ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ

Teaser Image Caption
ბარბარე ჯორჯაძე (1833-1895)

ფემინიზმი არის მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ამ მიზნის მისაღწევად ქალებს ხანგრძლივი, წინააღმდეგობრივი და საინტერესო გზის გავლა მოუხდათ. ერთი მხრივ , ისინი იაზრებდნენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, სახელმწიფოში და მეორე მხრივ - იბრძოდნენ  ჩაგვრის განმაპირობებელი კულტურული ნორმების შესაცვლელად.

საუკუნეებით გამყარებულ რწმენა-წარმოდგენებში ქალის ადგილი და  რეალიზაციის ასპარეზი ზღვარდადებული, დეტერმინირებული იყო  რეპროდუქციული ფუნქციით, შვილების აღზრდით და ოჯახურ-ნათესაური ურთიერთობებით.

კერიასთან მსხდომი ან მოფუსფუსე ქალების გონება მხოლოდ იმ ნივთებით და ადამიანებით იყო დაკავებული, რომელთაც მათი ხელები სწვდებოდა, მათი გული თანაუგრძნობდა. ფარდის უკან მდგომ მამაკაცებს ბევრი ცრემლი დაუღვრიათ და ბევრჯერ აღუწერიათ ქალების ჭირ-ვარამი, მაგრამ ეს მაინც თანაგრძნობა იყო და არა - თანადგომა. ვერავინ შეძლო „ქალის ხვედრის“ გახმოვანება მანამ, სანამ  დედები, ცოლები და ქალიშვილები თავად არ ალაპარაკდნენ, თავად არ დასვეს მანამდე  ვერდასმული კითხვები: რა ხდება იქ, სადაც ჩვენ არ ვართ და რა მოხდება , როცა ოჯახის ზღურბლს გადავაბიჯებთ და  შევალთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

ამ „გადალახვის“ და „დაეჭვების“  ისტორიას გვთავაზობს ფემინიზმი, როგორც კრიტიკული თეორია, რომელშიც არაფერია ისეთი, რაც ქალთა მოძრაობით არაა ნასაზრდოები. ქალთა განთავისუფლების სწორედ ეს „ზღვარგადასული“ ამბავი მინდა გიამბოთ,  ცოდნისა და ხმის, საკუთარი სხეულისა და მნიშვნელობის, დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლების მოპოვების ამბავი!

 

ნაწილი პირველი

განმანათლებლობა და განათლების უფლება : მერი უილსთონკრაფტი ჟან-ჟაკ რუსოს წინააღმდეგ

ქალების განათლების პრობლემატიზაციას მძლავრი ბიძგი  მისცა თავისუფლებისა და ადამიანის გონების არსის შესახებ დაწყებულმა ფილოსოფიურმა კამათმა, რომლის შედეგადაც გონებამ ღმერთი ჩაანაცვლა. 1776 წლის „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და 1789 წლის  „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“   განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს:  ყველა ადამიანი გონიერია და თავისი ცხოვრებით სწორედ გონების განვითარებისკენ უნდა ისწრაფოდეს. თუმცა, იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „ადამიანი რაციონალური“/ The Man of Reason მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არად ჩააგდეს ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციებისა და ვნებების ქმნილებები არიან და რომ მათ  ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. [1]

მერი უოლსტენკრაფტი (1759 – 1797) დაუპირისპირდა ქალის ბუნების, აზროვნების, უნარებისა და დანიშნულების შესახებ  არსებულ მოძველებულ შეხედულებებს. ნაშრომში „ქალის უფლებების დაცვა“ (1792)  ცენტრალურია აღზრდის სისტემა, რომელმაც ჟან ჟაკ რუსოს მიხედვით, ვაჟები სახელწიფო მოღვაწეებად, მოქალაქეებად უნდა მოამზადოს, ხოლო გოგონები - დედებად და ცოლებად. ავტორი საკუთარ პოზიციას  შემდეგ  არგუმენტებზე აფუძნებს: პირველი -  ქალების ნაკლებად განვითარებული აზროვნების უნარი მათი სქესის ბუნებრივი ნიშანი კი არ არის, არამედ მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალების პატივმოყვარეობის შედეგია. მათ ურჩევნიათ „დაატკბონ მამაკაცი“ საკუთარი სიკეკლუცით, სინაზით , ვიდრე - აიღონ წიგნი და  გონება ავარჯიშონ. მეორე -  გონიერება ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად ახასიათებთ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქალებს მისი განვითარების ნაკლები საშუალება და უფლება აქვთ. მესამე -  ადამიანის სათნოება/ზნეობა სქესით განპირობებული ვერ იქნება. დედის/ცოლის თავისთავადი სათნოება/ზნეობრიობა მამაკაცებმა მოიგონეს იმისთვის, რომ ქალები დაიმორჩილონ, უმანკოების საბურველით შემოსონ და  შეზღუდონ მათი ასპარეზი. მეოთხე -   ქალი, რომელმაც მხოლოდ მორჩილება იცის და არ არის თავის არჩევანში თავისუფალი, ვერ იქნება კარგი აღმზრდელი. მხოლოდ განათლებულ ქალს შეუძლია ღირსეული შთამომავლობის/კულტურის კვლავწარმოება. [2]

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მერი უოლსტენკრაფტიმ გაკვალა ბილიკი, რომელსაც თანასწორი ღირებულების აღიარებიდან თანაბარ უფლებებამდე მივყავართ. სწორედ მისმა მოღვაწეობამ და გაბატონებული ნორმების კრიტიკამ გახადა შესაძლებელი ქალების განათლება და მათი დაშვება ცოდნისა და აზროვნების სფეროებში.  საკუთარი ეპოქის კარგად მცოდნეს, ესმოდა, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის გარეშე, ქალები ვერც სახლში და ვერც საზოგადოებაში საკუთარ პოზიციებს ვერ გაიმყარებდნენ. სწორედ ცოდნის, საკუთრებისა და ქონების ფლობა იყო იმის წინა პირობა, რომ მათ საკუთარი ფუნქცია კარგად შეესრულებინათ. კულტურის მიერ ქალისთვის მინიჭებულ როლს იგი განიხილავს არა როგორც ჩაგვრისა და შევიწროების ინსტრუმენტს, არამედ - როგორც რაციონალური მოქალაქეობის ფორმას და პასუხისმგებლობას.

„... მამაკაცებმა რომ ბორკილებისგან გაგვათავისუფლონ, მონური მორჩილების ნაცვლად რაციონალურ თანამშრომლობაზე დაგვთანხმდნენ, მაშინ ისინი ჩვენში უფრო ყურადღებიან ქალიშვილებს, უფრო მოსიყვარულე დებს, უფრო ერთგულ ცოლებს, უფრო გონიერ დედებს - ერთი სიტყვით, უკეთეს მოქალაქეებს დაინახავდნენ“ [3]

მამაკაცების კეთილი ნების იმედად დარჩენილ ქალებს კიდევ მრავალი წელი მოუწიათ თვალსაწიერის და ასპარეზის გაფართოებისთვის ბრძოლა.  მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ემოციები, ვნებები, ინტუიცია, წარმოსახვა, პირადი გამოცდილება თანაბრად მნიშვნელოვანია/სასარგებლოა ოჯახსა და საზოგადოებაში. ამის პარალელურად   ქალებს თავადვე უნდა შეეტანათ ეს კატეგორიები იქ, სადაც მათ ასე გაურბოდნენ.

ქალებისთვის განათლების უფლების მინიჭებამ, როგორც ლიბერალური ფემინიზმის მონაპოვარმა, ასევე გზა გაუხსნა თანასწორობის იდეის აქტუალიზაციას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რაზეც მე-18-19-ე საუკუნის მოაზროვნეთა მრავალი წელი დაიხარჯა.

ლიბერალიზმი და ქალის უფლებები: ჯონ სტიუარტ მილის „ქალის დაქვემდებარებულობა“

განმანათლებლობის იდეამ გონებაზე დაფუძნებული საზოგადოების შესახებ, საფუძველი გამოაცალა ქალის ჩამორჩენილობას, როგორც „ბუნებრივ ნორმას“. ისტორიული წარსულის ამ ბარბაროსული რელიქტის კრიტიკას ეძღვნება  ჯონ სტიუარტ მილის ნაშრომი „ქალის დაქვემდებარებულობა“ / John Stuart Mill “The Subjection of Woman”, 1861/ . სოციალური წნეხის და ცუდი განათლების გამო ქალები მართლაც ჩამორჩებოდნენ , მაგრამ ეს მხოლოდ მათი შევიწროების, ჩაგვრის და შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო ხდებოდა.

მილი ამოდის კანონმდებლობის ანალიზიდან, სადაც სქესთა შორის უფლებრივი განსხვავებები სწორედ უთანასწორობის და სოციალური უსამართლობის გარანტიაა. მისი აზრით, უნდა გაუქმდეს ქალის მონური მდგომარეობა ქორწინებაში, უნდა დამკვიდრდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ანაზღაურებად შრომაზე, არჩევნებში მონაწილეობასა და პოლიტიკურ აქტიურობაზე.

ინგლისელი ფილოსოფოსის აზრით, ქალების აზროვნება ინტუიციური, პრაქტიკული და კონკრეტულია:

„ქალების აზროვნება იმიტომაა უაღრესად სასარგებლო, რომ იგი ნამდვილობას ანიჭებს მოაზროვნე მამაკაცების გამოგონილ აზრებს. ხოლო მამაკაცების აზროვნება სასარგებლოა იმით, რომ აფართოებს და მასშტაბურობას ანიჭებს ქალურს“.[4]

ეს შეხედულება მრავალჯერ გააკრიტიკეს ფემინისტებმა, რადგან ქალური აზროვნების ინტუიციური ბუნების აღიარებით ავტორი აგებს ინტელექტუალურ იერარქიას, სადაც მამაკაცი-გენიოსი ქალი-ასისტენტის  ნაკლებად მნიშვნელოვან უნარებს იყენებს. მილის პოზიციის ასეთი ინტერპრეტაცია არასწორი/უსამართლოა, რადგან იგი არცერთ მის ნაშრომში არ ამტკიცებდა, რომ რაციონალური აზროვნება ერთადერთი და საუკეთესოა და არც აზროვნების სხვადასხვაობას უკავშირებდა სქესთა შორის განსხვავებებს. „ლოგიკური“ და „ინტუიციური“ მასთან ურთიერთშემავსებელი ფენომენებია და არა - ურთიერთგამომრიცხავი ან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი.

ჯონ სტიუარტ მილი ქალის მენტალური, სოციალური, პოლიტიკური დაქვემდებარების საფუძველს იმაში ხედავს, რომ იგი მამისეულ და ქმრის სახლში ეკონომიკურად დამოკიდებულია მამაკაცზე. სანამ იგი თავისუფლად არ აირჩევს საქმიანობის სფეროს და ოჯახს ეკონომიკური აუცილებლობის გამო შექმნის, მანამ არაფერი შეიცვლება:

„გათხოვებისას ქალი უკვე ირჩევს  საქმიანობის სფეროს ისევე, როგორც მამაკაცი პროფესიის არჩევისას. შეიძლება ითქვას, რომ  იგი საკუთარ სიცოცხლეს  მეურნეობის გაძღოლას, ბავშვების აღზრდას უძღვნის იმდენი წლის მანძილზე, რამდენიც ამ საქმეს სჭირდება. ამასობაში ქალი უარს ამბობს არა ყველა სხვა საქმეზე, არამედ მხოლოდ ისეთზე, რომელიც მის მიერ არჩეულ საქმიანობაში დააბრკოლებს. მუდმივი, სახლის გარეთ მოღვაწეობა დაოჯახებული ქალების გეგმაში არ შედის, თუკი საამისო საჭიროება სხვებს არ გაუჩნდათ..“[5]

მილის განმარტებით, ოჯახის შექმნა ასპარეზს უხშობს ქალს, რის გამოც შეუძლებელი ხდება მისი ჩართვა ანაზღაურებად შრომისა და პოლიტიკის სფეროებში. საკუთარი შემოსავლის ქონა საკმარისია, რათა ქალმა ქმრის პატივისცემა მოიპოვოს. ეს აზრი არ შეესაბამებოდა იმდროინდელი ფემინისტების და თვით მილის მეუღლის , ჰარიეტ ტეილორის პოზიციას, რომელის იდეებმა და საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა  ფილოსოფოსის ნააზრევზე. თავის  არანაკლებ საინტერესო წიგნში „ქალთა განთავისუფლება (Harriet Taylor, “Enfranchisment of Women”, London, Virago, 1983) ჰარიეტი რადიკალურად განსხვავებულად ხედავს ქალის ეკონომიკური აქტიურების მნიშვნელობას:

„გათხოვილი ქალს შემოსავალი უნდა ჰქონდეს მაშინაც კი, როცა ეს თანხა საერთო-საოჯახოს უმნიშვნელოდ ზრდის. ამ გზით ქალი მოსამსახურის პოზიციიდან პარტნიორამდე მაღლდება..“[6]

 

ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებები : სუფრაჟისტები და მილიტანტები /ოლიმპია დე გუჟი, კრისტაბელ პანკჰერსტი

„ქალებო, გაიღვიძეთ... აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები. ბუნების ძლევამოსილი იმპერია უკვე აღარ არის გარემოცული ცრურწმენებით, ფანატიზმით, განსჯამდელი შეხედულებებითა და სიცრუით... “  - ასე მიმართავდა ოლიმპია დე გუჟი თავის თანამედროვე ქალებს, რომელთათვისაც მან „ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებათა დეკლარაცია“[7] დაწერა. ნაშრომში გაანალიზებულია  პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი , როგორც აუცილებლობა  თავისუფლების, საკუთრების უფლების, უსაფრთხოების მოსაპოვებლად და ჩაგვრისადმი წინააღმდეგობის გაწევის საშუალება.

„რესპუბლიკელ ქალთა საზოგადოება“, რომელიც ოლიმპია დე გუჟმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის იდეას მიუძღვნა, რობესპიერმა შეავიწროვა, მის ლიდერს კი 1793 წელს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. მიუხედავად ამ ტრაგიკული აღსასრულისა, დე გუჟმა უამრავი ქალი შთააგონა საიმისოდ, რომ გაერთიანებულიყვნენ სამართლიანობისა და თანასწორობის დროშის ქვეშ და საკუთარი მონაწილეობით შეეცვალათ სინამდვილე.

ხმის უფლების მოპოვებისა და თანასწორობისთვის მებრძოლნიც (suffragist) და კულტურული ნორმების წინააღმდეგ ამხედრებულნიც (suffragette) ერთნაირად დავალებულნი არიან დე გუჟის იდეებით.

კრისტაბელ პანკჰერსტი (1880 – 1958), მისი დედა - ემელინ პანკჰერსტი და დები სილვია და ადელა მებრძოლი, მილიტანტი ქალები იყვნენ. კრისტაბელის აზრით, ქალების, როგორც ჯგუფის, მორჩილება მამაკაცებისადმი საზოგადოების ყველა სხვა ასპექტის განმსაზღვრელი ფაქტორია და მამაკაცის შოვინიზმსა და ეგოიზმზეა დაფუძნებული. ეს ჩაგვრა ხორციელდება  ეკონომიკურ, პოლიტიკური, იდეოლოგიური და სექსუალური კონტროლის გზით. სწორედ ამიტომ ამ წესრიგის დეკონსტუქციისთვის საკმარისი არაა სარჩევნო ხმის მოპოვება ან პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა. საჭიროა ბრძოლა არა „ქალბატონური“ მეთოდებით, არამედ კარდინალური იერიშით ყველა, ძალაუფლების მადეზორგანიზებელი ხერხით: მსვლელობებით, დემონსტრაციებით, უწესრიგობის მოწყობით, პარლამენტისთვის მუშაობის ხელის შეშლით. მისი აზრით მხოლოდ ეს სტრატეგია შეარყევდა პატრიარქატის ჰეგემონიას და აჩვენებდა მამაკაცურ კულტურას, რომ ქალები არ არიან პასიური, დამოკიდებული არსებები, „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი, ძლიერი და ანგარიშგასაწევ ნაწილია.

პანკჰერსტის იდეა ჰქონდა, სუფრაჟისტების დღის წესრიგში შეეტანათ თანაბარ შრომაში თანაბარი ანაზღაურების და საოჯახო შრომაში, ბავშვის აღზრდაში მშობლების თანასწორი მონაწილეობის საკითხები, რაც იმდროინდელ ევროპაში და ამერიკაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. 1913 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საშინელი ბოროტება და როგორ მოვსპოთ იგი“, მან პირველმა გაანალიზა ის უსამართლობა, რომელიც პროსტიტუციის კულტურულ ლეგიტიმაციას ედო საფუძვლად: თუ ქალს არ შეუძლია გაყიდოს თავისი შრომა და გამოიმუშაოს ფული ცხოვრებისთვის, მაშინ იგი იძულებულია გაყიდოს საკუთარი სხეული დროებით, როგორც მეძავმა ან სამუდამოდ - როგორც მეუღლემ.[8]  ინდუსტრიალიზაციის ბუმის პარალელურად, აღმოჩნდა რომ მამაკაცების 75-80 % ჰონორეით, სიფილისით ოყო დაავადებული და საფრთხეს უქმნიდა ქალებს და მთელს საზოგადოებას. მამაკაცებს შეუძლიათ  ისეთივე უბიწონი იყვნენ, როგორებიც ქალები არიან, მაგრამ ისინი ამას ნებაყოფლობით არასოდეს მოისურვებენ, ამიტომ ხმის უფლება უნდა მივცეთ ქალებს, ხოლო უბიწობა - მამაკაცებს, რადგან ხმის უფლება ქალებს მეორის მიღწევის ძალას მისცემს.  ეს ერთი შეხედვით „გადაჭარბებული“ შეფასება და პოზიცია ნამდვილად შეიცავდა დამაფიქრებელ, მაპროვოცირებელ ელემენტებს საიმისოდ, რომ ზნეობისა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებში ორმაგი სტანდარტი, სექსუალურობის კონტროლი დაძლეულიყო.

კრისტაბელ პანკჰერსტისათვის მიუღებელი იყო ომი, როგორც მამაკაცური აგრესიის დემონსტრირება და მართვის არაბუნებრივი სისტემის ტრაგიკული შედეგი, მაგრამ 1914 წელს მან საკუთარ გაზეთს „Suffragette” სახელი გადაარქვა და „Britane” უწოდა. სუფრაჟისტებმა პირველებმა დაიწყეს არასამხედრო ფორმაში გამოწყობილი ინგლისელი მამაკაცებისთვის თეთრი ბუმბულის, როგორც სიმხდალის სიმბოლოს, გადაცემა. 1921 წლიდან კრისტაბელი ქრისტეს მეორედ მოსვლის პროპაგანდისტად გადაიქცა და პირვანდელ იდეებს აღარ მიბრუნებია.

სუფრაჟისტული მოძრაობის ორივე მიმართულების დამსახურებაა, რომ ქალებმა ნელ-ნელა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის, ხმის მიცემის უფლება. ეს გზა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

1869 - ამერიკის შეერთებული შტატები, ვაიომინგის შტატი

1870 - ამერიკის შეერთებული შტატები, იუტას შტატი

1894 - ახალი ზელანდია

1895-97 -ავსტრალია

1906 - ფინეთი

1913 - ნორვეგია, დანია, ისლანდია

1917 - რუსეთი

1918 - დიდი ბრიტანეთი

1919 - გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი

1920 - უნგრეთი

1922 - ირლანდია

1933 - ესპანეთი

1944 - საფრანგეთი

1946 - იტალია, იუგოსლავია

1952 - საბერძნეთი

1972 - შვეიცარია

1984 - ლიხტენშტეინი

 

მარქსიზმი, სოციალიზმი და ქალის ჩაგვრა : ავგუსტ ბებელის „ქალი და სოციალიზმი“, კლარა ცეტკინი და ალექსანდრა კოლონტაი

1878 წელს გამოქვეყნებულმა ავგუსტ ბებელის ნაშრომმა „ქალი და სოციალიზმი“ (August Bebel, “woman and Socialism”, translated D. de Leon, New York labor Press, 1904)  საფუძველი დაუდო  კამათს: რა უნდა შესთავაზოს სოციალიზმმა ქალს? ავტორი მიიჩნევს, რომ ქალის ჩაგვრა კლასობრივი საზოგადოების შედეგია. პროლეტარული რევოლუცია მას ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, საოჯახო შრომისა და ბავშვების აღზრდის გასაზოგადოებრიობას მოუტანს.

მარქსისტებისგან განსხვავებით, ბებელი მიიჩნევდა, რომ მშრომელი ქალი დაჩაგრული იყო, როგორც ქალი და ექსპლუატირებული - როგორც დასაქმებული. ოჯახს გარეთ შრომის გარდა, ქალი სასომისხდილია შინ შრომით. იგი არანაკლებ იჩაგრება სექსუალური მორალის სფეროში არსებული ორმაგი სტანდარტით, გადაადგილების დამაბრკოლებელი ტრადიციული სამოსით. აქედან გამომდინარე,  ქალებს, კლასობრივი კუთვნილების მიუხედავად, საერთო ინტერესები აქვთ და ამიტომ მათი მოძრაობა განმათავისუფლებელი ბრძოლაა და არა - მუშა ქალების უფლებრივი წინსვლა.

კლარა ცეტკინისთვის კი ქალების განთავისუფლება მხოლოდ კაპიტალიზმის განადგურებით და სოციალიზმის გამარჯვებითაა შესაძლებელი.  „ქალთა საკითხის“ აქტუალურობაში მან მრავალი გერმანელი დაარწმუნა და უკვე 1900 წლისათვის მძლავრი მოძრაობა ჩამოაყალიბა. თუმცა, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, სერიოზული უთანხმოება ჰქონდა თანაპარტიელებთან, რადგან მათგან განსხვავებით არ მიიჩნევდა, რომ სერიოზული სოციალური ტრანსფორმაცია შესაძლებელი იყო ევოლუციური გარდაქმნებისა და საპარლამენტო რეფორმების გზით.

ცეტკინის აზრით, მუშათა კლასის წარმომადგენელმა  ქალებმა და მამაკაცებმა ერთმანეთი უნდა განიხილონ, არა როგორც მჩაგვრელი და დაჩაგრული, არამედ  - როგორც ამხანაგები, რომლებიც საერთო საქმისთვის, სამართლიანობისთვის იბრძვიან. მისი მოსაზრება ხშირად უტოპიად რჩებოდა, რადგან პარტიულ მამაკაცთა უმრავლესობა ქალთა პრობლემებს ნაკლებად აქტუალურად მიიჩნევდა და ხშირად ხსნიდა დღის წესრიგიდან,   დასცინოდა და ამასხარავებდა სიტყვით გამომსვლელ ქალებს.

ქალებისთვის ყველაზე აქტუალური ქორწინების, ოჯახის და პირადი კეთილდღეობის საკითხები იყო. მათი უმრავლესობა ჩაგვრისა და შევიწროების მიზეზად  უმუშევრობას მიიჩნევდა და არა - პოლიტიკურ სისტემას. კლარა ცეტკინი ხედავდა ამას და ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ყველა სიავის სათავე შრომის კაპიტალისტური განაწილებაა.

სექსუალური მორალის საკითხებში სრულიად შოკისმომგვრელი იყო ალესანდრა კოლონტაის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ სექსი არც ცოდვაა და არც სამარცხვინო რამ, არამედ - ადამიანური ურთიერთობის უმაღლესი ფორმაა. ამასთანავე იგი სექსუალური ექსპერიმენტების მომხრე იყო, რაზეც ვლადიმერ ლენინი სიძულვილით საუბრობდა: „ცხადია, წყურვილი დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაგრამ ნუთუ ნორმალური ადამიანი ნორმალურ პირობებში გზაზე დაწვება და გუბეს წყალს დაეწაფება ან თუნდაც იმ ჭიქას, რომელსაც ათობით ტუჩის კვალი ატყვია?“ [9]

ალექსანდრა კოლონტაი ხედავდა, რომ იმ პერიოდის ქალებისათვის სექსუალური თავისუფლება ერთდროულად ნიშნავდა თავისუფლებას, თანასწორობას და დედობას. ეს არ იყო პრომისკუიტეტის მხარდაჭერა, რომელიც  მშრომელების  ჯანმრთელობას ემუქრება და სერიოზული ამოცანებისგან აცდენს.

„ამ ახალ, სულითა და ემოციებით კოლექტივისტურ საზოგადოებაში , მშრომელი და შემოქმედებითი კოლექტივის ყოველი წევრის ამხანაგურ ურთიერთობებში ეროსი საპატიო ადგილს დაიჭერს, როგორც განცდა, რომელიც ადამიანურ სიხარულს გაანაყოფიერებს და გაამრავლებს...“ [10]

ქალის  საყოველთაო ექსპლუატაციის საბჭოთა სისტემას „რაბოტნიცების“ და „კოლხოზნიცების“ შრომა სჭირდებოდა საიმისოდ, რომ განვითარებული სოციალიზმი აეშენებინა და კაპიტალისტურ სამყაროს გაჯიბრებოდა. ამიტომაც „დედობაც“ კი ქალური ეგოიზმის გამოვლინებად განიხილებოდა - სოციალისტურ საზოგადოებას ეს ეგოიზმი უნდა დაეძლია:

„ცხადია, დედობის ინსტინქტი ძლიერია და ის არ უნდა დაჩლუნგდეს. მაგრამ რატომ უნდა შემოიფარგლებოდეს ეს ინსტინქტი საკუთარ ბავშვზე ზრუნვითა და სიყვარულით? რატომ არ უნდა მივცეთ საშუალება მშრომელი კაცობრიობის ამ ღირებულ ინსტინქტს, რომ უმაღლეს სტადიამდე ამაღლდეს, როგორიცა სხვების ჩვილების მოფერება და სიყვარულია?“[11]

ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას კოლონტაი ისევე უყურებდა, როგორც პროდუქციის წარმოებას. მიუხედავად ამისა, 1917 წელს, მან მხარი დაუჭირა აბორტის ლეგალიზაციას (1936 წელს გააუქმა სტალინმა) , რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ საბჭოთა ქალების დიდ ნაწილს დედობა ნამდვილად არ მიაჩნდა მთავარ სოციალურ  დანიშნულებად.

 

ფემინიზმი და ეგზისტენციალიზმი: სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესი“

XX საუკუნის შუა წლების საფრანგეთში საერო და სასულიერო ელიტა ჯერ კიდევ პატრიარქალური წარმოდგენებით იკვებებოდა. კათოლიკეები, ანტირესპუბლიკელები, სოციალისტები   ერთსულოვნები იყვნენ იმაში, რომ ქალის ადგილი სახლშია.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტია წლების განმავლობაში ქალების უფლებებს თეორიულად არ უარყოფდა, მაინც პრუდონის ანტიქალურ პოზიციას იზიარებდა ( ქალებს მხოლოდ ორი როლი შეიძლება ჰქონდეთ: დიასახლისის ან მეძავის) და ფემინიზმს საშუალო კლასის გამოგონილ იდეად მიიჩნევდა.

სიმონ დე ბოვუარი (1908-1986) მუდამ აცხადებდა, რომ ქალობა არასოდეს უნანია: „არათუ არ განვიცდიდი იმას, რომ ქალი ვარ, პირიქით, ოცი წლის ასაკიდან მე ორივე სქესის უპირატესობებით ვსარგებლობდი“[12]

კონსერვატიული, წვრილბურჟუაზიული ოჯახისა და გარემოს საზღვრები მან  განათლების მეშვეობით დაძლია. იგი უარყოფდა ოჯახსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ, ტრადიციულად ქალურ როლებს. ყველაზე ახლო ურთიერთობა მას ფილოსოფოს ჟან-პოლ სარტრთან ჰქონდა, თუმცა მათ ოჯახად, ერთად არასოდეს უცხოვრიათ და არც ერთგულების მოთხოვნა წაუყენებიათ ერთმანეთისთვის.

1949 წელს ბოვუარმა გამოაქვეყნა ნაშრომი „მეორე სქესი“, როგორც პასუხი კითხვაზე - რას ნიშნავს იყო ქალი?   წიგნში გამოყენებულია ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური, ისტორიული, ლიტერატურული და ცხოვრებისეული მასალის მთელი სპექტრი იმის დასამტკიცებლად, რომ ქალის თავისუფლებისათვის ძირითად წინააღმდეგობას წარმოადგენს არა ბიოლოგია ან პოლიტიკური და იურიდიული შეზღუდვები და არც მისი ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ უფრო საზოგადოებაში „ქალურობის“ წარმოების პროცესი. მისმა ცნობილმა ფრაზამ „ქალად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან“ და გოგონების აღზრდის სისტემის ანალიზმა, მათთვის ადამიანური ბუნების სრული გამოვლენის შეზღუდვის გაცნობიერებამ იგი  ქალიშვილებისა და ქალების გამოცდილების შესწავლასთან მიიყვანა. ბოვუარის რეფლექსიის საგანი გახდა საზოგადოებაში აკრძალული თემები: მენსტრუაცია და სექსუალობა, რომლებსაც აკადემიური პუბლიკაციისთვის უპრეცედენტო გულახდილობით და გახსნილობით აანალიზებს.

რადიკალური ფემინისტების მსგავსად, ბოვუარმა დაინახა ცხოვრების არაპოლიტიკურ სფეროებსა და ძალაუფლების  სტრუქტურებს შორის კავშირი.

იმის განხილვის პროცესში, თუ რას ნიშნავს იყო ქალი, დე ბოვუარმა შემოგვთავაზა ქალის ფიზიოლოგიის დაწვრილებითი აღწერა. მან მენსტრუაციის, ორსულობის, ბავშვის შობის, ლაქტაციის პროცესები თანაგანცდის, აღტაცების გარეშე აღწერა და აჩვენა, რომ საკუთარ სხეულში ჩაჭედილი ქალები გვარის კვლავწარმოების მსხვერპლნი არიან.  ბიოლოგიურმა აგებულებამ აღარ უნდა განსაზღვროს საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა. სრულფასოვან ადამიანურ არსებად ქალი მხოლოდ თავისი ფიზიოლოგიის დაძლევით შეიძლება იქცეს. მამაკაცების მსგავსად, ქალები შეძლებენ დამოუკიდებელად, რაციონალურად ორგანიზებულად ცხოვრებას, როგორც კი ხელოვნური შეზღუდვებისაგან, რწმენებისა და მითების  მორჩილებისაგან გათავისუფლდებიან.

ეგზისტენციური ფილოსოფიისთვის ყოფიერების ერთადერთი რეალობა ადამიანია, რომელმაც თავისი სამყარო თავადვე უნდა აავსოს შინაარსით. თავისუფალი ნება და თავისუფლებისკენ სწრაფვა საზოგადოებრივ კანონებზე და ცრურწმენებზე ძლიერია. ამიტომაა, რომ ფრანგი ფემინისტი არასოდეს ერიდებოდა “წინააღმდეგ” წასვლას, სკეპტიკურ, დამანგრეველ, შემაჯანჯღარებელ კითხვებს, რითაც საფუძველი გამოაცალა ქალის ჩაგვრის/დამორჩილების პატრიარქალურ ინჟინერიას, “ქალურობის” მშენებლობის ინტელექტუალურ ტრადიციას. 

სიმონ დე ბოვუარის აზრით, ფროიდისეული ფსიქოანალიზი (ანატომია – ეს ბედისწერაა) და ვულგარული მარქსიზმი (ადამიანის ბედი ეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებული) ისევე , როგორც მთელი ისტორია, ქალებს თავისუფლების ასპარეზს უხშობს, აფერხებს თვითგამორკვევისა და თვითდგენის პროცესს:

„... ქალებად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიკური, თუ ეკონომიკური ხვედრი არ განსაზღვრავს იმ ხატს, რომელსაც იძენს ადამიანის მდედრი საზოგადოებაში; მარტოოდენ ცივილიზაცია აყალიბებს მთლიანობაში ამ შუალედურ წარმონაქმნს მამრსა და კასტრატს შორის.,.. “

“ქალის” კონსტრუირების აქამდე დაფარული და იგნორირებული გამოცდილება “მეორე სქესის” უმთავრესი ნაწილია: მენსტრუაცია და სექსუალური ინიციაცია, ნარცისი, შეყვარებული, მისტიკოსი და ლესბოსელი ქალი...“

“მე ვიყავი თვრამეტი წლის როცა პირველად მენსტრუაცია მომივიდა. არავითარი გაფრთხილება ჩემთვის არ მოუციათ. ღამით დამეწყო ძლიერი სისხლდენა, რომელსაც მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ახლდა. მთელი ღამე, ვერცერთი წამით ვერ მოვისვენე.. დილით გული მიცემდა; გავიქეცი დედასთან და ტირილ-ტირილით ვკითხე რჩევა. მაგრამ პასუხად მხოლოდ ეს მკაცრი შენიშვნა მივიღე: „ უნდა შეგემჩნია უფრო ადრე და ასე არ დაგესვარა თეთრეული და ლოგინი“. სულ ეს იყო ახსნა. რასაკვირველია, თავს ვიტეხდი, რათა გამეგო რა დანაშაული შეიძლებოდა ჩამედინა...”

“... ქალის ვნება,  საკუთარი უფლებების ტოტალური უარყოფაა... ქალს სურს, რომ მას დაეუფლონ... მაშასადამე, ის მოითხოვს ვიღაცას, ვინც მას დაეუფლება, ვინც თვითონ არ მიეცემა, ვინც საკუთარ მე-ს არ დაივიწყებს; პირიქით, ვისაც სურს თავისი მე სიყვარულში გაამდიდროს... ქალი მიეცემა და ამის წყალობით მამაკაცი ამაღლდება...”

“მე დავიწყე კეკლუცობა. მჭირდებოდა რაღაც „გამღიზიანებელი“. ძალიან მიყვარდა ცეკვა; ცეკვისას თვალებს ვხუჭავდი, რათა ამ სიამოვნებას სრულად მივცემოდი. . . ცეკვისას მე განვიცდიდი ერთგვარ ექსჰიბიციონიზმს, რადგანაც მგრძნობელობა ჩემში სიმორცხვეს ჯაბნიდა. პირველი წელი მგზნებარედ ვცეკვავდი. მიყვარდა ძილი და ბევრი მეძინა, ვმასტურბირებდი ყოველდღე, ხშირად მთელი საათის განმავლობაში . . . ხშირად იქამდე, რომ ოფლში ვიღვრებოდი, აღარ შემეძლო გაგრძელება და დაღლილი ვიძინებდი... ვიწვოდი და თანახმა ვიყავი ნებისმიერ მამაკაცზე, რომელიც ჩემს დამშვიდებას მოინდომებდა. მე ვეძებდი არა ინდივიდს, არამედ კაცს...”

“... რომ აღარ ვილაპარაკოთ თითქმის პათოლოგიურ შემთხვევებზე, ისინი კი ხშირია, როდესაც დედა ერთგვარი ჯალათია, რომელიც ბავშვის ჩაგვრაში იკმაყოფილებს თავის დომინირებისა და სადისტურ ინსტინქტებს, დედისთვის  ქალიშვილი ობიექტს წარმოადგენს, რომლის სახითაც ის ცდილობს განმტკიცდეს, როგორც სუვერენული სუბიექტი: დედის ეს პრეტენზიები გოგონას წინააღმდეგობისა და ამბოხისკენ უბიძგებს...”

“... როდესაც მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ურთიერთობებზე პირველად დამელაპარაკნენ, მე განვაცხადე, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც მაშინ ჩემს მშობლებსაც უნდა ჰქონოდათ ეს, მე კი მათ მეტისმეტად ვცემდი პატივს და მათ შორის ასეთ ურთიერთობას ვერ ვიჯერებდი. ვამბობდი, რომ ეს მეტისმეტი საზიზღრობაა, რათა მე როდისმე იგივე ჩავიდინო. სამწუხაროდ ძალიან მალე, როდესაც გავიგონე რას აკეთებდნენ ჩემი მშობლები, დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. ეს მომენტი აუტანელი იყო, მე დავიფარე სახეზე საბანი, დავიცე ყურები და მინდოდა ამ ადგილიდან ათასი კილომეტრით შორს ვყოფილიყავი...”[13]

ასეთმა, აქამდე  გამოუთქმელმა შინაარსებმა გამოიწვია დუმილსა და მსხვერპლშეწირვაში ჩაძირული საზოგადოების გაღიზიანება, მაგრამ ქალებისათვის სიმონ დე ბოვუარი ალტერნატივების არსებობის სიმბოლოდ იქცა და რწმენად, რომ ქალს, ყველაფრის მიუხედავად, შეუძლია საკუთარი ცხოვრებით, საკუთარ ნებაზე, საკუთარი თავისთვის ცხოვრება, თუკი პირობითობებსა და ცრურწმენებს დაუძვრება.

 

თანამედროვე რადიკალური ფემინიზმი პატრიარქატის წინააღმდეგ : პატრიარქატი, ქალის შრომა და ქალის თავისუფლება /ქეით მილეთის „სექსუალური პოლიტიკა“ და ადრიენ რიჩის „ქალად დაბადებული“/

განათლებისა და სამოქალაქო - პოლიტიკური მონაწილეობის უფლების მოპოვების შემდეგ კვლავ იწყება „ქალის“ და „ქალურობის“ კონცეფციების სიღრმისეული კვლევა, ურომლისოდაც  სამყაროს შესახებ ცოდნა არასრულყოფილი და ნაკლოვანია. ამ ნაკლის დასაძლევად ჩვენი ცოდნა უნდა გაფართოვდეს და შეივსოს ახალი, ახლადაღმოჩენილი ხედვებითა და ფაქტორებით :

1. ქალის რეპროდუქციული როლი განაპირობებს სამყაროს შესახებ ისეთ წარმოდგენებს, რომლებიც სცილდება "გამოთვლებისა" და ფორმალური ლოგიკის სფეროს;

2. ქალის გაფანტული (არალოკალიზებული) მგრძნობელობა განაპირობებს მისი ცოდნის უფ-რო მრავალფეროვან ფორმებს;

3. ქალის განსხვავებული გამოცდილება განაპირობებს განსხვავებულ ეთიკურ სისტემას (ზრუნვა, ერთგულება, პასუხისმგებლობა);

4. ბავშვების აღმზრდელის როლი განაპირობებს ქალის აზროვნების განსაკუთრებულ წესს (პაციფიზმი).

ამ პერიოდიდან დაიწყო ერთგვაროვანი, მონოლითური “სქესის” ცნების დეკონსტრუქცია და განსხვავებათა რაციონალიზაცია, რის შედეგადაც  უნივერსალური, სქესობრივად  ნეიტრალური სუბიექტი უარყვეს და აქცენტი “სუბიექტურობის” სქესობრივად დიფერენცირებულ გაგებაზე გადაიტანეს.. ამის პარალელურად დაიწყო ქალის სივრცის, ცხოვრებისა და გამოცდილების მოდელებზე რეფლექსია, რამაც ხელი შეუწყო კონსოლიდაციის ტენდენციებს და ქალთა მოძრაობის დაკარგული ავტორიტეტის აღდგენას.

განსხვავებათა თეორია, რომელსაც ხშირად „გინოცენტრულად” (Gyne-ქალი) მოიხსენებენ  პოლიტიკურ დონეზე უმეტეს შემთხვევაში  ანტიმილიტარისტული და ეკოლოგიურია.

ქეით მილეთი თავის ნაშრომში ‘სექსუალური პოლიტიკა“ (Kate Millett, Seqsual Politics”, London, Virago, 1985) აკრიტიკებს პატრიარქატს, როგორც აბსოლუტური მართვის სიტემას:

„თუკი ჩავთვლით, რომ პატრიარქალური მმართველობა არის სისტემა, სადაც მოსახლეობის ქალური ნახევარი მამაკაცური ნახევრის მიერ კონტროლდება, მაშინ პატრიარქატის პრინციპები ორმაგ ძალაუფლებას გულისხმობს: მამაკაცებისას - ქალებზე და უფროსებისას - უმცროსებზე...“[14]

პატრიარქატის მხარდაჭერა და გამაგრება ორივე სქესის ადამიანისთვის სოციალიზაციის განმავლობაში მიმდინარეობს. იგი ოჯახში , აღზრდის პროცესში იწყება და ძლიერდება განათლების პროცესით, ლიტერატურასა და რელიგიასთან ზიარებით. ქალების ნაწილის ამ გზაზე ნელ-ნელა უყალიბდება თვითგვემის, თვითუარყოფისა და არასრულფასოვნების განცდა. ქალის ამ „შინაგან კოლონიზაციას“ ემატება ეკონომიკური ექსპლუატაცია.

საზოგადოებათა უმრავლესობაში პატრიარქატი ასევე ემყარება ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას და გაუპატიურებას. ამ კონტექსტში ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა სხვა არაფერია, თუ არა - მამაკაცური ძალაუფლების გამოვლინება. ამ წარმოდგენის დასამტკიცებლად ქეით მილეთი აანალიზებს 20-ე საუკუნის ოთხი მწერლის შემოქმედებას (დევიდ ჰერბერტ ლოურენსი, ჰენრი მილერი, ნორმან მაილერი, ჟანა ჟენე) სწორედ სექსუალური ცხოვრების აღწერა-გამოხატვის კუთხით და ახდენს სექსის, როგორც უხეში სექსუალური დათრგუნვის ინსტრუმენტის  დეკონსტრუირებას.

ადრიენ რიჩის „ქალად დაბადებული“ (Adrean Rich, “Of Woman Born”, Motherhood as Experience and Institution, London, Virago, 1977) დაგვაფიქრებს პატრიარქატის კრიტიკოსთა კონტრარგუმენტებზე, რომელთაგანაც არსებითია შემდეგი პოზიციები: პირველი - პატრიარქატის შესახებ არსებული რადიკალური, ფემინისტური თეორია უფრო აღწერითია, ვიდრე - ანალიტიკური. მას არ შეუძლია მამაკაცური ძალაუფლების წარმომავლობის ახსნა და ცხადია, ამიტომაც არ აქვს მისი შეცვლის სტრატეგიები. მეორე - ანტიპატრიარალურ აზრებს მივყავართ მამაკაცის, როგორც „მტრის“ ხატამდე და ლესბოსურ სეპარატიზმამდე, რაც ქალების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მესამე - პატრიარქატის თეორია /მილეთის მიერ სახელდებული/ არ ითვალისწინებს ისტორიას და დაფუძნებულია „ცრუ უნივერსალიზმზე“, რომელიც მხოლოდ საშუალო კლასის წარმომადგენელი, თეთრკანიანი ქალების გამოცდილებას ემყარება და არაფერს ამბობს მუშა, განვითარებადი სამყაროს წარმომადგენელ და შავკანიანი ქალების  შესახებ. მეოთხე - აღწერს რა მამაკაცების მიერ მთელი ისტორიის მანძილზე ჩადენილ უმსგავსობებს, პატრიარქატის თეორია ქალებს გვიხატავს როგორც მხოლოდ პასიურ მსხვერპლებს  და არა როგორც ისტორიის თანამონაწილეებს და სამომავლო ცვლილებების აგენტებს. ადრეულ ეპოქებში ქალებს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ ძალაუფლების სისტემაში და სფეროთა ნაწილში დომინირებდნენ. ამ მატრიარქალური წესრიგის შეცვლა რევოლუციური გარდატეხა იყო და სერიოზული, მენტალური მიზეზები გააჩნდა:

“ადამიანის ცნობიერებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა მაშინ, როცა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ქალს ანაყოფიერებს არა მთვარე, გაზაფხულის წვიმა ან მიცვალებულთა სულები, არამედ - სწორედ ის, მამაკაცი და რომ ქალის მიერ მუცლით ნატარები და გაჩენილი ბავშვი, მისი შვილია, მისი უკვდავმყოფელი”[15]

ადრიენ რიჩი მიიჩნევს, რომ ქალს ჩაგრავს არა შვილოსნობის ბიოლოგიური ფაქტი, არამედ ის გარემოება, რომ დედობა იშვიათად არის თავისუფალი არჩევანის შედეგი და  „სხვების“ მიერ კონტროლდება.

„... არაფერი ისე სიღრმისეულად არ აკავშირებს ადამიანს ბუნებასთან, როგორც ქალის რეპროდუქციული სისტემა, რომლის წყალობითაც ქალი მონაწილეობს დაბადებისა და სიცოცხლის მხარდაჭერის მარადიულ პროცესში. ამით ქალი ბუნების ნამდვილი შვილია, სწორედ ამ ბუნებრივ სიმრთელეშია მისი ძლიერების წყარო“[16]

 

ნაწილი მეორე

ქალთა საკითხისა და ქალთა მოძრაობის დასავლური გამოცდილება ქართველი ქალებისთვის ხელმისაწვდომი იყო მანამ, სანამ რუსეთის იმპერიამ და ბოლშევიკურმა/კომუნისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ არ გადჭრა  ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ყველა არტერია.

XIXსაუკუნის მეორე ნახევარში ევროპული-ქართული დიალოგისა და კულტურული შეხვედრის შესაძლებლობა გაჩნდა. ამ გარემოების წყალობით ქართველებმა გაიცნეს დასავლური, პროგრესული იდეები და შეეცადნენ გაეტანათ/გაეზიარებინათ მეგობრებისთვის  საკუთარი კულტურა.

„ქალთა საკითხიც“ ერთერთი იმ იდეათაგანია, რომელსაც გულმხურვალე „მასპინძლოაბა“ გაუწიეს ქართველმა ქალებმა და დაეჭვებულნი, მაგრამ არანაკლებად დაინტერესებულნი შეეგებნენ მამაკაცები. ამ თემის ისტორიული გზის აღსაწერად და დასახასიათებლად სამ მნიშვნელოვან ქალს გამოვყოფ: ბარბარე ჯორჯაძეს, ეკატერინე გაბაშვილს და კატო მიქელაძეს. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა ზუსტად ასახავს იმ ძირითად ტენდენციებსა და ეტაპებს, რომელიც „ქალისა“ და „ქალურის“ შესახებ დისკუსიამ გაიარა საქართველოში.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდული პრესა სავსეა ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძისადმი მიძღვნილი ლექსებითა და მის შემოქმედებაზე გამოხმაურებებით. ყველა მათგანი აღფრთოვანებულია დავით ერისთავისა და ნინო ამილახვრის ასულის გამბედაობით - საჯაროდ გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ჩაერთოს მოდერნიზაციის მოძრაობაში.

მწერალი ქალი 1833 წელს დაიბადა. დედით დაობლებულს გამდელი გამოუძებნეს - დილავარდისა, რომელმაც პირველმა აზიარა იგი ცოდნის სამყაროს: სასულიერო წიგნები, ქართველთა საგმირო საქმეები, ანბანი და ცხადია -  ქალიშვილთათვის აუცილებელი ხელსაქმე.

თორმეტი წლის გაათხოვეს. 1895 წელს, გაზეთ „ივერიაში“ მარიამ დემურია იგონებს ბარბარეს მონათხრობს: „საზოგადოთ იმ დროს ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავ, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონაო. როდესაც მღვდელი ქორწინების წესს ასრულებდა, ამ დროს ეკლესიაში ღამურა შემოფრინდა. დავინახე თუ არა ღამურა, მღვდელს ვუთხარი: მღვდელო, მღვდელო, შენი ჭირიმე, გაჩუმდი, მე მგონი, ჩემი იადონი შემოფრენილა და მინდა დავიჭიროვო“.

დაიწყო ზაქარია ჯორჯასძესთან თანაცხოვრება, რომელმაც მას სამი შვილი (ნოშრევანი, მიხეილი, მანანა) და „პრიკაზში“ დაგირავებული ქონება შესძინა. რომ არა ძმის, რაფიელის, თანადგომა, ბარბარეს ძალიან გაუჭირდებოდა ოჯახური პრობლემების მოგვარება და საზოგადოებრივი ასპარეზის შენარჩუნება.

„ცისკარი“, „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „ჯეჯილი“ - აი, სად პოულობდა მწერალი ქალი თავშესაფარს და სად ეწაფებოდა იგი შემეცნების სამყაროს. „...კნ. ბარბარე ჯორჯაძისა იყო შინაურ ოჯახში აღზრდილი, მაგრამ მისი მსჯელობა გააკვირვებდა ბევრს ევროპიელს სწავლით აღჭურვილს პირს...“[17]

ბარბარე ჯორჯაძე იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და 1861 წელს, ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში, ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა: „უნივერსიტეტის დაცინებას მწამებთ“[18]

1874 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბამ გამოსცა “ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადი ცნობანი”, სადაც ბარბარე მკითხველს ქართულ-ევროპული კერძების რეცეპტებს და მომზადების წესებს აცნობდა.

90-იან წლებში „ქალთა საკითხის“ გარშემო გამართულ პოლემიკას ბარბარემ სპეციალური წერილი: „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ მიუძღვნა:

„პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ „შენ, რადგანა შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ,... სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო“. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: „მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდე, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო“. გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა ლუკმას ვერ შესჭამო, - რა იყო უფრო დაემონებინა... მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვითონ დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით,... ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი...

...ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არც დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.

საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა, და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დამცველებად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი?..

...ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუკი საქმეს არ უშველიან რასმე”[19]

1867 წელს ქუთაისის თეატრში ითამაშეს ბარბარე ჯორჯაძის პიესა: „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“, რომელიც მრავალი წელი იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

1895 წლის 11 აპრილს, როცა მწერალი ქალი ლენქორანიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, ცივგომბორთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

„ჩვენი მწერლების უიმისოდაც მცირე გუნდს გამოაკლდა კიდევ ერთი მწერალი ქალი _ კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა... ოცდაათ წელზე მეტია, რაც ის მოღვაწეობს. ბარბარე თითქმის პირველი ქალი იყო, რომელმაც აიღო კალამი ხელში და გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მან დაიწყო ჟურნალ „ცისკარში“ ლექსებისა და მოთხრობების წერა და თითქმის სიკვდილამდე კალამი არ გაუგდია ხელიდან...“[20]

1911 წელს საკუთარი სამწერლო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე ეკატერინე გაბაშვილი ასე მიესალმა მეგობრებს: „ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, მალე დავწვრილშვილდი (თერთმეტი შვილი მყავდა), ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. მე არ დაუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, - ყმობას და თავშეწირვას კერისას, - ამისათვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა... მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გაუკეთე და იქიდამ მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას, შევეცადე ორიოდე აგური მაინც დამედო იმ წმინდა საძირკველზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩაჰყარეს ჩემი ქვეყნის საუკეთესო შვილთ. ორი აგურის მომატება საზოგადო სამსხვერპლოზე დიდი რამ არ არის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ: საცა არა რაა, იქ ცოტაც ბევრად გამოჩნდებაო“[21]

დედით დაობლებული კატო გაბაშვილი გამზრდელმა დიდედა ბაბალემ და მამამ, რევაზ თარხნიშვილმა, ჯერ შარიკოვის ქვრივის საშინაო სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ - მადამ ფავრის პანსიონში.

1868 წლიდან ეკატერინე უკვე პედაგოგია: გახსნა სამრევლო სკოლები და ცდილობდა დროების კვალდაკვალ თვითგანვითარებისაკენ სწრაფვაც არ შეენელებინა. თუმცა, 1870 წელს იგი ალექსანდრე გაბაშვილს მისთხოვდა და მალევე დაწვრილშვილდა. საოჯახო ცხოვრებამ საშუალება არ მისცა სწავლა გაეგრძელებინა და მხოლოდ პატარ-პატარა კორესპონდენციებით შემოიფარგლა, რომელსაც დროდადრო აგზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში,

1870 წელს  გაზეთში „დროება“  გამოჩნდა წერილი „გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე“, სადაც ეკატერინემ აღწერა განათლებისადმი/სწავლისადმი თანასოფლელების დამოკიდებულება, გაუცნობიერებელი შიში ახალი,  მათთვის უცხო საჭიროებების მიმართ. ამ პუბლიკაციაში პირველად გაისმა ხალხოსნური, განმანათლებლური შეგონება უბრალო ადამიანების მიმართ: „განა ვერა ხედავ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლულნი ხალხი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმით და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დღიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ უპოვნია და ვერც თქვენ იპოვნით, იმიტომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა. მეორეც ესა, რომ არიან კიდევ სხვა ბევრი გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე. სწავლას ბევრი რამ შეუძლიან, შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხიდგან გამოდიან. ასე, ჩემო ნინო, სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლაში, სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის და მარტო სწავლას შეუძლიან გამოიყვანოს ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდგან, რომელშიაც აქამდისინ ყელამდინ არის ჩაფლული...“ [22]

ეს პუბლიკაცია აღმოჩნდა კარიბჭე მწერალი ქალის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ასევე ნათელი მაგალითი/მოდელი მთელი მისი შემდგომი ცხოვრებისა. ამ გზაზე ეკატერინე-მოღვაწე არასოდეს დაშორებია ეკატერინე-შემოქმედს. ეს ორი მხარე მისი არსებისა ყოველთვის ურთიერთგანმაპირობებელი და ურთიერთშემავსებელი იყო. ამიტომაც არ დარჩენილა სოციალური სინამდვილის არცერთი მხარე, რომელიც ვერ შეაფასა მისმა ნათელმა გონებამ და ვერ იგრძნო მშფოთვარე გულმა.

სოციალ-დემოკრატია და ჰუმანიზმი ეკატერინეს ნააზრევში არის არა დასწავლილი, გადმოღებული მრწამსი, არამედ - საკუთარი ბედიდან, ცხოვრებიდან გამომდინარე სულისკვეთება. ამიტომაც იგი არასოდეს ცდილობს მომეტებული გულმოდგინებით შეგვიტყუოს გმირების განცდებსა და თავგადასავალში, არამედ მარტივად, უშუალოდ მიგვიძღვის მათი სულისაკენ. მას არ სჭირდება ბუნების, გარემოს აღწერით გაგვიხსნას გზა ხდომილებებისაკენ. დიალოგი და ექსპრესიული აზრების პაექრობა – ეს არის ნაწარმოების გმირების სიყვარულით განპირობებული მცდელობა მათ მიმართ თანაგრძნობის გამოწვევისა.

ადამიანის ბედის და სოციალური უსამართლობა/უთანასწორობის გულწრფელი, ძალდაუტანებელი წვდომა განაპირობებს ეკატერინეს გმირების პალიტრაში სქესობრივ-ასაკობრივ და წოდებრივ პარიტეტს. იგი თანაბრად მგრძნობიარეა დაჩაგრული და მოტყუებული ლუარსაბის, გიგოლას, ნინიკას, პავლიკას, სოსიკას, პავლეს, გიორგის, თედოს, მაქსიმეს და ქეთოს, ნენეს, მაროს, ქუჩეს, ბაბოს, ლიზას ბედისადმი, რომელთაგანაც ზოგი მსხვერპლია, ზოგი - დამნაშავე, ზოგი - ზნედაცემული, ზოგი - ზნეობრივი, ზოგი კონსერვატორია, ზოგი – პროგრესული.

ეკატერინე გაბაშვილის პოზიციაა - იყოს საზოგადოებრივ ასპარეზზე, აქტიურად იმოქმედოს, აშკარად კონფლიქტშია იმდროინდელი ყოფის რეალიებთან. ავტობიოგრაფიულ პიესაში „ფრთებდაგლეჯილი“ აღწერილია მწერალი ქალის ცხოვრების ერთ დღე : შეურაცხყოფა, დამცირება, სასოწარკვეთა. გაზეთის რედაქტორი - აი, ქეთოს ერთადერთი გულშემატკივარი! სწორედ მას მიმართავს სანუგეშოდ: „...მე კი მგონია, ადამიანები ბოროტნი და შურიანნი რომ არ იყვნენ, შეიძლებოდა ოჯახის მოვლაც და საზოგადო საქმეც შეერთებინა დედაკაცს; აქ მხოლოდ საჭირო იქნებოდა ცოტაოდენი დათმობა, პატივისცემა...“[23]

ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში აღწერილი პრობლემა არაერთხელ გამხდარა XIX საუკუნის პერიოდიკაში გამართული პოლემიკის საგანი. ამ „პაექრობათა“ ინიციატორები ყოველთვის მამაკაცები იყვნენ. ისინი ხედავდნენ საზოგადოებაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და რატომღაც ყოველთვის ქალებს ადანაშაულებდნენ. აღშფოთებული ადრესატების პასუხებს კი არასოდეს გამოხმაურებიან. გთავაზობთ ეკატერინეს პასუხს ერთ-ერთ ასეთ შეურაცხმყოფელ პუბლიკაციაზე:

„რა იდეალი გაქვთ თქვენ (მამაკაცებს), რომ ჩვენ არ თანავუგრძნობთ? რომელ რაზმს გავუძღვეთ ან რომელს მივდიოთ? წადით თქვენ და თუ ვერ მოგყვეთ, მაშინ გვიკიჟინეთ! და თუ თქვენ თვითონ ტორტმანებთ, მაშასადამე, ორთავეს ერთად, თქვენც და ჩვენც ჯერ ჩანჩალი, უფერულობა, ძილმორეულობა გვხვდა წილად და ერთმანეთს ნურას ვსაყვედურებთ...

...დღეს თქვენ სძრახავთ დედა-კაცს რომ იმას თვალები შეძლებული საქმროს დასაჭერათა აქვს დაჭყეტილი. ეგ მართლაც საძრახისია და ზნეობით დაცემის ნიშანია, მაგრამ ის მხოლოდ მაგიერს გიხდით თქვენ! თქვენ, რომლებიც დედა-კაცის პატივს და ღირსებას მხოლოდ იმის მზითვის რაოდენობით ზომავთ“[24]

განსხვავებულობა/მრავალგვარობა ეკატერინეს აინტერესებს არა მხოლოდ ადამიანში, არამედ სოციალურ ფაქტში, ისტორიულ მოვლენაში.

ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ ეკატერინე გაბაშვილის სოციალური ან აღმზრდელობითი ხასიათის მოთხრობები, მაგრამ ვერ გავიცნოთ იგი, რადგან მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ სოციალური უსამართლობის ასახვა. ეკატერინე ცხოვრებაში ჩართული, ცვლილებების გამომწვევი და განახლების მოტრფიალე ქალია, რომელიც სწორედ ისე ხედავდა, როგორც წერდა და სწორედ ისე წერდა, როგორც გრძნობდა. იგი აბსოლუტურად თავისუფალი იყო „ლიტერატურული კეკლუცობისაგან“. იგი განსხვავებულია და შეპყრობილი თავისი იდეებით და იდეალებით.

1882 წლიდან ეკატერინე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრია, 1897-1922 წლებში ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი, 1872-1905 - ქალთა წრის დაარსების და მისი რეგიონული ფილიალების შექმნის ინიციატორი. თავისი შემოქმედებით და ცხოვრებით ცდილობდა გამოეწვია/დაერწმუნებინა მისი თანამედროვენი თანასწორობის  იდეის საჭიროებასა და აუცილებლობაში. ამიტომაც იყო, რომ თანამედროვეთაგან უამრავ ქალს აუხილა თვალი და მისცა თვითგამორკვევისა და განვითარების ბიძგი.

ეკატერინე გაბაშვილი 1938 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კატო მიქელაძე 1878 წლის 18 სექტემბერს დაიბადა სოფელ კულაშში. დედის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მამა სახლიდან წავიდა და პატარა გოგონა მოხუცი ნათლიის იმედად დარჩა. დაწყებითი განათლება მან წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიღო.

1900 წელს კატომ დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი და სამუშაოდ ცხინვალში გაემგზავრა. აქვე იგი უახლოვდება მესამედასელთა საზოგადოებას და  რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო.

1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ (მარიამ დემურიას და ნატო გაბუნიას რეკომენდაციით) კატო მოსკოვში გააგზავნა პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად, მაგრამ იქიდან 1906 წელს, სოფიო ამირეჯიბისა და ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით, ევროპაში გაემგზავრა.

ბრიუსელის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.

1916 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა კატო მიქელაძემ დაიწყო თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლა.

1917-18 წლებში მან უკვე ჩამოყალიბა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. ამავე პერიოდში იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“, სადაც კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემების მთელი პალიტრა.

“… არსებულ უსამართლობასთან საბრძოლველად საჭიროა ქალებისათვის არა მამაკაცების კუდში დევნა, არამედ თავიანთი ინდივიდუალურობის განვითარება, რომ პოულობდნენ სულიერ კმაყოფილებას თავიანთი პიროვნული სიმაღლით, რათა ორთავე სქესის აზროვნებისა და აქტიურობის განვითარებით შესაძლო იყოს იმ სიცარიელეს აღმოვსება, რომელიც ერთი სქესის გონებრივმა და სულიერმა მოქმედობამ წარმოშვა. და როდესაც ჩვენ უფლებებისათვის მებრძოლი ქალები მოვითხოვთ ეროვნულსა და მოქალაქეობრივ ყოველ უფლებას და ვებრძვით ქალთა ადამიანური უფლების მტრებს, ჩვენ ვებრძვით არა ადამიანს მამაკაცის სახით, არამედ იმ ტრადიციულ უსამართლობას, რომელიც მამაკაცთა უმრავლესობას შეუთვისებია და რომელსაც მიყავს ერის ნახევარი ნაწილი გონებრივ და სულიერ გამოფიტულობამდე. ჩვენ არ გვსურს ამ დუხჭირ მდგომარეობაში კვლავ დარჩენა და რაც არ უნდა მოხდეს, თავი უნდა განვითავისუფლოთ მისგან.

ჩვენ მოვითხოვთ სამართალს და არა შურისძიებას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირია თითეული პატიოსანი და სამართლიანი მამაკაცის გაგება და თანაგრძნობა და არა იმის ყიჟინი, ვითომ სუფრაჟისტ ქალებს მამაკაცები გვძულდეს და მათგან გათიშვას მოვითხოვდეთ, როგორც ამას გაიძახიან ანტისუფრაჟისტების ამყოლი ბრბო. სუფრაჟისტ ქალებში არსებობენ მრავალი დედები, ცოლები, შვილები და დები მამაკაცებისა, რომელთ გულშიაც ბუდობს უკეთესი გრძნობა-სურვილები უკანასკნელთადმი, მაგრამ რომელთაც ამავე დროს არ ავიწყდებათ თავიანთი ადამიანური პიროვნებაც და მოითხოვენ მისთვის შესაფერ უფლებასაც.

ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით და ვიცით აგრეთვე ფასი და მისწრაფება ჩვენი უფლების მტერთა, რომ მათმა ცილის წამებამ შეგვაკრთოს, რასთვისაც დაჟინებით მოვითხოვთ ქალთა კავშირის სიძლიერესა და სიმტკიცეს ქალთა თვით მოქმედებისა და აქტიურობის აღსადგენათ.”[25]                   

სამწუხაროდ, პირველი რესპუბლიკის პერიოდში გაზეთი დაიხურა. ბოლშევიკური ტერორის ეპოქამ კი კატო მიქელაძე და თანასწორობის ერთგული სხვა ქალთა იდეები „ისტორიის ნაგავსაყრელზე“ მოისროლა, როგორც „ბურჟუაზიული გარყვნილების“ მაგალითი.

კატო მიქელაძე განსაკუთრებულ პატივს სცემდა ეკატერინე გაბაშვილის მოღვაწეობას, მის ამაგს ქალთა ემანსიპაციისა და მათი განათლების უფლების მოპოვების საქმეში. ამიტომ ხშირად სტუმრობდა მას და ეთათბირებოდა 10-იანი წლების საქართველოში ქალთა მოძრაობის გასაფართოებლად.

30-იან წლებში კატო მიქელაძე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. იგი 1942 წელს გადაიცვალა. პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიუყვებოდა: ირინე და ნიკოლო იუშკოვები, პოეტი ანდრო თევზაძე და მარიამ გარიყული.

 

[1] Jean - Jacques Rousseau, Emile, Translated by B. Foxley, London, 1955)
[2] Mary Willstonecraft,  A Vindication of the Rights of Woman, Harmondsworth: penguin, 1978
[3] Valerie Bryson, Feminist Political Theory: An Introduction, MacMillan, UK, 1992/ სტატია ქართულად თარგმნა თამარ ცხადაძემ, ხელმისაწვდომია  წიგნში „გენდერი , კულტურა, თანამედროვეობა“, რედაქტორი ლელა გაფრინდაშვილი, თბილისი, 2007, გვ: 266 – 289).
[4] John Stuart Mill “The Subjection of Woman”, 1861, p: 148)
[5] John Stuart Mill “The Subjection of Woman”, 1861, p: 240)
[6] Harriet Taylor, “Enfranchisment of Women”, London, Virago, 1983, p: 20
[7] Olympe de Gouges, “declaration of the Rights of Women”,  edited by E. Reimar and C. Four, 1980
[8] Christabel Pankhurst, “The Great Scourge and How to and It”, adited by J. Marcus, 1987
[9] Клара Цеткин, « Из Записной Книги», Москва, 1955, стр: 48
[10] Александра Колонтай, « Дорогу Крылатому Эросу», Москва, 1923, стр: 121
[11]Александра Колонтай, « Положение Женщины в Эволюции Хозяйства», Москва, 1923, стр: 172
[12] Simone de Beauvoir, “Force of Circumstance”, Harmondsworth, Penguin, 1968, p: 199
[13] ციტატები აღებულია „მეორე სქესის“ ქართული თარგმანიდან, რომელიც განახორციელა პროფესორმა მზია ბაქრაძემ. წიგნი, ლელა გაფრინდაშვილის რედაქტორობით , მზადდება გამოსაცემად
[14] Kate Millett, Seqsual Politics”, London, Virago, 1985, p: 150
[15] Adrean Rich, “Of Woman Born”, Motherhood as Experience and Institution, London, Virago, 1977, p: 60
[16] Andree Collard , “rape of the Wild. Man’s Violence against Animals and the Earth, London, Women’s Press, p: 106
[17] ჟურნალი „კვალი“, 1895, #1718. „ცისკარი“, 1861, სექტემბერი, გვ. 55-68
[18] „ცისკარი“, 1861, სექტემბერი, გვ. 55-68
[19] ჟურნალი “კვალი”, 1893, N16
[20] „კვალი“, 1895, #17
[21] „დროება“, 1970, N1
[22] ჟურნალი „გრდემლი“, 1912
[23] „ივერია“, N209
[24] გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა”, 1918, N32
[25] ნინო ჩიხლაძე, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990