ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

(1868 - 1951)

ანასტასია ერისთავი დაიბადა 1868 წლის 3 თებერვალს ქ. გორში, არსიტოკრატულ ოჯახში. მწერლის დედა, ელისაბედ ზაალის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილი ქართლის სამეფო გვარის ნათესავი იყო, მამა კი - გიორგი დიმიტრის ძე ერისთავი - თავისი დროის ცნობილი პიროვნება.

ანასტასია ერისთავი- ხოშტარია საკუთარ ბავშვობაზე საუბრისას განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას თავის დაბადების ერთ ეპიზოდზე, რომელმაც განსაზღვრა მისი მომავალი. იგი იყო ტყუპისცალი, დაბადებულა ძალიან სუსტი და ყველას ეგონა რომ ვერ გადარჩებოდა, საჭირო შეიქმნა ბავშვის სასწრაფოდ მონათვლა. მემამულეებს ნათლობისაგან თავი შეუკავებიათ. ანასტასიას მონათვლა ისურვა  გლეხმა, გიორგი ცუცქირიძემ და ოჯახისგანაც თანხმობა მიღო. შემდგომში სწორედ ამ ფაქტმა შეუშალა ხელი ანასტასიას განათლება მიეღო  იმ დროს თბილისში განთქმულ ეგრეთ წოდებულ    “დევიჩი ინსტიტუტში“, სადაც იზრდებოდნენ არისტოკრატთა ქალიშვილები. გლეხის ნათლულობა გამხდარა დაბრკოლება სასწავლებელში მიღებისთვის.

პატარა ტასო  ზემო ქართლის სოფელ ფცაში იზრდებოდა, სადაც მისი პაპა და დიდედა- ზაალ და ეკატერინე ბაგრატიონ-დავითაშვილები ცხოვრობდნენ. როცა წამოიზარდა მშობლება წაყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ ქალიშვილმა უარი განაცხადა და დიდედასა და პაპასთან დარჩა.

ზაალი დიდად აფასებდა სწავლას და ანასტასიასაც კარგი განათლება მისცა. „დევიჩი ინსტიტუტიდან“ მიღებული უარის შემდეგ  ანასტასია მიაბარეს  1881 წელს გორში გახსნილ ქალთა პროგიმნაზიას. ტასო ამ დროს  თითქმის 14 წლის იყო. მას განსაკუთრებით უყვარდა ქართული. ­ამ სასაწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ცნობილი  მოღვაწე და ხალხოსან,ი მიხეილ ყიფიანი. მისი გადასახლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ნიკო ლომოურმა. სწორედ ნიკო ლომოურმა წააქეზა ანასტატია წერა დაეწყო. იგი ავალებდა მოსწავლეებს სურვილისამებრ ეთარგმანთ რომელიმე მხატვრული ნაწარმოები. ერთხელ ანასტასიას დაავალა ეთარგმნა უსახელო ავტორის ოსური თქმულება „ბესო“. მასწავლებელმა თარგმანი მოუწონა და 1885 წელს „ ბესო“ დააბეჭდინა „ ნობათში“, რომლის რედაქტორიც ანდრია ლოლაძე იყო.  ნიკო ლომოურმა ასევე ათარგმნინა ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, მაგრამ  მის დაბეჭდვაზე არც უფიქრია. შემდეგ ანასტასია უკვე ორიგინალურ ნაწარმოებებზე გადავიდა და დაწერა „ პატარა ნუცას სათხოვარი“. მოთხრობა ჟურნალ „ჯეჯილში“ გამოქვეყნდა. მასწავლებელმა მოსწავლის წარმატება თავის დიდი გამარჯებად მიიჩნია და კლასში საჯაროდ წაიკითხა.

პროგიმნაზიის დამთავრების შემდეგ ანასტასია დაბრუნდა ფცაში, სადაც შეკრიბა გლეხის ბავშვები და დააარსა სკოლა. თავის ავტობიოგრაფიაში მწერალი ქალი წერს: „სასწავლებლიდან დაბრუნების შემდეგ მე უფრო ნათლად დავინახე, რა უმეცრებაში და გაჭირვებაში იმყოფება სოფელი, და გავიზრახე, რაც შევისწავლე, გადამეცა ადგილობრივი ახალგზარდებისთვის“.  

ანასტასია  ერისთავის სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლა უკავშირდება აკაკი წერეთლის სახელს. ახალგზარდა მწერალს ცნობილი პოეტი თბილისში 1887  წელს,  ჯერ ბიძის- ელიზბარ ერისთავის  სახლში უნახავს, შემდეგ კი ფცაში სტუმრად მყოფი აკაკისთვის 1893 წელს ტასო  დათა ბაგრატიონს წარუდგენია. ეს შეხვედრა ტასოს ბედის განმსაზღვრელი გამოდგა. აკაკიმ მოიწონა ანასტასიას მიერ მომზადებული ბავშვების ცოდნა, შეაქო მათი მასწავლებელი, ხოლო მისი ლექსი არ მოსწონებია, რაკი ანასტატიას წყენა არ უნდოდა დათა ბაგრატიონს აკაკისთვის უთქვამს ,რომ იგი მოთხრობებსაც წერდა. აკაკის იმავე ღამეს წაუკითხავას მისი მოთხრობა“ ბატონებამ დაიწუნეს“ და ძლიერ მოსწონებია. მეორე დღეს მგოსანს შეუქია პროზაიკოსი და  უქვამს „ მოსალოცი ხარ ტასო, ლექსებში ვერ ივარგე, სამაგიეროდ  მოთხრობებისთვის კალამი გემარჯვება. განსაკუთრებით მომწონს შენი ქართული წერით შეფერადებული და შედარებით შემსუბუქებული  ენა. გადავწყვიტე თბილისში წავიღო და „ კვალში”  დავაბეჭდინო ანასტასია თუმანიშვილს“. ასე დაულოცა აკაკიმ მწერალ ქალს შემოქმედებითი გზა. მართალაც 1893 წელს აკაკის წარდგინებით ეს მოთხრობა „ კვალში“ გამოქვეყნდა.

პირველად   1885 წელს ჟურნალ „ ნობათში ”გამოქვეყნდა ა. ერისთავის მიერ რუსულიდან ნათარგმნი ოსური ლეგენდა „ ბესო“ . მერე  მას  მოყვა ორიგინალური თხზულებების ბეჭდვაც :“პატარა ნუცას სატხოვარი“, „ ბატონებმა არ დაიწუნეს“, „ლაზარემ გადააჭარბა“, ხოლო 1896 წელს ჟურნალ „მოამბეში  ” იწყება რომანის „ მოლიპულ გზაზე” ბეჭდვა. ამ რომანს დიდი გამოხმაურება მოყვა.

1897 წელს ანასტასია  ერისთავი ცოლად გაყვა  დუტუ მეგრელს (დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას). მომავალი მეუღლე მან ქართლში გაიცნო,  გამორჩეული თავადის ნიკო დიასამიძის ოჯახში. იმ დროს, როგორც ანასტასია ამბობს „ დუტუ მოდაში იყო. მის ლექსებს ქალები გიტარაზე მღეროდნენ...“ ჯვარი მეჯვრისხევში დაიწერეს,  ანასტასია ერისთავი გახდა ერისთავ- ხიშტარია.

ანასტასია და დუტუ ოლთისში გაემგზავრნენ, სადაც დუტუ მსახურობდა. ანასტასიასათვის აუტანელი იყო იქ ყოფნა. ქმარმა ეს შენიშნა და წლისთავზე ერევანში გადავიდა. სწორედ აქ დაწერა ანასტასიამ თავისი მეორე რომანი „ ბედის ტრიალი“. მეუღლესთან ერთად იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა ხან ერევანში, ხან კი ყარსსა და ნახიჩევანში.

 მწერალი 1910 წელს დაუბრუნდა საყვარელ გორს. 1993 წელს მწერალი აქ აარსებს  ქალთა საზოგადოება“ მანდილოსანს“, რომელსაც კეთილშობილური პროგრამა ქონდა. იგი მიზანდ ისახავდა  დახმარებოდა გაჭირვებულ ქალებს ზნეობრივადაც და ქონებრივადაც, მოეწყო საგანმანათლებლო ხასიათის დაწესებულებები- სკოლები, საბავშვო ბაღები, რეფერატები, საზოგადოებრივი კითხვები, გაეხსნა სახელოსნოები და ა.შ. თუმცა ეს საზოგადოება მოგვიანებით გაუქმდა. ყველამ ერთგვარად ვერ დაინახა მწერლის სიკეთე და ბევრმა წევრმაც დიდი უმადურობა გამოამჟღავნა.

 მე-19  საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ანასატასია ერისთავი ხოშტარიას რომანები „ მოლიპულ გზაზე“ და “ბედის ტრიალი“, რამაც  როგორც ამბობენ,  ამოავსო ქართული რომანისტიკის ისტორიაში არსებული სიცარიელე.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების "პოლიტიკურად კორექტულ" შესავლებს წერდა . შემდეგში, სხვადასხვა დროს, გამოქვეყნდა მწერლის ნაწარმოებები, ხან პრესაში  ხან ცალკეულ წიგნად და ხან კრებულად. 1952-1961 წლებში გამოვიდა მწერლის სრული სამტომიანი კრებული.

 ანასტასია ღრმად მოხუცებული და დაფასებული გარდაიცვალა 1951 წელს, დასაფლავებულია თბილისში.

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართული მწერლობა- ტომი ოცდამეცამეტე.“ ნაკადული“ თბილისი 2009. (გვ 572-574) 
  2. 10  მწერალი, ტარიელ კვაჭილაშვილი,   გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1989. (გვ- 6-10)