ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე

Creator: გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი. All rights reserved.

(1833-1895)

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდული პრესა სავსეა ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძისადმი მიძღვნილი ლექსებითა და მის შემოქმედებაზე გამოხმაურებებით. ყველა მათგანი აღფრთოვანებულია დავით ერისთავისა და ნინო ამილახვრის ასულის გამბედაობით - საჯაროდ გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ჩაერთოს მოდერნიზაციის მოძრაობაში.

მწერალი ქალი 1833 წელს დაიბადა. დედით დაობლებულს გამდელი გამოუძებნეს _ დილავარდისა, რომელმაც პირველმა აზიარა იგი ცოდნის სამყაროს: სასულიერო წიგნები, ქართველთა საგმირო საქმეები, ანბანი და ცხადია -  ქალიშვილთათვის აუცილებელი ხელსაქმე.

თორმეტი წლის გაათხოვეს. 1895 წელს, გაზეთ “ივერიაში” მარიამ დემურია იგონებს ბარბარეს მონათხრობს: “საზოგადოთ იმ დროს ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავ, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონაო. როდესაც მღვდელი ქორწინების წესს ასრულებდა, ამ დროს ეკლესიაში ღამურა შემოფრინდა. დავინახე თუ არა ღამურა, მღვდელს ვუთხარი: მღვდელო, მღვდელო, შენი ჭირიმე, გაჩუმდი, მე მგონი, ჩემი იადონი შემოფრენილა და მინდა დავიჭიროვო“.

დაიწყო ზაქარია ჯორჯაძესთან თანაცხოვრება, რომელმაც მას სამი შვილი (ნოშრევანი, მიხეილი, მანანა) და „პრიკაზში“ დაგირავებული ქონება შესძინა. რომ არა ძმის, რაფიელის, თანადგომა, ბარბარეს ძალიან გაუჭირდებოდა ოჯახური პრობლემების მოგვარება და საზოგადოებრივი ასპარეზის შენარჩუნება.

„ცისკარი“, „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „ჯეჯილი“ _ აი, სად პოულობდა მწერალი ქალი თავშესაფარს და სად ეწაფებოდა იგი შემეცნების სამყაროს. „...კნ. ბარბარე ჯორჯაძისა იყო შინაურ ოჯახში აღზრდილი, მაგრამ მისი მსჯელობა გააკვირვებდა ბევრს ევროპიელს სწავლით აღჭურვილს პირს...“ („კვალი“, 1895, #17).

ბარბარე ჯორჯაძე იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და 1861 წელს, ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა: „უნივერსიტეტის დაცინებას მწამებთ (გვ. 65 დღნს-დან/ „ცისკარი“, 1861, სექტემბერი, გვ. 55-68).

1874 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბამ გამოსცა “ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადი ცნობანი”, სადაც ბარბარე მკითხველს ქართულ-ევროპული კერძების რეცეპტებსა და მომზადების წესებს აცნობდა.

90-იან წლებში „ქალთა საკითხის“ გარშემო გამართულ პოლემიკას ბარბარემ სპეციალური წერილი: „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ მიუძღვნა:

“პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ `შენ, რადგანა შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ,... სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო~. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: `მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდე, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო“. გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა ლუკმას ვერ შესჭამო, _ რა იყო უფრო დაემონებინა... მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვითონ დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: `თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით,... ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი...

...ჩვენმა იესო ქრიტემ ბრძანა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არც დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.

საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა, და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დამცველებად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი?..

...ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუკი საქმეს არ უშველიან რასმე.” (1893, ჟურნალი “კვალი”, N16).

1867 წელს ქუთაისის თეატრში გათამაშდა ბარბარე ჯორჯაძის პიესა: „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“, რომელიც მრავალი წელი იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

1895 წლის 11 აპრილს, როცა მწერალი ქალი ლენქორანიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, ცივგომბორთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

„ჩვენი მწერლების უიმისოდაც მცირე გუნდს გამოაკლდა კიდევ ერთი მწერალი ქალი _ კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა... ოცდაათ წელზე მეტია, რაც ის მოღვაწეობს. ბარაბარე თითქმის პირველი ქალი იყო, რომელმაც აიღო კალამი ხელში და გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მან დაიწყო ჟურნალ „ცისკარში“ ლექსებისა და მოთხრობების წერა და თითქმის სიკვდილამდე კალამი არ გაუგდია ხელიდან...“ („კვალი“, 1895, #17).

 

 

ბიბლიოგრაფია:

 

1.         ბარბარე ჯორჯაძე, ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი, ტფილისი, 1874;

2.         ბარბარე ჯორჯაძე, სრული სამზარეულო, თბილისი, 1914;

3.         ბარბარე ჯორჯაძე, ლექსები, პიესები, მოთხრობები, წერილები, თბილისი, 1986

 

 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება