ქეთევან მაღალაშვილი

ქეთევან მაღალაშვილი

Creator: გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი. All rights reserved.

(1894-1973)

ქეთევან მაღალაშვილს პირველ ქართველ ქალ პორტრეტისტად მოიხსენებენ. იგი ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის თანამედროვე და მათი ახლო მეგობარი იყო.

მხატვარი ქუთაისში 1894 წელს დაიბადა. როდესაც ქეთევანი 2 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1912 წელს ქეთევან მაღალაშვილმა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც 2 წელი სწავლობდა. მოგვიანებით, 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ფერწერის სკოლაში გააგრძელა სწავლა.

1917 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ ქეთევანმა მასალების შეგროვება დაიწყო ქართული ნაციონალური ტანსაცმლის ესკიზების შესაქმნელად გიორგი ჯაბადარის თეატრ-სტუდიისთვის. იმავდროულად მონაწილეობას იღებდა საქართველოს მხატვართა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ექსპედიციებში, სადაც ძველი ქართული ფრესკებიდან მხატვრები ასლებს იღებდნენ. 1921 წლიდან ქეთევანმა  მუშაობა დაიწყო ნაციონალური სურთების გალერეაში, გახდა ქართველ მხატვართა საზოგადოების წევრი. 1923 წელს იგი სასწავლებლად  მიუნხენში გაემგზავრა, ოდნავ მოგვიანებით კი პარიზში გადასახლდა, სადაც სამი წელი დაჰყო. პარიზში მაღალაშვილი კოლარისის კერძო აკადემიაში სწავლობდა. პარიზში ყოფნისას შექმნა ქეთევნმა თავისი პირველი სერიოზული ნამუშევრები, თუმცა მოღწეული ნახატებიდან ყველაზე ძველი იმ დროს ეკუთვნის, როცა მხატვარი მოსკოვის ფერწერის ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლობდა. მათი უმეტესობა ფანქრით შესრულებული პროტრეტები და შიშველი ნატურებია. “მე ჩემი თავი მხატვრობაში მაშინ ვიპოვე, როცა პორტრეტებზე დავიწყე მუშაობა” განაცხადა მოგვიანებით უკვე ხანდაზმულმა მხატვარმა.  ქეთევან მაღალაშვილმა თავისი ცხოვრების მანძილზე თავისი თანამედროვე, ბევრი ცნობილი ადამიანის პორტრეტი შექმნა.  საბჭოთა ხელოვნებამთმცოდნეების აზრით მხატვარი ტიპაჟთან არა მხოლოდ გარეგნულ მსგავსებას აჩვენებდა, არამედ ახერხებდა მათი შინაგანი ბუნების წარმოჩენასაც, ასევე საკუთარი ემოციური დამოკიდებულების გადმოცემას მოდელთან. გარდა ამისა, მაღალაშვილი ოსტატურად ახერხებდა  საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის  პირობებშიც კი , ეჩვენებინა თითოეული მოდელის ინდივიდუალურობა.

ქეთევან მაღალაშვილს სახელოსნო პარიზში კამპან პრემიერზე ჰქონდა ნაქირავები. ლადო გუდიაშვილი ხშირად ახსენებს ქეთევანს თავის მოგონებებში, როგორც საუკეთესო მეგობარს, ნიჭიერ კოლეგას და მას შესანიშნავ პორტრეტისტს უწოდებს. მისი თქმით ქეთევანის განსაკუთრებულობა მის უბრალოებასა და სიმართლეში იყო.   პარიზში,  კოლაროსის აკადემიაში მაღალაშვილი ელენე ახვლედინთან ერთად დადიოდა. აგრძელებდა პორტრეტებზე მუშაობას. იქ ცხოვრებამ და იმპრესიონისტებთან ნაცნობობამ მხატვრის  შემოქმედებაზე თავისი ზეგავლენა იქონია.

პორტრეტების შექმნა ქეთევან მაღალაშვილმა უახლოესი ადამიანების გარემოცვით დაიწყო. არაერთხელ დახატა თავისი კოლეგისა და უახლოესი მეგბრის, ელენე ახვლედიანის პორტრეტი. ასევე იმუშავა ცნობილი, რეპრესირებული ქართველი მხატვრის - დიმიტრი შევარდნაძის პორტრეტზე, რომელიც მისი შესრულებული ნამუშევრებიდან ერთ-ერთი შესანიშნავთაგანია. ბოლო ხანებში ცნობილი გახდა შევარდნაძისა და მაღალაშვილის სასიყვარულო ისტორიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ხალხის მტრად აღიარებული შევარდნაძის ფოტოების და წერილების უმრავლესობა სწორედ მაღალაშვილმა შემოინახა. ქეთევან მაღალაშვილზე შექმნილ საბჭოთა მონოგრაფიებში მასზე და მის ურთიერთობაზე მოგვიანებით რეაბულიტირებულ დიმიტრი შევარადნაძესთან არ საუბრობდნენ. შევარდნაძე იმ დროს ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორი იყო, მაღალაშვილი თანამშრომელი. ისინი 1919 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და როგორც მაღალაშვილი მოგვიანებით ამბობდა,  მას შემდეგ ქეთევანი მუდამ “დიმიტრის სითბოთი იყო გამთბარი.” ბოლო ხანებში აღმოჩენილმა და გამოქვეყნებულმა მიმოწერამ მაღალაშვილსა და შევარდნაძეს შორის კიდევ ერთ ლამაზ, მაგრამ ტრაგიზმით აღსავსე სასიყვარულო ისტორიას ახადა ფარდა.

1926 წელს მაღალაშვილი თბილისში დაბრუნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მისი ნახატები სხვადასხვა აგმოფენაზე იგზავნებოდა, ძირითადად მოსკოვში. 1926 წლიდან მოყოლებული 10 წლის განვალობაში  ქეთევანი ეროვნულ გალერეაში მუშაობდა რესტავრატორად, აგრძელებდა ასევე პორტრეტების ხატვას. საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეები თვლიდნენ, რომ მაღალაშვილმა პარიზში ოსტატობის ამაღლების შემდეგ კოლორიტის უფრო ღრმად გააზრება შეძლო, მეტად გამოიკვეთა მხატვრის მეტი თავისუფლება მოდელთან ურთიერთობაში.  თუმცა, მაღალაშვილს, როგორც ბევრ მის თანამედროვე, რეპრესიებს გადარჩენილ არტისტს, ხარკის გაღება უწევდა სახელმწიფოსა და მისი იდეოლგიიისადმი. ასე შექმნა მხატვრმა ტილო “სტალინი 1902 წელს”,  მოგვიანებით “სტახანოვლეთა დასვენება”, დახატა საბჭოთა მშენებლების პორტრეტები. ამ ნამუშევრების  ხელოვნურობასა და ნაძალადევობას თავად საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეები აღიარებდნენ.

მაღალაშვილის შემოქმედების შემდგომ ეტაპს 1930-იანი წლების შუა ხანებიდან 1940-იანი წლების შუა ხანებს მიიჩნევენ, რაც ახალ თემებს და ახალ სახეებს უკავშირდება. ამ პერიოდის პორტრეტები მოდელის ნატურიდან გულდასმით შესწავლის, ხასითის უფრო ღრმა და ყოველმხირვი კვლევის შედეგია. 40-იანი წლების ბოლომდე, განსაკუთრებით ომის წლებში ნახატებში მუქი ფერები ჭარბობს.

1946 წელს ქეთევან მაღალაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1950-იანი წლებიდან აქტიურად ხდებოდა მისი ნამუშევრების ექსპოზიცია საქრათველოში, რუსეთში, ასევე პოლონეთში.  მიუხედავად ამისა, მხოლოდ 1961 წელს თბილისში გაიხსნა ქეთევან მაღალაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა. იმავე წელს მხატვარს  საქართელოს  სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მეორე პეროსნალური გამოფენა 1972 წელს მოეწყო, რომელმაც მომდევნო წელს მოსკოვში გადაინაცვლა.

ქეთევან მაღალაშვილი 1973 წელს გარდაიცვალა.

მხატვარმა ბევრი თავის დროის გამოჩენილი ადამიანის პორტრეტი დატოვა. მათ შორის: შალვა დადიანის, ვერიკო ანჯაფარიძის, ტიციან ტაბიძის, მედეა ჯაფარიძის, ვასო გოძიაშვილის, სერგო ზაქარიაძის, კონსტანტინე გამსახურდიასი,  ნატო ვაჩნაძის, მოსე თოიძის, ანა კალანდაძის, ელისო ვირსალაძის, სვიატოსლავ რიხტერის, კოტე მარჯანიშვილის, ლევან გოთუასი, ივანე ჯავახიშვილის, უშანგი ჩხეიძეს,  ვაჟა-ფშაველას მეუღლის, თამარ ჩოფიკაშვილის.  

“მე უმთავრესად შემოქმედი ადამიანის ხატვა მიტაცებს. ჩემი შეხვედრა მოდელთან ყოველთვის დაძაბულია. მანამ მუშაობას შევუდგები ჩემი ხატვის ობიექტს ვიწვევ საუბარში, ჩხუბში ან რაიმე ხერხით, რომ დავიჭირო მისი სახის, ხელის თუ თვალების მოძრაობა. ამაში ვხედავ უმთავრეს აზრს. ერთი სიტყვით, ვისი დახატვაც მინდა, მას აუცილებლად კარგად უნდა ვიცნობდე. სხვადასხვა დროს სხვადასხვა შემთხვევაში ჩემს მიერ ნაპოვნია ის შტრიხები, რომლებიც გამთლიანდება ხოლმე ჩემს პორტრეტებში.. მე ყველა ხასიათის ღრმად შესწავლი შემდეგ ვჯდები სახატავად. ზოგჯერ ჩემი შემოქმედების პერსონაჟებმა არც კი იცოდნენ რომ ისინი უნდა დამეხატა” - თქვა ქეთევან მაღალაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქეთევან მაღალაშვილის სახლმუზეუმი არ არსებობს. მისი ნახატები საქართველოს  სხვადასხვა ქალაქებში სახელმწიფო  მუზემუბში, ასევე კერძო კოლექციებშია გაბნეული.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გიორგი ჯავახიშვილი, სახალხო განათლება 16 აგვისტო, 1990 წელი.
2. ლადო გუდიაშვილი,  “მოგონებების წიგნი”, ნაკადული, 1979 წელი
3. ნანა მირცხულავა “ქეთევან მაღალაშვილი”, საბჭოთა ხელოვნება, #9, 1978 წელი

 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება