ლიზა /ელისაბედ/ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

Teaser Image Caption
მარჯვნიდან პირველი ზის ლიზა ნაკაშიძე.

(1885-1937)

დაიბადა 1885 წლის აგვისტოში, ოზურგეთის მაზრა სოფელ სამხვთოში, აზნაურის ოჯახში. მიიღო საშუალო განათლება; პროფესია კოოპერატორი.

1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო „მენშევიკებს“. 1907 წელს გურიის პარტიულმა ორგანიზაციებმა აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიიის კომიტეტის წევრად. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ ლიზა ნაკაშიძე გაძევებული იყო ამიერკავკასიის ფარგლებიდან. დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ.1918 წლის მარტში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.

1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს 1923 წელს. 1923 წლის 2 მაისს, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის დადგენილებით  „მენშევიკური პარტიის“ 78 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე გადაასახლეს ურალის მხარეში. ამავე პერიოდში, ბათუმში დააპატიმრეს ლიზა ნაკაშიძის მამა - იოსებ მიხეილის ძე ნაკაშიძე (1855-1924? წწ.), რომელსაც ამ დროისათვის უკვე ეჭვმიტანილ ოთარ და მუშნი დადიანებთან კავშირი და იარაღის გადამალვა ედებოდა ბრალად. საგანგებო კომისიამ მისი ბრალდების ფაქტებით დასაბუთება ვერ მოახერხა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგმლობების მიუხედავად იოსებ ნაკაშიძე მაინც დატოვა პატიმრობაში რამდენიმე თვით; იოსებ ნაკაშიძე გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა.

1923 წლის 30 დეკემბერს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრის, საქართველოს არალეგალური პროფკავშირების ყოფილი ლიდერის ილარიონ გიორგაძის (1881-1923 წწ.)  მკვლელობის შემდეგ, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ „მენშევიკებს“ მიაწერა, საქართველოს საგანგებო კომისიამ მძევლად გამოაცხადა დაპატიმრებული და გადასახლებაში მყოფი 38 სოციალ-დემოკრატი „მენშევიკი“, მათ შორის ლიზა ბოლქვაძე და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში მათი დახვრეტით დაიმუქრა.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ტაქტიკის შეცვლის და რეპრესიების შერბილების კამპანიის ფარგლებში, გადასახლებულთა ნაწილს უფლება მისცეს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალე ჩავიდა თბილისში, სადაც დაიწყო სამსახური საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში. პარალელურად იგი კოოპტაციით შეიყვანეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში. 1926 წლის 22 თებერვალს, არალეგალური ცეკას მდივნის ელეონორა მახვილაძის (ტერ-ფარსეგოვა) დაპატირების შემდეგ ლიზა ბოლქვაძე ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი.

ლიზა ბოლქვაძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ დააპატიმრა 1926 წლის 29 ივნისს. 8 ივლისს, დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირების და პარტიის მდგომარეობის შესახებ; მართალია აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო არალეგალური ანტი-საბჭოთა საქმიანობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ სცნო.

საქართველოს და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიასთან არსებულმა ადმინგადასახლების განსაკუთრებულმა სათათბირომ ლიზა ბოლქვაძე 1926 წლის 24 ივლისს მოსკოვში გადააგზავნა ОГПУ-ს კოლეგიათან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს განკარგულებაში, მისი რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლების რეკომენდაციაზე სანქციისათვის; ამ უკანასკნელმა 1926 წლის 20 აგვისტოს ლიზა ბოლქვაძეს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში გადააგზავნა.

ამავე კოლეგიამ ამიერკავკასიის რსფსრ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1926 წლის 10 დეკემბრის შუამდგომლობის შემდეგ, 1927 წლის 7 იანვარს შრომა-გასწორების კოლონიაში 3-წლიანი პატიმრობა გადასახლებით შეუცვალა; 1930 წლის 18 იანვარს კი გადასახლების ვადა 3 წლით გაუგრძელა. 1933 წლის 4 თებერვალს სასჯელი ვადის ამოწურვის შემდეგ, ამავე კოლეგიამ მხოლოდ ურალსკის მხარეში ცხოვრების უფლებით გაათავისუფლა.

გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ალთაის მხარეში, ქალაქ ობის კამენში.1936 წლის დასაწყისში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავა; ძიების ვერსიით, გადასახლებაში ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების არაფორმალური მექნიზმების, მიმოწერის და შეკრებების უკან კონტრრევოლუციური ორგანიზაცია ინიღბებოდა, რომლის მთავარი ორგანიზატორი ცნობილი სოციალ-დემოკრატები - ლიზა ბოლქვაძე და კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილი იყვნენ.

ლიზა ბოლქვაძე შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ 1936 წლის 4 აპრილს დააპატიმრა; დაკითხვებზე, დაპატიმრებულთა უმრავლესობის მსგავსად იგი კატეგორიულად უარყოფდა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის არსებობას და „მენშევიკების“ საზღვარგარეთის ბიუროსთან კავშირს; პირადი კავშირების დასახელებაზე კი უარს აცხადებდა. მისი განმარტებით:

„ . . .წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ვცნობ; არ უარვყოფ რომ სადაც კი ვიყავი გადასახლებაში ყველა ჩემს ამხანაგთან - გადასახლებულ მენშევიკებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ისინი ჩემთან დადიოდნენ ხოლმე, არ უარვყოფ, რომ მქონდა მიმოწერა ამხანაგებთან, არ უარვყოფ, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ დავეხმარო გადასახლებულ ამხანაგებს, რომლებიც მატერიალურ სახსრებს საჭიროებენ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ, რომ გადასახლებაში ვეწეოდი რაიმე არალეგალურ, მენშევიკურ საქმიანობას; ყველა ჩემი კავშირი და ამხანაგური დახმარება წარმოადგენდა პირად სურვილს და არ ატარებდა პარტიულ ხასიათს . . .“

მიუხედავად ამისა ძიებამ შეძლო მოწმის სტატუსით დაკითხული ადგილობრივი მცხოვრებებისა და რამდენიმე დაპატიმრებულისაგან (სავარაუდოდ ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით) სასურველი ინფორმაციის მიღება, თუმცა ბრალდების ფაქტებით დადასტურება ვერ შეძლო; მიუხედავად ამისა საკმარისად ჩაითვალა ჩვენებაში მოყვანილი ინფორმაცია, რომ გადასახლების ადგილებში ორგანიზებული ჯგუფების მიზანი გადასახლებულთა შორის მენშევიკური პარტიის რიგების განმტკიცება და პარტიული ცხოვრების შენარჩუნება (რაც რეალურად ხდებოდა კიდევაც) იყო, რის საფუძველზეც განავითარა დასკვნა, რომ ორგანიზაციები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული“მენშევიკური“  პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და კონტრრევოლუცუიური გადატრიალებისათვის მზადებაში იყვნენ ჩართული.

სსრკ-ს შინსახკომის კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ ლიზა ბოლქვაძეს 1936 წლის 21 სექტემბერს 5 წლით გადასახლება მიუსაჯა კრასნოიარსკის მხარეში.

1936 წლის 6 ნოემბერს ლიზა ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში. 1937 წლის 13 თებერვალს, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) დახვრეტა მიუსაჯა; დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში.

რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს ალთაის მხარის პროკურატურის მიერ.

 

გამოყენებული წყაროები:

  1. „თეატრი და ცხოვრება“, 09.04.1917 წ.  #15.
  2. საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #160.
  3. საქართველოს შსს-ს არქივი (1-ლი განყოფილება), ფონდი #6, საქმე #36363.
  4. კირთაძე ნესტან (ელისაბედ), „კაენ, სად არის ძმა შენი?!“, თბილისი. მერანი. 1998 წ.