მზია /მედეა/ ჯუღელი

(1924)

მზია ჯუღელი 1924 წელს, ქუთაისში, დაიბადა. დედა, თამარ ღამბაშიძე, სტომატოლოგი იყო, მამა, ნიკოლოზ ჯუღელი კი - თერაპევტი. როდესაც მშობლები საცხოვრებლად განაწილებით ქუთაისიდან გურჯაანში გადავიდნენ, მზია რვა წლის იყო. ჯუღელების ოჯახი გურჯაანში რკინიგზის ბინაში დასახლდა, პოლიკლინიკასთან ახლოს. მალე ნიკოლოზ ჯუღელს გურჯაანში მიწის ნაკვეთი გამოუყვეს, სადაც მან სამოთახიანი სახლი ჩადგა. აქ ნიკოლოზმა მეუღლისთვის საგანგებოდ სტომატოლოგიური კაბინეტიც მოაწყო.

ნიკოლოზის და თამარის თავდაუზოგავმა შრომამ გურჯაანში სულ მალე მათ მადლიერი პაციენტების მთელი არმია გაუჩინა. ღატაკ ადამიანებს ნიკოლოზი ყველანაირად ეხმარებოდა. ხშირ შემთხვევაში, საჭირო მედიკამენტების თანხასაც თავად იხდიდა. გურჯაანში ავადმყოფები შორეული სოფლებიდანაც კი ურმით ჩამოჰყავდათ. მზიას დღესაც თვალწინ უდგას მის მეხსიერებაში ღრმა ბავშვობიდან გამოყოლილი  სურათი - მშობლების ეზოსთან მომდგარი ურმები, რომლებიც სხვადასხვა ჭირნახულით იყო დატვირთული. მადლიერი პაციენტები შემოდგომის მოსვლას ასე ულოცავდნენ ხოლმე თავიანთ საყვარელ ექიმებს. მზია აღნიშნავს, რომ ეს არამც და არამც არ იყო ხელმოკლე ადამიანების მიერ გაწეული სამსახურისთვის „ვალის დაბრუნება“. ამას ადამიანები თავიანთ კეთილისმყოფელთა მიმართ სითბოსა და პატივისცემის გამოსახატად, დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ.

ჯუღელების ოჯახის იდილია სულ მალე დასრულდა. 1938 წლის 23 თებერვალს, გამთენიისას, ჯუღელების კარზე კაკუნი გაისმა. ამჯერად მომხდური პაციენტი არ ყოფილა, იგი გურჯაანის „ჩეკას“ უფროსი, გოგი გედევანიშვილი და მისი თანმხლები პირები იყვნენ. ნიკოლოზის მიერ მოწერილ წერილში ბევრი დამამშვიდებელი რამ ეწერა. დედა-შვილმაც უმალ დაიჯერა, რომ რაღაც დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ ნიკოლოზს საპატიმროდან მალე გამოუშვებდნენ. თუმცა, ამ ამბის შემდეგ მამასგან აღარანაირი ცნობა აღარ მიუღია.

დარდისგან განადგურებულ მზიას ყოველი დღის გათენება მამის ნახვის მინავლებულ იმედს უღვიძებდა, მაგრამ, „ჩეკამ“ 1938 წლის 8 მარტს უკვე დედა წაიყვანა. გოგონა სულ მარტო დარჩა. მეზობელმა სონია დარაბეგოვამ, საბედნიეროდ, მზიაზე მხრუნველობა იკისრა. ქალი მას გამუდმებით ამშვიდებდა და დედ-მამის კვლავ ხილვის იმედს უღვივებდა. მზიას ფიზაღზრდის მასწავლებელმა, შალვა ბოსტაშვილმა, თბილისიდან ბებია-ბაბუის ჩამოსვლამდე ბავშვის შინ წაყვანა განიზრახა, მაგრამ მას დაემუქრნენ, რომ „ტროცკისტის შვილის მფარველობის გამო დაპატიმრება არ ასცდებოდა“.

მალე მზია თბილისში, ბებია-ბაბუასთან გადავიდა. ჯერ კიდევ გურჯაანში ცხოვრებისას, შალვა მასწავლებელმა მასში დიდი სპორტული ნიჭი აღმოაჩინა. მან კარგად აუღო ალღო გოგონას  ფიზიკურ მონაცემებს და მამის პაციენტების ცხენებზე ჯირითისა და ახტალას საგუბრებში ცურვის სანაცვლოდ ბავშვის მშობლებს მზიას პროფესიულ სპორტში შეყვანა შესთავაზა. ასე აღმოჩნდა მზია პირველად გურჯაანის სპორტულ დარბაზში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ზემო გურჯაანის ეკლესიის გადაკეთების შემდეგ აამოქმედა. ტანვარჯიშით მისმა დაინტერესებამ თბილისში გადმოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანი სახე მიიღო და მრავალჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1940 წელს ლენინგრადში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე მზიამ ორძელსა და ბჯენით ხტომაში პირველი ადგილი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. მისი სახელი უკვე მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიგო. ტანვარჯიშის გარდა, მზია პარალელურად კოშკურიდან წყალში ხტომაში, მძლეოსნობასა და ცურვაში გამართულ საქართველოს პირველობებშიც აქტიურად მონაწილეობდა. „ასპარეზობაზე გამოსვლის წინ, თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა - შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. დანარჩენი ყველაფერი თავისთავად ხდებოდა“, - იხსენებს მზია ჯუღელი. მართლაც, მის სპორტულ კარიერაში გამოსვლები, რომლებსაც თან ტრავმები არ ახლდა, მუდამ სანიმუშო შესრულებით გამოირჩეოდა.

მზიას ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ თავისი წარმატებების წყალობით 1945 წელს გადასახლებული დედის მონახულება შეძლო. ვოლოგოდსკის ოლქის ბანაკში მყოფი თამარ ღამბაშიძისთვის 8 წლის უნახავი შვილის სტუმრობა დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა. მზიასაც გუშინდელივით მკაფიოდ ახსოვს ის დღე, თუმცა ცრემლების გარეშე ამ ამბის გახსენებას ვერც ახლა ახერხებს. ეს ამბავი სახელმწიფო ჩინოვნიკთა  ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. უნგრეთში საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრების წინა დღეს მზიას გამოუცხადეს, რომ მისი საბუთების გაფორმება არ ესწრებოდა. სინამდვილეში კი, იგი, როგორც „ხალხის მტრების“ შვილი, სპორტსმენთა სიიდან უცერემონიოდ ამოიღეს.

ამის შემდეგ, მზიას ეს მძიმე დამღა ყველგან და ყველაფერში თავს ახსენებდა. იგი იმარჯვებდა შეჯიბრებებში, ვარჯიშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ქვეყნის გარეთ ვერ გადიოდა. ასე გრძელდებოდა 1950 წლამდე, სტუდენტობისა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალამდე, რომელიც ბერლინში ტარდებოდა. მაშინ მზიამ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო - კრემლში განცხადებით მიმართა პირველ პირს, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების საკითხები ებარა. კრემლის კომენდანტურიდან მზია პირდაპირ თბილისისკენ გამოეშურა. შინ მას ელოდა ტელეგრამა წარწერით: „სასწრაფოდ გამოფრინდით მოსკოვში“. საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრების წევრებმა მზიას ბერლინში გამგზავრება ნამდვილ სასწაულად მიიჩნიეს.  ფესტივალიდან მზია ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

დედა საბოლოოდ 1948 წელს გაათავისუფლეს, მამის ასავალ-დასავალის შესახებ კი არაფერი ისმოდა. ვიღაცამ ყურში ისიც ჩააწვეთა, ნიკოლოზი ბანაკში ავად გახდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალაო. მზია 1998 წელს უშიშროების სამინისტროში გამოიძახეს. იქ მიღებულ ცნობაში ეწერა, რომ ნიკოლოზ ჯუღელი 1938 წელსვე დახვრიტეს...

დედის გადასახლებიდან დაბრუნებამ მზიას სიცოცხლის ხალისი შემატა. მაგრამ, 1948 წელსვე ქვეყანაში ხელახალი რეპრესიების ტალღა დაიწყო. თამარი რეაბილიტირებული არ იყო, ეს ფაქტორი კი სერიოზულ საფუძველს იძლეოდა მის ხელახლა დასაპატიმრებლად. ამიტომაც, მზიამ და თამარმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დედა თიანეთის რაიონში, მიყრუებულ ადგილას გადასულიყო საცხოვრებლად. ასეც მოხდა. ბედის ირონიით, თამარ ღამბაშიძის ათწლიანი გადასახლება ამჯერად ნებაყოფლობითი გადასახლებით შეიცვალა...  ამასობაში მზია ქართული სპორტის გამოჩენილ მოღვაწეს - არკადი არხანგელსკის გაჰყვა ცოლად. არკადი თავადაც რეპრესირებული ოჯახიდან იყო. ამ ფაქტორმა ახალგაზრდა წყვილს შეუღლებაში საკმაო პრობლემები შეუქმნა - ქორწინების ოფიციალურად გასაფორმებლად უამრავი ცნობისა და მოწმობის შეგროვება გახდა საჭირო.

1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოასპარეზე მზია ჯუღელმა ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი იყო, ვინც იმ დროს ჰერმეტულად დახურულ საბჭოეთს დასავლეთის ქვეყნებისკენ სარკმლის გაჭრაში შეუწყო ხელი. ჰელსინკის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა მსოფლიოს უმაღლეს სპორტულ ფორუმებზე. მზიამ საერთო ჯამში სამოცდაათამდე ქვეყანა მოიარა, აწ უკვე ლეგენდარულ ისტორიულ ფიგურებს - მაო ძედუნს, ჯავაჰარლალ ნერუსა და ინდირა განდის პირადადაც შეხვედრია...

„ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, აბსოლუტურად არაფერს შევცვლიდი... ცხოვრებაში აუარება ტკივილი და ცრემლი გამომივლია, მაგრამ მის შელამაზებას მაინც არ ვისურვებდი... დიახ, ცხოვრება მხოლოდ ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე განცდილი ბედნიერება არაა. ეს არის მუდმივი ბრძოლა თვითდამკვიდრებისა და გადარჩენისათვის, სადაც ბევრი რამეს მხოლოდ და მხოლოდ შენ წყვეტ“, - ამბობს მზია ჯუღელი.

პირველი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ ქალს, სსრკ რვაგზის ჩემპიონს, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულსა და პრიზიორ მზია ჯუღელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებში მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი, 1952 წლიდან სპორტის დამსახურებული ოსტატია, ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ტანმოვარჟიშე ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელია. 1992 წლიდან საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტია. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი.

2001 წელს მზის ჯუღელი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის, 2002 წელს - მეორე ხარისხის ორდენებით; 2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის სოკის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; არჩეულია ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქედ. 2006 წელს ჟენევაში ჩატარებულ ტანვარჯიშის საერთაშორისო სახეობათა 125 წლის იუბილეზე დაჯილდოვდა საპატიო მედლითა და სიგელით; სპორტსაზოგადოება „დინამოს“ იუბილეზე დაჯილდოვდა საპატიო ორდენითა და მედლით; საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ოლიმპიური ორდენით. 2011 წელს დიდი ოქროს ოლიმპიური ორდენი გადაეცა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თენგიზ გაჩეჩილაძე, პირველი ქართველი ქალი ოლიმპზე, თბილისი, 2002.
  2. თენგიზ გაჩეჩილაძე, მზია ჯუღელი, თბილისი, 2011