ელისაბედ ჩერქეზიშვილი

(1863-1948)

ელისაბედი დაიბადა 1863 წლის 14 ნოემბერს, გორის მაზრის სოფელ კოშკაში, ღარიბი აზნაურის, ალექსანდრე ჩერქეზიშვილის ოჯახში. დედამისი, მარიამ მხარგრძელ-ფავლენიშვილი, ფუფუნებაში ცხოვრებას იყო მიჩვეული. მას ნათესავები ხშირად საყვედურობდნენ იმის გამო, რომ თავისზე დაბალი წოდების ხელმოკლე კაცს გაჰყვა ცოლად. ნათესავთა შეგონებებმა მარიამზე გავლენა ადვილად იქონია. იგი ოჯახიდან ხშირად გადაიკარგებოდა ხოლმე, ხან ერთ ნათესავთან, ხანაც მეორესთან. პატარა ლიზა მამასთან რჩებოდა. ალექსანდრე იძულებული გახდა, შვილის სწავლა-განათლებაზე ერთპიროვნულად ეზრუნა. იგი ლიზას შინაურ გაკვეთილებს უტარებდა მუსიკასა და ზეპირსიტყვიერებაში. მალე შვილის სწავლის საქმეში მარიამიც ჩაერთო. გავლენიანი დიდგვაროვანი ნათესავების დახმარებით, მან წმინდა ნინოს სასწავლებელში ელისაბედის სახელმწიფო ხარჯზე ჩარიცხვა მოახერხა. მაგრამ, დედა-შვილის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ალექსანდრე, რომელიც ძველმოდური კაცი იყო, შვილის სასწავლებელში მიბარებას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა. „მამათა და შვილთა“ დაპირისპირების მოწმეს, ქალის განათლებისა შავი ჭირივით ეშინოდა. „ჩემი შვილი იქ მივაბარო, რომ ოჯახში განათლებული მტერი შემომივიდესო?“, - ბობოქრობდა ალექსანდრე. ნაწილობრივ, იგი თავისი ცოლის თავნებობას და დაუმორჩილებლობასაც „განათლების ავ გავლენას“ უკავშირებდა. ალექსანდრეს სიფრთხილე უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა, რადგან მან კარგად უწყოდა თავისი გოგონას მტკიცე და თავისნათქვამა ხასიათის შესახებ. სოფრომ მგალობლიშვილის ვარაუდით, ნიკო ლომოურის ქაჯანას პროტოტიპი სწორედ ლიზა იყო.

ყველაფერში ქმრის ჯიბრზე მოქმედმა მარიამმა მაინც მოახერხა და ლიზა დროებით მიაბარა გორში იმხანად ყველაზე პრესტიჟულ ხრუშჩოვების ქალთა სასწავლებელში. თუმცა, დედამ ბოლომდე თავისი მაინც ვერ გაიტანა და ლიზიკო მალე დასახელებული სასწავლებლიდანაც გამოიყვანეს.

16 წლის ელისაბედს თავისუფალი დრო თავზე საყრელად ჰქონდა. თუ ნათესაობაში რაიმე დღესასწაული ან ქორწილი აღინიშნებოდა, მშობლებთან ერთად არც ერთს არ გამოაკლდებოდა. ერთ-ერთი ქორწილის დროს, როდესაც ლიზამ არაჩვეულებრივი ლეკური ჩამოუარა, მას თვალი მისივე დეიდის მაზლმა, გიგა მაჩაბელმა დაადგა. თავად მაჩაბელს, ქართველ დიდგვაროვანთა დიდი ნაწილის მსგავსად, თავისი ქონება უკვე კარგა ხნის განიავებული ჰქონდა. ლიზას თავისზე ბევრად უფროს, უმაქნის და უილაჯო კაცზე გათხოვების გაგონებაც არ სურდა. ამ ამბავს ისე განიცდიდა, რომ გარკვეული პერიოდი დარდისგან ლოგინადაც კი ჩავარდა. მაგრამ, აბეზარმა მაჭანკლებმა და ძალაუფლებისმოყვარე დედამ მისი ბედი დაუკითხავად გადაწყვიტეს. ლიზასა და გიგა მაჩაბლის ჯვრისწერის შესახებ მამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით შეატყობინეს. როდესაც ალექსანდრემ უსწავლელი და მოუხეშავი სიძე გაიცნო, ელდა ეცა და მარიამი საყვედურებით აავსო, მაგრამ ამ უკანასკნელმა გესლიანად უპასუხა, რომ მისი სიძე ნამდვილი თავადი იყო და არა მეფუტკრე აზნაური. ამ უხეშმა ტონმა მამა განარისხა, მან სასწრაფოდ გადაკოცნა ქალიშვილი, მას ბედნიერება უსურვა, და იქაურობას გაეცალა. ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო. ალექსანდრე ლიზას ქორწილს არ დასწრებია. როცა იგი გარდაიცვალა, ელისაბედი ორსულად იყო, რის გამოც მან მამა უკანასკნელ გზაზეც ვერ გააცილა.

ადვილი წარმოსადგენია, რომ ლიზამ ქორწინებაში ბედნიერება ვერ ჰპოვა. ჭკუასუსტი ქმარი მისთვის ძნელი გასაძლები შეიქნა. გარდა იმისა, რომ გიგა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, მას აუტანელი ხასიათიც „ამკობდა“. საშინლად ეჭვიანი, მუდამ თოფ-იარაღზე იხედებოდა, და როდესაც უსაგნო მრისხანება მოაწვებოდა, თავისივე ფაფახს მაღლა ააგდებდა და ტყვიებით ცხრილავდა. შემდეგ ფაფახს ჩამოიმხობდა და ცხენის ჭენებას შეუდგებოდა. ელისაბედმა იმ დროისთვის საშინლად „ამორალური“ ნაბიჯი გადადგა და ქორწინების მესამე წელს ქმრისგან წამოვიდა. ქმარმა ოფიციალურ განქორწინებაზე უარი განუცხადა, მაგრამ ელისაბედისთვის ამას ხელი არ შეუშლია, პატარა ნუცასთან ერთად დედასთან, სოფელ კოშკაში გადაბარგებულიყო. გიგა მაჩაბელი ელისაბედს დედის სახლშიც ხშირად მივარდნია და დაუწიოკებია.

მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდა. მალე მან გაიცნო ნიკო ხიზანაშვილი, ცხინვალში მოსამართლის თანაშემწედ მომუშავე ცნობილი იურისტი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, რომელთან ურთიერთობაც მალე მგზნებარე სიყვარულში გადაეზარდა. ნიკომ ელისაბედს ხელი სთხოვა და მის გოგონაზე მეურვეობაც მოინდომა, მაგრამ ამ ამბის გამგონე ყოფილმა ქმარმა კიდევ ერთი სკანდალი მოაწყო და ელისაბედსა და ნიკოს დახოცვით დაემუქრა. საბოლოოდ, მათი ჯვრისწერა მხოლოდ 15 წლის დაგვიანებით, თავადი მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. ნიკოსთან ლიზას ორი ვაჟი, ვახუშტი და შალიკო, შეეძინა. ნიკო ხიზანაშვილს ახლო მეგობრობა აკავშირებდა იმ დროის გამოჩენილ მოღვაწეებთან. ელისაბედი განსაკუთრებით დაუხლოვდა ილია ჭავჭავაძის ოჯახს, სადაც იგი მუდამ სასურველ სტუმრად მიიჩნეოდა.

არაჩვეულებრივი სამსახიობო ტალანტით დაჯილდოებულ ელისაბედს მეუღლემ ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ დიდ სცენაზე დამდგარიყო. იმ დროს ქალის მსახიობობა საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შედეგმაც არ დააყოვნა - მალე თბილისის პროფესიული თეატრის სცენაზე აღმოჩნდა. 1886 წლიდან იგი ქართული დრამატული თეატრის დასში ირიცხება (მისი პირველი როლია ნატალია, ვ. დიაჩენკოს პიესაში „ახლანდელი სიყვარული“). მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებულად სარა, ხანუმა (ა. ცაგარლის ,,ხანუმა”), ელისაბედი (რ. ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს), ტასია (ე. გაბაშვილის „ბედი მუხთალია“), ისახარი (ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ანა ანდეევნა (გოგოლის ,,რევიზორი), მაია (ა. წერეთლის „პატარა კახი“) უყვარდა. ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და კრიტიკოსი ვალერიან გუნია ელისაბედის სამსახიობო ტალანტს ნატო გაბუნიას გარდასახვის ოსტატობას აგონებს, როდესაც არტისტს განსაცვიფრებელი ნიჭიერებით, თანაბარი სიადვილით შეუძლია 16 წლის ცქრიალა გოგონასა და 90 წლის მოხუცის განსახიერება. თუმცა ელისაბედს, მაკო საფაროვასა და ნატო გაბუნიას მსგავსად, სულაც არ ჰქონია მომხიბლავი გარეგნობა, როლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა. ელისაბედ ჩერქეზიშვილი მალე საზოგადოებამ და კრიტიკამ ქართული რეალისტური თეატრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული თეატრის მსახიობებს სახალხო თეატრის უსასყიდლო სპექტაკლებში მონაწილეობა ეკრძალებოდათ, ელისაბედი აქტიურად თანამშრომლობდა სახალხო თეატრთან, რომელიც სოციალურად უკიდურესად ხელმოკლე აუდიტორიაზე იყო გათვლილი. საქველმოქმედო სპექტაკლებში მონაწილეობა ლიზას მთელი შემოქმედების მანძილზე არ შეუწყვეტია.

ელისაბედის და ნიკოს ოჯახური იდილია მალე დასრულდა. 1906 წელს ნიკო ხიზანაშვილი მოკლეს. ეს მკვლელობა ილიას მკვლელობის პრელუდიად იქცა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ელისაბედს სულ მალე ახალი უბედურება დაატყდა თავს - 1907 წელს მისი უფროსი ქალიშვილი ნუცა მაჩაბელი, ვინმე ელიზბაროვის დასმენით,  არალეგალურ სამხედრო ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ციმბირში გადაასახლეს. ელისაბედის დედა, მარიამი, შვილიშვილის დაპატიმრებისა და მათი სახლის ჩხრეკის გამო, ინფარქტით გარდაიცვალა. მოგვიანებით, ლიზას უფროს ვაჟს, ვახუშტის, მძიმე ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა და მოსკოვში გარდაიცვალა, უმცროსი ვაჟი კი ემიგრაციაში წავიდა და 26 წლის შემდეგ სამშობლოში ტუბერკულოზით დაავადებული და დაჩაჩანაკებული დაბრუნდა. ფაქტიურად, ელისაბედს მოკლე დროში ყველა უახლოესი ადამიანის გამოგლოვება მოუწია. ასეთ გაუსაძლის ტკივილს მას მხოლოდ და მხოლოდ მუშაობა უყუჩებდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ელისაბედ ჩერქეზიშვილი შ. რუსთაველის სახელობის თეატრში (1921-1924), 1924-1925 წლებში ქუთაისის, 1930-1948 წლებში კი – კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობს, სადაც ნენეს (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), მარიამის (შკვარკინის „უბრალო გოგონა“), როდამის (უშ. ჩხეიძის „გიორგი სააკაძე“), ხორეშანის (შ. დადიანის „ჩატეხილი ხიდი“) და მაკრინეს როლებით (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“) მაყურებლისთვის დაუვიწყარი სახეები შექმნა.

ქართული საზოგადოება თავის სათაყვანებელ მსახიობს მუდამ მოწიწებითა და დაფასებით ეპყრობოდა. ჯერ კიდევ 1916 წელს, მას 30 წლის, ხოლო 1926 წელს - 45 წლის სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს.

რესპუბლიკის სახალხო არტისტი ელისაბედ ჩერქეზიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქართული კინოხელოვნების სათავეებთან იდგა. ოციანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ორმოცდაათიანების დამდეგამდე, ელისაბედმა ქართულ სურათებში ბევრი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დედა („არსენა ჯორჯიაშვილი“, 1921), ჯუფანა („ვინ არის დამნაშავე“, 1925), ხანუმა („ხანუმა“, 1926), დედა („ორი მონადირე“, 1927), კნეინა („ჯანყი გურიაში“, 1928), თათრის ქალი („შეხვედრა“, 1930), მაჭანკალი („ჟუჟუნას მზითევი“, 1934), კოლმეურნე („ქალიშვილი გაღმიდან“, 1940), მაკარის დედა („ქეთო და კოტე“, 1948) და სხვ.

ელისაბედ ჩერქეზიშვილს საინტერესო ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა. 1941 წელს, იოსებ გრიშაშვილის რედაქციით, გამოქვეყნდა ლიზას მოგონებები, მოთხრობები და წერილები: „აღდგომის ღამე“ „მსახიობთა დღე“, „პეტერბურგის თეატრები“, „სცენა სოფლად“, „საბრალო ნენე“, „სამოცი წლის არშიყნი“, და სხვ.

ელისაბედის თქმით, ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდები თეატრმა გადაატანინა: „...სცენასაც ვუყვარდი და გამაძლებინა, ამატანინა ბევრი იმდროინდელი სიდუხჭირე და კიდევაც მაცოცხლა და მომყარა ამ ბედნიერ ხნამდე...“. გასაკვირი არაა, რომ უთეატროდ ცხოვრება არასოდეს წარმოედგინა. მისი გარდაცვალებაც ძალიან სიმბოლურ ვითარებაში მოხდა: 1948 წლის 17 ოქტომბერს, ბოლნისში მის პატივსაცემად გამართულ სპექტაკლზე დასასწრებად გამგზავრებისას, ავტოსადგურზე, გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის ნიკო ხიზანაშვილის გვერდით. 1963 წ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ქართულმა საზოგადოებამ აღნიშნა ე. ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. გიორგი ციციშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, საბჭოთა ხელოვნება, 1974 წ.
  2. მურმან ნიჟარაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თბილისი, 1977 წ.