ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი

(1849-1932)

ანასტასია 1849 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. 1858 წლიდან მადამ ფავრის პანსიონის მოსწავლე გახდა, ხოლო 1865 წელს - კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი დაამთავრა.

1870-იან წლებში ანასტასია თუმანიშვილი თანამშრომლობდა და ევროპული განათლების შესახებ ინფორმაცის იღებდა ციურიხში მყოფი ქართველი ქალებისაგან: პელაგია ნაცვლიშვილი, ეკატერინე და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, ოლღა გურამიშვილი, ეფემია ელიოზიშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი, მარიამ წერეთელი. სულ მალე კი, 1876 წელს, თავად ჩავიდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც გაეცნო პესტალოცის მეთოდებზე დამყარებულ პედაგოგიურ იდეებს. სამშობლოში დაბრუნებულმა (1881-1884) გაზეთებში „დროება“ და „ივერია“ გამოაქვეყნა მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების სერია: „მოლოდინი“, „ნუცა“, „ინსტიტუტკას დღიური“, „სოფელი ხელთუბანი“ (ეხება ამ სოფელში ღარიბი ოჯახის შვილებისათვის ანასტასიას ინიციატივით გახსნილ სკოლას), „მამის მსხვერპლი“, „რძალ-მული“.

ანასტასია თუმანიშვილი, ეკატერინე გაბაშვილთან და კეკე მესხთან ერთად, დაუღალავად იღვწოდა პედაგოგთა გადამზადებისა და გოგონათა განათლების გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ იდეებს ამუშავებს იგი წერილებში: „საზოგადოების საყურადღებოდ“ და „ქალების პროფესიონალური ხელსაქმის სკოლა თბილისში“. 1890 წელს მის მიერ დაარსებულ-გამოცემული ჟურნალები „ჯეჯილი“ და „კვალი“ გასაბჭოებამდე საგანმანათლებლო მოძრაობის უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

გაზეთში „დროება“ (1883, #225) ანასტასია თუმანიშვილი წერდა: „რა საშუალებით შეიძლება მშრომელ ქალს ხელი ისე გავუმართოთ, რომ ერთი-ორი თვე შეძლოს თავის დარჩენა, ვიდრე შრომის ნახევარ ფასს მაინც შეაძლევენ? ავადმყოფობის დროს და გაჭირვებაში როგორ  იშოვოს იმან სესხით ფული ცოტა ხნობით მაინც, როგორ  გაუადვილონ საზოგადოებას მასწავლებლის შოვნა და მასწავლებლებს _ გაკვეთილებისა, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს და არ მოუნდეთ კარდაკარ სიარული?!“ ამ მოწოდებას, 1886 წელს, შედეგად „მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოების“ ჩამოყალიბება მოჰყვა, რომელსაც 33 წელი ხელმძღვანელობდა ანასტასია თუმანიშვილი.

1891 წელს ანასტასია ცნობილ ქართველ მწერალ, გიორგი წერეთელზე ქორწინდება და მასთან ერთად 1893-1904 წლებში ჟურნალ „კვალის“ რედაქტორ-გამომცემელია.

1891 წლიდანვე მწერალი ქალი იწყებს საბავშვო ბიბლიოთეკა-სამკითხველოების გახსნას თბილისის უბნებში: კუკია, ავლაბარი, ვერა, ნაძალადევი.

1908 წელს იგი აფუძნებს ქალთა ახალ საზოგადოებას „განათლება“ და ქალთა საშუალო სასწავლებელს ყაზბეგის ქუჩაზე (ე. წ. „ყაზბეგის სკოლა“). წამოწყებაში მისი თანამოაზრეები და თანამებრძოლები არიან კატო და ანიკო ნიკოლაძეები, სოფიო კალანდარიშვილი, ალექსანდრა ფაღავა, მარიამ მაჩაბელი, კეკე მესხი, ანეტა პავლიაშვილი, ნინო ბარათაშვილი, ელისაბედ ყაზბეგი.

„განათლება“ რამდენიმე წელიწადში იმდენად სახელმოხვეჭილი გახდა, რომ მეცენატთა ყურადღებაც მიიპყრო. სწორედ მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი ქალთა საშუალო სკოლის, პროფესიული განყოფილებებისა და სამხატვრო-სახელოსნო სასწავლებლის შენახვა-შენარჩუნება.

1923 წელს, ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში, „ჯეჯილიც“ და „განათლებაც“ ლიკვიდაციას დაექვემდებარა.

ანასტასია თუმანიშვილი 83 წლის ასაკში, 1932 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

ბიბილიოგრაფია:

 

1.         ანასტასია თუმანიშვილი, ხუთი ამბავი, ყმაწვილების საკითხავი, ფრანფულიდამ გადმოღებული ანასტასია თუმანიშვილის მიერ, ტფილისი, 1888;

2.         ანასტასია წერეთელი, ამბავი ერთი კაცის ცხოვრებისა, თომა ალვა ედისონი, ტფილისი, გამოცემა “ჯეჯილი”-ს რედაქციისა, ტფილისი, 1913

3.         ანასტასია წერეთელი, თაიგული, საყმაწვილო დასურათებული ამბები, ტფილისი, 1921;

4.         ანასტასია წერეთელი, საყმაწვილო ამბები მოზრდილთათვის, ტფილისი, 1923;

5.         ანასტასია წერეთელი, ყვავილი, საყმაწვილო ამბები, ტფილისი, 1926.