ვერა ბარდაველიძე

 

1899-1970

ცნობილი მეცნიერი, საქართველოში ეთნოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბების ერთ–ერთი ნოვატორი. სამეცნიერო და კვლევით მუშაობასთან ერთად, ვერა ბარდაველიძე აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა და ეთნოგრაფთა არაერთი თაობა აღზარდა. მისი კვლევის საგანს შეადგენდა ქართველი ხალხის ყოფითი და სულიერი კულტურის საკითხები: ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართული ხალხური დღეობათა კალენდარი, ხალხური ორნამენტი, საწესო გრაფიკული ხელოვნება და სხვ. საგანგებოდ აღსანიშნავია ბარდაველიძის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა თემის ადრეკლასობრივი საფეხურის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციის (თეოკრატია) ბუნების დადგენა, რითაც საფუძველი გამოაცალა მთაში გვაროვნული წყობის მარადიულობის თეორიას.

ვერა ბარდაველიძე 1899 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დაიბადა ვარდენ ბარდაველიძისა და ეფემია ძინძიბაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის მე-8 ქალთა გიმნაზიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. ვერამ გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე გამოავლინა განსაკუთრებული ინტერესი ისტორიისა და ლიტერატურის მიმართ და გიმნაზიასთან არსებულ ლიტერატურულ წრეშიც იყო გაერთიანებული, რომელსავ იმავე გიმნაზიის პედაგოგი სილიბისტრო ლომია ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთ საღამოზე, ს. ლომიას თავისი მეგობრები, სიმონ ყაუხჩიშვილი და მისი მეუღლე, თამარ იშხნელი მოუწვევია. ვერას მიერ მომზადებულ მცირე ნარკვევს ვაჟა-ფშაველაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ცნობილ მეცნიერზე.

გიმნაზიაში სწავლის დასრულებისთანავე ვერა ცოლად გაჰყვა სილიბისტრო ლომიას, რომელიც ცნობილი ენათმეცნიერის ნიკო მარის მოწაფე იყო და იმ პერიოდში სპარსეთში მიემგზავრებოდა სამეცნიერო მივლინებით. ლომიამ თან წაიყვანა ახალგაზრდა მეუღლეც, თუმცა, სპარსეთში ჩასვლისთანავე ტიფით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. უსახსროდ დარჩენილ ახალგაზრდა ქალს სპარსეთში ქართველი მოღვაწე გ.ხოშტარია უწევდა მფარველობას.  ერთი წლის შემდეგ, მისივე დახმარებით, ვერა საქართველოში დაბრუნდა.

1920 წელს ვერა მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგია-ეთნოგრაფიის განყოფილებაში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ კი მეცნიერ-მუშაკად. 1926 წელს მთლიანად აღწერა მუზეუმის კოლექციაში არსებული ეთნოგრაფიული მასალები. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა და გაიხსნა ხევსურეთის, სვანეთის, აბისინიის, მე-19-ე საუკუნის ქალის ქართული ჩაცმულობის, საქართველოს ერთიანი ეთნოგრაფიული გამოფენები. მუზეუმში მუშაობის პარალელურად, ვერა ბარდაველიძე სწავლას თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე აგრძელებს, რომელიც წარმატებით დაასრულა 1923 წელს. 

1922 წელს, მუზეუმის არქეოლოგია-ეთნოგრაფიის განყოფილებას სათავეში ვერა ბარდაველიძის მომავალი მეუღლე და კოლეგა, გიორგი ჩიტაია ჩაუდგა, რომლის სახელსაც უკავშირდება ეთნოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბება საქართველოში. ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის გარდა, მათ საერთო საქმეც აკავშირებდათ და ორივე მათგანმა განუზომელი ღვაწლი დასდო როგორც ეთნოგრაფიის სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბებას, ისე უნიკალური ეთნოგრაფიული არქივის შექმნას საქართველოში. 

1926 წელს ვერა ბარდაველიძე ასპირანტურაში სასწავლებლად ლენინგრადში, მატერიალური კულტურის სახელმწიფო აკადემიაში მიავლინეს. სწავლის დასრულებისთანავე, ვერა მუშაობას იწყებს ქართველი ერის სულიერი კულტურის შესწავლაზე. ძირითადი ამოცანა, რომლის გადაჭრაც მკვლევარმა დაისახა მიზნად, ხალხის ყოველდღიურ პრაქტიკასა და სულიერ ცხოვრებაში დღეობათა წონისა და მნიშვნელობის გააზრება იყო. ბუნებრივია, იმ პერიოდში,  ამ საკითხების შესწავლა და მეცნიერული გააზრება მკაცრი იდეოლოგიური წნეხის პირობებში ხდებოდა. „სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარის“ შესავალში ვერა ბარდაველიძე წერს: „სვანური ხალხური კალენდრის შესწავლას შევუდექი 1931 წლის ზაფხულში, როდესაც მატერიალური კულტურის სახელმწიფო აკადემიის (ლენინგრადში), მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს (მოსკოვში) და საქართველოს მუზეუმის მიერ მივლინებული ვიყავი სვანეთსა და რაჭა–ლეჩხუმში რელიგიური გადმონაშთების შესასწავლად“. ერთია, რა მიზანი ჰქონდა „მუკის“ (მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) დავალებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, თუმცა, მეორე მხრივ, ეთნოგრაფებს საშალებას აძლევდათ ემუშავათ საველე-ეთნოგრაფიული  მასალების შეკრებაზე, რასაც ვერა ბარდაველიძე უპირველეს და ყველაზე საშურ საქმედ მიიჩნევდა. 

1934 წელს ვერა ბარდაველიძე მუშაობას იწყებს მეცნიერებათა აკადემიის კავკასიათმცოდნეობის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტში. 1965 წლიდან გარდაცვალებამდე კი ამავე ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგედ მუშაობდა. პარალელურად საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში.

ეთნოგრაფიის, როგორც ცალკე სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბებაზე მუშაობა საქართველოში ოციანი წლების მიწურულს დაიწყო. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ დარგის სათავეებთან იდგა, პირველი რიგის ამოცანას მეცნიერული კვლევისათვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავება და ამ მეთოდოლოგიით საველე–კვლევითი სამუშაობის წარმართვა წარმოადგენდა.

30–იან წლებში ვერა ბარდაველიძე მუშაობას იწყებს ერთიანი პროგრამა-კითხვარის შემუშავებაზე, რომლის საფუძველზეც წლების განმავლობაში ხდებოდა ეთნოგრაფიული მასალების მოპოვება/სისტემატიზაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პროგრამა-კითხვარი მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა ხალხური დღესასწაულები, მიცვალებულის კულტი, კულტმსახურება, ხალხური მედიცინა, ბავშვების დაბადებისა და აღზრდის წესები, სწორფერობისა და წაწლობის ინსტიტუტები, ხალხური სამართალი, მითოლოგია, ანდრეზები  და სხვ.

უმდიდრესი და უნიკალური მასალა, რომელიც ამ პერიოდში ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს შეგროვდა საფუძვლად არაერთ სამეცნიერო ნაშრომს დაედო საფუძვლად, მათი დიდი ნაწილი კი ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში ინახება და დღემდე ელოდება მკვლევარებს. ამ მასალების ღირებულება მით უფრო მატულობს, რაც მეტი დრო გადის, რადგან ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, იმ ტრადიციებისა და წეს–ჩვეულებების უმეტესობა, რომლებიც  ამ მასალებშია აღწერილი და თავმოყრილი, დღესდღეობით თითქმის მთლიანად გამქრალია და მათი მცოდნეც ცოტაღაა დარჩენილი.

კვლევითი საქმიანობისა და ეთნოგრაფიული ექსპედიციების პარალელურად ხდებოდა მოკვლეული მასალების დამუშავებაც. 1936-41 წლები გამოიცა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, რომელიც დღემდე რჩება საბაზისო შრომებად ქართულ ეთნოგრაფიაში: „ქართული ხალხური ორნამენტი“ (ვ.ბარდაველიძე, გ. ჩიტაია), „სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი“ (ვ.ბარდაველიძე), „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან“ (ვ.ბარდაველიძე), „დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში“ (რ.რუხაძე), „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“ - ოთხი ტომი. 1940 წელს გამოქვეყნდა ვერა ბარდაველიძის საველე ეთნოგრაფიული დღიური „ივრის ფშაველებში“, რომელიც გამოირჩევა თხრობის თავისებური მანერითა და ფორმით. ცოცხალ სინამდვილესა და ყოფაზე დაკვირვება მისი მუშაობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენდა. დღიურები გაფორმებულია მხატვარ-ილუსტრატორის ნინო ბრიალაშვილის ჩანახატებით, რომელიც ვერა ბარდაველიძის ექსპედიციების უცვლელი მონაწილე იყო.

ექსპედიციების ორგანიზება და მონაწილეობა იმ პერიოდში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სამანქანო გზა ყველგან არ მიდიოდა და ისედაც, სატვირთო მანქანით მგზავრობა დიდ კომფორტად ითვლებოდა. ამიტომ, ექსპედიციის მონაწილეებს ხშირად უწევდათ ცხენით ან ფეხით მგზავრობა და ექსპედიციის ტვირთის ტარება. ყველა ამ დაბრკოლებას – უგზოობას, უამინდობას, ხშირად საკვების ნაკლებობას – ვერა, ექსპედიციის ახალგაზრდა მონაწილეებთან ერთად, გასაოცარი გამძლეობით იტანდა. თავს ექსპედიციის არცერთი მონაწილე ზოგავდა, თუმცა, ვერა ბარდაველიძის შრომისუნარიანობაზე ლეგენდები დადიოდა.  ეთნოგრაფი თინათინ ოჩიაური იხსენებს: „მაშინ ყველანი ახალგაზრდები იყვნენ; ალპური ზოლის სოფლებსა თუ მწვერვალებზე მდებარე ხატ-სალოცავებში ყველა დაუზარებლად მიდიოდა, რა სიმრავლე იყო მაშინ მცოდნე ხალხისა. ოღონდ გეკითხა და გეწერა. მე მაშინ საველე მუშაობის პრაქტიკას გავდიოდი. მასალას ვკრებდი სულის წყაროებზე, ვიწერდი ქ-ნ ვერასათვის, როცა იგი მთხრობელს ეკითხებოდა. ამ ექსპედიციაში პირველად ვნახე ქ-ნ ვერას დაუოკებელი სწრაფვა, რაც შეიძლება მეტი გამოეკითხა და გაეგო, არ დაეზოგა თავი და არც მოპასუხე. როცა მუშაობას დაამთავრებდა, მთხრობელს არაქათი აღარ ჰქონდა, თვითონ კი ძალზე კმაყოფილი, იმავე ღამეს დაამუშავებდა მიღებულ ინფორმაციას“.

სამეცნიერო და საველე მუშაობა სხვადასხვა სპეციფიკაციასთანაა დაკავშირებული და ძნელი იყო ისეთი კადრების საჭირო რაოდენობით კონსოლიდირება, ვინც ორივე სახის სამუშაოს გაართმევდა თავს. ამიტომ, ვერა ბარდაველიძემ გარშემო შემოიკრიბა ენთუზიასტები, რომლებიც თავიანთი კუთხეების ტრადიციებისა და ისტორიის უბადლო მცოდნენი იყვნენ: ალექსი ოჩიაური, ნათელა და მელანია ბალიაურები, გიორგი ბოჭორიძე, ანდრო შადური, დარისპან მარგიანი, მერი გუჯეჯიანი და სხვები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ეთნოგრაფიული მასალების შეგროვებაში.

ვერა ბარდაველიძე ყოველთვის თბილად და დიდი მოწიწებით მოიხსენიებდა ამ ადამიანებსა და არც მადლობის სიტყვები დაუშურებია მათ მიმართ ამ უძვირფასესი მასალების შენარჩუნება/აღწერაში გაწეული დახმარების გამო. ეს პატივისცემა და სიყვარული კი ორმხრივი იყო. ეთნოგრაფი თინათინ ოჩიაური, ფშავ–ხევსურეთის ექსპედიციაზე საუბრისას იხსენებს იახსარის ხატის ხევისბერის ბიჭურ ბადრიშვილის სიტყვებს, რომელიც ექსპედიციის თანმხლები იყო უკანაფშავის თემში. როდესაც ვერას გარდაცვალების შემდეგ მისთვის გიორგი ჩიტაიას მიერ გამოგზავნილი ვერა ბარდაველიძის ნაშრომი გადაუციათ ფშავის საკულტო ძეგლებზე, უთქვამს: „გიორგი... კიდევ ვახსოვარ?! რამდენი სიკეთე მახსოვს მათგან. წიგნიც მოგიტანია, ჩვენი ვერას წიგნი... ვეღარასა ვხედავ, ხელს მაინც მოვატარებ. რა დიდი გამოსულა ჩვენი სალოცავები, დაილოცოს! ჩემზე სწერია თურმე, ვერას დაუწერია, რამდენი ცრემლი მქონდა მაგის სიკვდილზე. მანამ სული მიდგას რა დამავიწყებს. წმინდანი იყო და წმინდანებშიც უნდა მოვიხსენიოთ. მაგის სულს დამწყალობნებაც  ეკუთვნის: „დიდება შენდა ღმერთო მაღალო, ცათა სწორო, ხმელეთის ბადალო. დიდება შენდა! დასწერე ჯვარი ალო ღვთისაო, დიდებულო გიორგი ლაშარის ჯვარო, დიდება შენდა კვირაევ კარვიანო, დიდება შენდა დედაო ღვთისმშოლბელო, დამასტეს წმ. გიორგიო... მოვიხსენოთ ვერა, ჩვენთვის სასახელო სამართლიანი, ჩვენთვის მოწყალე და  გამასხივებელი, კეთილი ანგელოზი, რომელმან მოგფინათ შუქი უკვდავებისა...“

ვერა ბარდაველიძეს მასალებზე მუშაობის თავისებური მანერა ჰქონდა. ნაშრომისათვის საბოლოო ფორმის მიცემამდე რამდენჯერმე ამოწმებდა თვითეულ დეტალს, ურთირთშეჯერების, სათანადო სქემებისა და კარტოგრამების გამოყენებით ადგენდა ფაქტების სისწორეს, გავრცელების არეალსა და სიღრმეს. ყველა მისი ნაშრომი გამოირჩევა დეტალების სიუხვითა და ღრმა, ფაქტებზე დამყარებული ანალიზით.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ვერა ბარდაველიძე აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა და ეთნოგრაფთა არაერთი თაობა აღზარდა.

ძნელია არ დაეთანხმო ფრანგი ეთნოგრაფს, ქრისტიან პიგეტ დეა რივასოს, რომელიც ვერას შესახებ წერდა: “... მისი ცხოვრება  ბრწყინვალე მაგალითია საკუთარი მრწამსის ძიებისა, რომლის სისხლხორცეული ნაწილია საქართველოს წარსული, ქართული წესი და ზნე...“

ვერა ბარდაველიძის გამოქვეყნებული შრომების ბიბლიოგრაფია ასზე მეტ სტატიასა თუ მონოგრაფიას მოიცავს. ამას გარდა, მას დარჩა უმდიდრესი პირადი არქივი, რომელიც მისმა მეუღლემ, გიორგი ჩიტაიამ, ვერას სიკვდილის მერე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს გადასცა. წერილობითი წყაროებისა და ჩანახატების გარდა, არქივი ხმოვან ჩანაწრებსაც მოიცავს, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება ახალ მატარებლებზე გადატანა. ამჟამად დაწყებულია მუშაობა არქივის სისტემატიზაციაზე, რაც რთული და ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, არქივის მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენისა და  ხელშეწყობის პირობებში, ეს პროცესი შეიძლება მნიშვნელოვანწილად დაჩქარდეს და არქივი ხელმისაწვდომი გახდეს ეთნოგრაფიითა და კულტურით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.

მასალების მოწოდებისათვის და თანამშრომლობისათვის მადლობას ვუხდით საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნვერსტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და მის თანამშრომლებს, ვერა ბარდაველიძის დის შვილს.

 

ძირითადი სამეცნიერო შრომები:

1. სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1. ახალწლის ციკლი, თბილისი, 1939;

2. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების სასულიერო ტექსტები, საქართველოს ეთნოგრაფიის მასალები, I, 1938;

3. ქართველთა უძველესი სარწმუნოებრივი ისტორიიდან, (ღვთაება ბარბარ-ბარბარ), თბ., 1941;

4.  ქართული  (სვანური)  საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბილისი 1953;

5. ქართველ ტომთა უძველესი რელიგიური წარმოდგენები და ტრადიციული გრაფიკული ხელოვნება  (რუსულ ენაზე), თბილისი, 1957;

6. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლების ისტორიული ფესვები,  საისტორიო წერილები, II, თბილისი, 1971;

7. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები,  I, თბილისი, 1974.

 

წყაროები:

  1. გეგეშიძე ., ვ. ბარდაველიძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის», თბილისი, 1972, ტ. 16-17, გვ. 5-21;
  2. ოჩიაური თ., რუხაძე ჯ., ვერა ბარდაველიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. თბილისი., მეცნიერება 1988.