მარიამ ივანიშვილი-დემურია

(1860-1910)

მარიამ ივანიშვილი 1860 წლის 21 მარტს დაიბადა ქალაქ გორში. დაწყებითი განათლება ელიზბარ ერისთავის ოჯახში მიიღო. ანტონ ფურცელაძის, სოფრომ მგალობლიშვილისა და ნიკო ლომოურის დახმარებით კი თბილისის სამეანო ინსტიტუტი დაამთავრა და წლების მანძილზე დედაქალაქში, ოზურგეთსა და საჩხერეში მუშაობდა.

სულ მალე მარიამი დაუახლოვდა ეკატერინე გაბაშვილს, ანასტასია წერეთელს, კეკე მესხსა და მისი თაობის საგანმანათლებლო მოძრაობის წევრებს, გაეცნო მათ საქმიანობას. სწორედ ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში ჩართული იყო სახალხო სახლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოების მუშაობაში. მის მიერ გამართულმა „ავჭალის აუდიტორიამ“ უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი მიიზიდა.
1904 წელს მარიამმა დააარსა ჟურნალი „ნაკადული“ (გამოდიოდა 1922 წლამდე). მისი პირველი ნომერი ნოემბერში გამოვიდა: „მარიამი თავისებურად მედგრად შეუდგა ჟურნალის დაარსებას. კარი-კარ დადიოდა ქართველ მწერლებთან, კალთას აგლეჯდა და მიჰყავდა კრებებზე მოსალაპარაკებლად. საშუალებაც იშოვა. კნეინა ნინო ელიზბარის ასულმა ქობულაშვილისამ ჟურნალის გამოცემა იკისრა, ელისაბედ ერისთავმა _ რედაქტორობა. კრებები აკაკის თავმჯდომარეობით იმართებოდა. უნდა მოგახსენოთ, რომ მოსვენება არ გვქონდა მარიამისგან, მანამ არ დაარსდა ჟურნალი...“ (სოფრომ მგალობლიშვილი, „მოგონებანი“, 1916).

რამდენიმე თვეში ჟურნალს დაემატა „პედაგოგიური ფურცელი“, რომელსაც ელისაბედ ერისთავი, ნინო ზურაბიშვილი, ალექსანდრე მდივანი და ივანე მაჭავარიანი რედაქტორობდნენ.

თავად მარიამ დემურია „ნაკადულს“ 1906 წლიდან რედაქტორობდა. „ასე იტანჯებოდა და მოუსვენრად მუშაობდა ეს ქალი. ტყუილად არ ჩაუარა ყველაფერმა ამან. მარიამს გულის ავადმყოფობა დასჩემდა და 1910 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი, უეცრად გარდაიცვალა“ (გიორგი ლასხიშვილი, „მემუარები“, 1934).

დაობლებული „ნაკადულის“ თანამშრომლებს, როცა უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ თავიანთ მეგობარს, ვერც კი წარმოედგინათ, რომ ჟურნალი კიდევ გამოვიდოდა. მაგრამ სწორედ საგანმანათლებლო მოძრაობის დაუღალავი მოამაგის, მარიამ დემურიას პირადმა მაგალითმა შთააგონა ისინი, რომ ეს საქმე გაეგრძელებინათ. ამიტომ სწორედ მარიამის თანამებრძოლმა, ნინო ნაკაშიძემ, იტვირთა რედაქტორობა და 1920 წლამდე ღირსეულად გაუძღვა „ნაკადულს“.

ბიბლიოგრაფია:

1.    სოფრომ მგალობლიშვილი, მოგონებანი, ჟურნალი “ნაკადული”, თბილისი, 1919;
2.    ჟურნალი “განათლება, 1910, N3;
3.    გაზეთი “დროება”, 1918, N16;
4.    გაზეთი “სახალხო განათლება”, 1947, N 12.