი ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ძირითადი კანონით გარანტირებულ თანასწორობას და კვლავ და კვლავ ხდებოდა ფემინისტების და მწვანეთა პარტიის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი[4].

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მწვანეებმა, როგორც გვიანი 1960-იანების და ადრეული 1970-იანების ემანსიპაციური მოძრაობის უმნიშვნელოვანესმა ინსტიტუციონალურმა წარმომადგენლებმა, როგორც „ახალი მემარცხენეების” იდეალურმა წევრებმა, და მათივე ეგიდის ქვეშ ეგრეთ წოდებულმა ქალთა მეორე მოძრაობამ, საზოგადოებრივი ცხოვრება ყველა განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებაში მანამდე წარმოუდგენელი დოზით შეცვალა და ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკასა და საზოგადოებაში ქალის როლის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხში ცალსახა და უცვლელი ლიდერის როლი იტვირთა. ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ მწვანეთა პირველ საარჩევნო ვადას ბუნდესტაგში, გერმანიის პარლამენტში, შედეგად ქალთა პროცენტული წილის მატება მოჰყვა[5].

მწვანეთა მოძრაობის გაძლიერებით, ქალთა უფლებებმა – რომ არ ვთქვათ „ფემინიზმმა” მისი ყველაზე ექსპლიციტური და რადიკალური ფორმით – გერმანულ პოლიტიკაში მყარად დაიმკვიდრა უფრო მნიშვნელოვანი ადგილი.

მწვანეები იყვნენ პირველი საპარლამენტო პარტია გერმანიის ისტორიაში, რომელმაც ქალთა ღირსეული წარმომადგენლობა პარტიის ორგანოებსა და მის ფრაქციებში გაწერილი წესების საშუალებით უზრუნველყო. პარტია იმ მიზეზებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, პარტია თავის ვებგვერდზე შემდეგნაირად აყალიბებს: „ქალთა მწვანე დებულებაში გაწერილია, რომ ყველა თანამდებობის და მანდატის მინიმუმ ნახევარი მაინც ქალებზე უნდა მოდიოდეს. ამიტომ გამგეობის არჩევნების ან საპარლამენტო სიების შედგენისას, კენტ ადგილებს ქალები იკავებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ადგილი ყოველთვის ქალისთვისაა გათვალისწინებული... ეს ყოველივე ჩვენს პოლიტიკაზეც აისახება: შანსების თანასწორობა მამაკაცებს და ქალებს შორის ჩვენს ერთ-ერთ ცენტრალურ პოლიტიკურ მოთხოვნას წარმოადგენს და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ გვინდა შევქმნათ საჭირო პირობები იმისათვის, რომ ქალებს პროფესიულ ცხოვრებაში თანასწორი შანსები ჰქონდეთ და ასევე იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში პროფესიული საქმიანობის და ოჯახში ფუნქციების გადანაწილება ქალებსა და მამაკაცებს შორის სამართლიანად ხდებოდეს”.

ამ წესმა მართლაც შესაძლებელი გახადა პარტიის ორგანოებსა და ფრაქციებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაც და გაძლიერებაც, მაგრამ რამდენად იქონია ამან გავლენა სხვა პარტიებზე? მოხდა თუ არა ამ წესის გადაღება მწვანეთა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ?

თავისუფალი დემოკრატიული პარტიის გარდა, რომელიც ბოლო ხანებში ძალზე ძლიერ შიდაპარტიულ წნეხს განიცდის, ანალოგიური რეგულაციის დამტკიცების მოთხოვნით, ბუნდესტაგში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ განახორციელა რეფორმები და შეიმუშავა იმგვარი წესები, რომლებიც მათ მწვანეთა ახალი გენდერული მიდგომების ანარეკლად თუ არა, მათ იმიტაციად მაინც აქცევს[6].

მწვანეთა გენდერული პარიტეტისკენ მიმართულმა განსაკუთრებულმა ძალისხმევამ გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში მყარად მოიკიდა ფეხი და ფართო აღიარება ჰპოვა. აქაც შეგვიძლია გავიმეოროთ ის, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ: არ არსებობს იმაზე დიდი აღიარება და კომპლიმენტი, ვიდრე მიმბაძველობა შენივე პოლიტიკური მეტოქეების მხრიდან.32

პირველი პოლიტიკური პარტია ბუნდესტაგში, რომელმაც მხარი აუბა მწვანეებს და მმართველ ორგანოებსა და დელეგაციებში ქალების კვოტა შემოიღო, სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო. 1988 წელს მათ ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის 40-პროცენტიანი კვოტა დააწესეს, რაც რეალობაში ნიშნავდა იმას, რომ ქალების რაოდენობა შესამჩნევად უნდა გაზრდილიყო[7]. მართალია, ამ პოლიტიკამ ქალების წილი სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო დეპუტაციაში მართლაც გაზარდა, თუმცა პარტიამ დღემდე ვერ შეძლო სასურველი 40 პროცენტის მიღწევა.[8] 2009 წლიდან მოყოლებული სადეპუტატო მანდატების 38,3 პროცენტი ქალებს ეკუთვნის (მწვანეების შემთხვევაში ეს რიცხვი 54,4 პროცენტს შეადგენს), თექვსმეტივე ფედერალური მხარის პარლამენტში ქალ დეპუტატთა წილი 37 პროცენტია. თუკი ამ ციფრებს ინდიკატორებად დავამატებთ 46 პროცენტს პარლამენტის პრეზიდიუმში და 58 პროცენტს პარტიის ხელმძღვანელობაში, ცხადი გახდება, რომ ქალები სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის დონეზე ამასობაში უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობენ[9].

მწვანეები და სოციალ-დემოკრატები ემხრობიან გათანაბრების კვოტებს კერძო სექტორშიც, პირველ რიგში, დიდი გერმანული საწარმოების მმართველ დონეებზე. იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი კანონი აქამდე არ შესულა ძალაში, პოლიტიკური წნეხი და გენდერული თანასწორობის მზარდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, სულ უფრო მეტ ფირმას აიძულებს, ამ მიმართულებით შესაბამისი რეფორმების გასატარებლად საკუთარი ჯიბიდან გაიღონ თანხები. მათ შორის ყველაზე დიდი და ცნობილია გერმანიის ტელეკომი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 2015 წლისთვის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტი 30 პროცენტით ქალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.[10]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით ანალოგიურ რეფორმებს ატარებს, არის ver.di (მომსახურების სფეროს გაერთიანებული პროფკავშირი), რომელიც ორ მილიონზე მეტ გერმანელ დასაქმებულს წარმოადგენს. რამდენიმე წლის წინ პროფკავშირმა შემოიღო 50/50 კვოტა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის მენეჯმენტის ყველა დონეზე[11].

იმის მიუხედავად, რომ წითელ-მწვანე მთავრობებმა გვიან 1990-იანებსა და ადრეულ 2000-ში ფედერალურ დონეზე ვერ მოახერხეს გენდერული თანასწორობის სამართლებრივი რეგულაციების რეალიზება, უკვე ის ფაქტიც, რომ ამგვარი კანონი უმაღლეს სამთავრობო დონეებზე განიხილება, აშკარად მიანიშნებს იმ მაღალ ხარისხზე, რომელიც ქალთა საკითხებმა გერმანიაში – უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში – დიდწილად მწვანეთა ძალისხმევის წყალობით შეიძინეს.

ტრადიციული მემარცხენეების ძველი თეზისის მიუხედავად, რომლის თანახმადაც, დაუღალავი სწრაფვა სოციალიზმისკენ – და, ბუნებრივია, მისი დამკვიდრება – თითქოსდა ავტომატურად და გარდაუვლად გამოიწვევდა ქალთა გათავისუფლებას კაპიტალიზმის ბურჟუაზიული ტირანიის და უსამართლობის უღლისაგან – ვფიქრობთ, არ არის აუცილებელი ამ ნაშრომში იმის წარმოჩენა, თუ რამდენად უმნიშვნელო წვლილი შეიტანა „რეალურად არსებულმა სოციალიზმმა” და „რეალურად არსებულმა სოციალ-დემოკრატიამ” ქალის ჭეშმარიტ გათავისუფლებაში; ეს, მათ შორის, ეხება როგორც ტრადიციული მემარცხენეების ინსტიტუციურ მოწყობას, ისე მათი აქტივობის არენას. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ: მაშინ, როდესაც ისინი ქალების გათავისუფლებას პროლეტარიატის გათავისუფლების უბრალო თანამდევ მოვლენად განიხილავდნენ, ძველ მემარცხენეებს თითქმის არაფერი გაუკეთებიათ იმ საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სექსიზმის აღმოსაფხვრელად, რომელშიც თვითონვე არსებობდნენ და მოქმედებდნენ. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მათ თვითონვე მოირგეს ბურჟუაზიული კულტურის მრავალი ასპექტი, მათ შორის – სექსიზმიც[12].

აქედან გამომდინარე, პარტიაში ქალთა კვოტის არსებობას მემარცხენეთა პარტია სწორედ მწვანეთა მემკვიდრეობას და საზოგადოებრივ გავლენას და ახალ მემარცხენეთა გარემოცვას უნდა უმადლოდეს და არ უნდა აპელირებდეს იმაზე, რომ ხსენებული ღირებულებები ძველი მემარცხენეების ტრადიციების შედეგს წარმოადგენს, იმ ძველი მემარცხენეებისა, რომელსაც ეს პარტია, როგორც ისტორიული, ისე კულტურული თვალსაზრისით, ჯერ კიდევ დღემდე მიეკუთვნება[13]. 1990 წლიდან მოყოლებული, როდესაც მემარცხენეთა პარტია პირველად შევიდა ბუნდესტაგში (იმ დროს „დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის” სახელით) მათ ფრაქციას გერმანიის პარლამენტში არასოდეს ჰქონია 43,3 პროცენტზე დაბალი ქალთა კვოტა. როდესაც პარტიამ 2002-2005 წლებში დროებით დაკარგა ფრაქციის სტატუსი ბუნდესტაგში, მას მხოლოდ ორი ქალი – პეტრა პაუ და გეზინე ლიოჩი წარმოადგენდა, რომლებმაც სადეპუტატო მანდატები ბერლინის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული წესით მოიპოვეს.

მეთოდი, რომლითაც მემარცხენეები ქალთა წარმომადგენლობას უზრუნველყოფენ, ძალიან წააგავს თავის დროზე მწვანეთა მიერ გამოყენებულ მიდგომებს და ერთ-ერთი მოთხოვნის სახით ადგენს საფუძვლიანი დასაბუთების აუცილებლობას ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც თანამდებობების დაკავებისას არ ხდება 50/50-ზე პრინციპის დაცვა. პარტიული კულტურა მოითხოვს, რომ ამ ტიპის შეუსაბამობები არა მარტო განიმარტოს და დასაბუთდეს, არამედ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა ისინი თავიდან იქნას აცილებული[14].

და ქრისტიან-დემოკრატები? ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელი ქალების შესამჩნევი წარმატებების მიუხედავად, 1980-იანი წლების ბოლოს ბუნდესტაგში ხსენებული პოლიტიკური პარტიის დეპუტაცია ქალებით მხოლოდ 8 პროცენტზე ნაკლებით იყო დაკომპლექტებული[15]. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრებს, ისევე როგორც პარტიის ხელმძღვანელ პირებს შორის ეს პრობლემა დროთა განმავლობაში შეუმჩნეველი ვეღარ დარჩებოდა და ქდკ-მა თავის 1996 წლის პარტიულ ყრილობაზე ჰანოვერში მიიღო გადაწყვეტილება, შემოეღოთ დროებითი რეგულაცია ქალთა კვორუმის შესახებ, რომელიც 2001 წელს განუსაზღვრელი ვადით იქნა განახლებული[16]. პარტიის მიერ ერთი წლის შემდეგ, ზაფხულში დარიგებულ ბროშურაში ქდკ-მა ქალთა კვორუმის დეკლარირება შემდეგი სახით მოახდინა: „ჩვენ კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ ქალთა ჩართულობასა და ხელშეწყობაზე ჩვენი პარტიის ყველა დონეზე. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა პარტიის ყველა დონისთვის. ქალთა წილი ქდკ-ის რიგებში, რომელიც დღესდღეობით დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს, ძალზე დაბალია. ქალები ასევე უმცირესობაში არიან ჩვენი პარტიის თანამდებობის პირებს და დეპუტატებს შორის. პრინციპი, რომელსაც ჩვენ მყარად გავატარებთ, შემდეგია: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიული თანამდებობების და სადეპუტატო მანდატების ერთი მესამედი მაინც უნდა მოდიოდეს ქალებზე”[17].

1994-1998 წლების საკანონმდებლო ვადაში ქრისტიან-დემოკრატების დეპუტაციის 13 პროცენტს ქალები შეადგენდნენ[18]. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2002-2005 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ქდკ-ის მანდატების 23 პროცენტი ქალებზე გადანაწილდა. მიმდინარე საკანონმდებლო პერიოდისთვის ამ მაჩვენებელმა კვლავ იკლო და 20 პროცენტამდე ჩამოვიდა[19]. იმის მიუხედავად, რომ დღეს ადრინდელის მსგავსად ქდკ-ში აშკარა გენდერული დისბალანსია, შეიძლება ითქვას, რომ ქალთა კვორუმმა ქალებისთვის პარტიაში გარკვეული დადებითი შედეგი გამოიღო. ამ შემთხვევაშიც, მწვანეების „თავდასხმების” გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნებოდა რაიმეს ამოძრავება.

რომელი მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, პოლიტიკის და საზოგადოების ყველა დონეზე ქალთა თანაბარი წარმომადგენლობისთვის ბრძოლის იდეა ცალსახად მწვანე წარმომავლობისაა.

ქრისტიან-სოციალურ კავშირსაც კი მოუწია მწვანეების მიერ ინიცირებულ ქალთა პოლიტიკასთან დაპირისპირება. 2010 წელს პარტიამ გადაწყვიტა ქდკ-ის მსგავსი სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც – რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს – ქალები პარტიაში ქდკ-ზე უფრო მაღალი პროცენტით უნდა იყვნენ წარმოდგენილები: ქსკ-ის დირექტივის მიხედვით, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე პარტიული თანამდებობების 40 პროცენტს ქალები უნდა იკავებდნენ[20]. რთულია წინასწარი შეფასების გაკეთება, თუ რამდენად დიდი გავლენა ექნება ამ რეგულაციას პარტიის შიგნით, რადგან მისი დამტკიცების შემდეგ, არც ფედერალურ დონეზე და არც ბავარიის ფედერალურ მხარეში არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. როგორც არ უნდა იყოს, ქსკ-ს გამოსწორებისთვის საკმაოდ დიდი სივრცე აქვს: ბუნდესტაგში ქსკ-ის 44 დეპუტატიდან მხოლოდ ექვსია ქალი.

ასეა თუ ისე, ძნელი წარმოსადგენია, რომ ქსკ-ს ქალთა კვოტა შემოიღებდა სხვა პარტიებში ანალოგიური მაგალითების და, ამავე დროს, გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართ მზარდი საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე.

მაშინაც კი, თუ თავისუფალი დემოკრატიული პარტია ნებისმიერი სახის, ამ შემთხვევაში, ქალთა კვოტის ან კვორუმის შემოღებას უარყოფს (რაც ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდესმათი პოლიტიკური ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ლიბერალიზმის ფუნდამენტად მოწიფული (თითქმის მხოლოდ მამრობითი სქესის) და „თავისუფალ” ბაზარზე აქტიური ინდივიდის ფენომენი განიხილება და პარტიაც სწორედ ამგვარი ინდივიდის იდეას ეფუძნება), შეიძლება ითქვას, რომ ამასობაში პარტიამ ხმამაღალი განცხადებების გარეშე ქალთა რაოდენობა პარლამენტში უკვე საგრძნობლად გაზარდა. 1983 წელს, როდესაც მწვანეები ბუნდესტაგში შევიდნენ, თდპ-ის 35 დეპუტატიდან მხოლოდ 3 იყო ქალი, რაც მხოლოდ 8,6 პროცენტს შეადგენს[21]. 1990 წლისთვის პროცენტული წილი უკვე 20,3 პროცენტამდე გაიზარდა[22]. სადღეისოდ ბუნდესტაგში თდპ-ის დეპუტატთა 24,7 პროცენტს ქალები შეადგენენ, რაც აშკარად აღემატება ქდკ-ის და ქსკ-ის ანალოგიურ მაჩვენებლებს და ეს ამ უკანასკნელთა დებულებების და დირექტივების მიუხედავად, რომლებიც ქალთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

1994 წელს თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ 1990 წელს დაფუძნებული „ლიბერალი ქალები” პარტიის ოფიციალურ ქალთა ორგანიზაციად აღიარა[23]. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც 2011 წელს საგრძნობი უსიამოვნებები მოხდა ლიბერალ ქალებსა და „თდპ-ის მამაკაცურ მმართველ გუნდს” შორის, რომელიც ზოგადად პარტიაში ქალებთან დამოკიდებულებას და განსაკუთრებით კი შიდაპარტიული ქალთა კვოტის განსაზღვრას ეხებოდა[24]. ლიბერალი ქალების ფედერალურმა თავმჯდომარემ იანვარში თავისუფალი დემოკრატიული პარტია შემდეგნაირად დაახასიათა: „თდპ მამაკაცთა გაერთიანებაა. თუკი თქვენ ლიბერალი ქალების რიცხვს მიეკუთვნებით, უნდა იცოდეთ, რომ ამ პარტიაში საოცრად დიდ წინააღმდეგობასთან მოგიწევთ გამკლავება”. ამ კრიტიკას თდპ-ის წევრი სხვა გამოჩენილი ქალებიც დაეთანხმნენ, მათ შორის, ლიბერალი ქალების ფედერალური თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ბრიგიტე სუზანე პოპელი. პოპელი 2012 წელს გადადგა პარტიული თანამდებობიდან და პარტია დატოვა, „Süddeutsche Zeitung”-თან ინტერვიუში კი საკუთარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ „თავისუფალ- დემოკრატიულ პარტიაში ქალების და ოჯახების მიმართ მტრულად განწყობილი ტონი დომინირებს როგორც კომუნალურ, ისე სამხარეო და ფედერალურ დონეზე”[25].

თდპ-ის მიმართ გამოთქმული ეს კრიტიკა ტონალობით და შინაარსით ძალიან ჰგავს იმ პრეტენზიებს, რომლებსაც მწვანეები ადრეულ 1980-იანებში მთელ გერმანულ პოლიტიკურ სისტემას უყენებდნენ. ამ საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის მცირე, მაგრამ ქმედით საშუალებად მწვანეები კვოტების სისტემის შემოღებას მოიაზრებდნენ, რომელიც ქალებს პოლიტიკური წინსვლის შესაძლებლობას მისცემდა; ამის საშუალებას კი იმდროინდელი სიტუაცია არანაირად არ იძლეოდა. მწვანეების მიერ გასული სამი ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების არსებითი ინდიკატორია ის ფაქტი, რომ ისეთი ჯგუფი, როგორიცაა „ლიბერალი ქალები”, გენდერული თანასწორობის სისტემას მიესალმება და ამით, საბოლოო ჯამში, მწვანე იდეას და პოლიტიკას იზიარებს[26].

იდეა, რომ წარმომადგენლობის არსებითი ხარისხის უზრუნველსაყოფად ძირითადი კანონით ფორმალურად გარანტირებული ქალთა თანასწორობა კვოტების შემოღებას საჭიროებდა, საკუთარ არსებობას მწვანეებს უნდა უმადლოდეს, რადგანაც გერმანულ პოლიტიკაში – და მის ფარგლებს გარეთაც – პირველებმა სწორედ მათ დააფიქსირეს ეს მოთხოვნა; დააფიქსირეს კონკრეტულად და კონცეპტუალურად.

 

[1] Bundesministerium für Familie, Senioren, Frauen und Jugend: „Mütter des Grundgesetzes”, 2011. იძებნებოდა 27.07.2012-ში მისამართზე: www.hs-wismar.de

[2] იქვე.

[3] Feldkamp, M. F./Sommer, C.: Parlaments-und Wahlstatistik des Deutschen Bundestages: 1949-2002/03 Dt. Bundestag, Referat Öffentlichkeitsarbeit, 2003, გვ. 16.

[4] Rothe-Beinlich, Astrid: „Meilensteine der Frauenbewegung”, 3. März 2011. იძებნებოდა 28.07.2012-ში მისამართზე: http://www. gruene.de/themen/frauenpolitik/meilensteine-der-frauenbewegung.html

[5] Feldkamp, M. F./Sommer, C.: Parlaments-und Wahlstatistik des Deutschen Bundestages: 1949-2002/03 Dt. Bundestag, Referat Öffentlichkeitsarbeit, 2003, გვ. 16.

[6] Sopacua, Nathalie: „Liberale Frauen drängen jetzt auf parteiinterne Quote”, 20.02.2011, იძებნებოდა 28.07.2012-ში მისამართზე: http://www.frauenrat.de/deutsch/infopool/ informationen/onformationdetail/jahres_ archiv/<?3</auch-liberale-frauen-draengen-jetzt-auf-parteiinterne-quote/Parteien.html

[7] Almstedt, Jan: „CSU entdeckt Frauenquote”, 05.10.2010, spd.de, იძებნებოდა 30.07.2012- ში მისამართზე: http://www.spd.de/aktuelles/ news/4280/20101005_csu_quote.html

[8] Feldkamp, M. F./Sommer, C.: Parlaments-und Wahlstatistik des Deutschen Bundestages: 1949-2002/03 Dt. Bundestag, Referat Öffentlichkeitsarbeit, 2003, გვ. 16.

[9] Cornelißen, W.: „Gender-Datenreport”. Kommentierter Datenreport zur Gleichstellung von Frauen und Männern in der Bundesrepublik Deutschland. Erstellt im Auftrag des BMFSJ durch das Deutsche Jugendinstitut e.V. in Zusammenarbeit mit dem Statistischen Bundesamt, DJI (2005), გვ. 370.

[10] telekom.com. „Frauenquote: Mehr Frauen an die Spitze”, 2012, იძებნებოდა 30.07.2012- ში მისამართზე: http://www.telekom.com/ konzern/mitarbeiter/diversity-frauenquote/5186

[11] lgr/AFP/Reuters: „Ver.di-Vorstand räumt Posten für eine Frau”, 01.03.2011 იძებნებოდა 30.07.2012-ში მისამართზე: http:// www.spiegel.de/wirtschaft/unternehmen/ frauenquote-im-management-ver-di-vorstand-rauemt-posten-fuereine-frau-a-748375-druck. html

[12] ძალზე შორს წაგვიყვანდა იმის განხილვა, თუ როგორ და რატომ ხდებოდა, რომ ძველი მემარცხენეების ინსტიტუტები ბურჟუაზიულ კულტურას არა მარტო აღიარებდნენ, არამედ დიდ სიამოვნებასაც იღებდნენ მისი/მასში არსებობით (მისთვის დამახასიათებელი ჩაგვრის და შეზღუდვების განზომილებების ჩათვლით). საკმარისი იქნება იმის გახსენებაც, თუ როგორი გამოწყობილები დადიოდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ძველი კომუნისტური ქვეყნების მოქალაქეები ოპერასა და თეატრში და რამდენად მოწესრიგებულად, მეშჩანურად და ბიურგერულად გამოიყურებოდნენ ისინი თავიანთ მუქ კოსტიუმებსა და მონოტონურ ჰალსტუხებში დასავლეთის პუბლიკასთან შედარებით.

[13] Korte, Karl-Rudolf: „Kandidatenaufstellung (Kreiswahlvorschlag und Landeslisten)”, 28.05.2009, იძებნებოდა 30.07.2012-ში მისამართზე: http://www.bpb.de/politik/ innenpolitik/bundestagswahlen/62551/ kandidatenaufstellung

[14] იქვე.

[15] Feldkamp, M. F./Sommer, C.: Parlaments-und Wahlstatistik des Deutschen Bundestages: 1949-2002/03 Dt. Bundestag, Referat Öffentlichkeitsarbeit, 2003, გვ. 16.

[16] CDU-Bundesgeschäftsstelle: „Das Frauenproblem in der CDU”, 2001, იძებნებოდა 30.07.2012-ში მისამართზე: http:// www.cdu.de/doc/pdfc/?Q3?<<-broschuere-frauenquorum.pdf

[17] იქვე.

[18] Feldkamp, M. F./Sommer, C.: Parlaments-und Wahlstatistik des Deutschen Bundestages: 1949-2002/03 Dt. Bundestag, Referat Öffentlichkeitsarbeit, 2003, გვ. 16.

[19] იქვე.

[20] dpa: „CSU beschließt Frauenquote”, 30.10.2010, zeit.de., იძებნებოდა 30.07.2012- ში მისამართზე: http://www.zeit.de./politik/ deutschland/2010-10/csu-frauenquote-parteitag

[21] Feldkamp, M. F./Sommer, C.: Parlaments-und Wahlstatistik des Deutschen Bundestages: 1949-2002/03 Dt. Bundestag, Referat Öffentlichkeitsarbeit, 2003, გვ. 16.

[22] იქვე.

[23] liberale-frauen-de: „Über uns: Wir mischen uns aktiv in die Politik ein!”, იძებნებოდა 30.07.2012-ში მისამართზე: http://www. liberale-frauen.de/ueber-uns/index.html

[24] Klassen, Oliver/Klein, Raimon: „Liberale Chauvis”, sueddeutsche.de, 12.01.2012-ის ნომერი, იძებნებოდა 30.07.2012-ში მისამართზე: http://www.sueddeutsche.de/politik/2.220/ frauen-in-der-fdp-liberale-chauvis-1.1255996

[25] იქვე. 

[26] Sopacua, Nathalie: „Liberale Frauen drängen jetzt auf parteiinterne Quote”, 20.02.2011, იძებნებოდა 28.07.2012-ში მისამართზე:

http://www.frauenrat.de/deutsch/infopool/informationen/onformationdetai…;?3</auch-liberale-frauen-draengen-jetzt-auf-parteiinterne-quote/Parteien.html